“ჯერ არ ვიცი, ჩავიბარო და მერე გეტყვით. რა უწერია, რამდენად არის დასაბუთებული, არ არის, შევაფასებთ და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას, გავასაჩივროთ, თუ არა. რაც არ მინახავს, იმას ვერ გეტყვით წინასწარ,”– განუცხდა პაატა სალიამ ნეტგაზეთს.
მისივე თქმით, დღის ბოლოს ან ხვალ ჩაიბარებენ განჩინებას, სადაც დაწერილი იქნება სამოტივაციო ნაწილი და ამის მიხედვით უფრო დეტალურად შეძლებენ პასუხის გაცემას და საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბებას:
“სააპელაციო სასამართლომ იმ ნაწილში, რომელიც არ დააკამყოფილა მოსამართლემ, გადაიგზავნება ზემდგომ სასამართლოში, და იმ ნაწილში, რომელშიც დააკმაყოფილა, ჩვენც გვექნება შესაძლებლობა, საჩივარი შევიტანოთ,”– განმარტავს სალია.
მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 5 ნოემბრის განჩინებით, რუსთავი 2–ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას უფლებამოსილება შეუჩერდათ და დროებით მმართველებად ტელეკომპანია იმედის ყოფილი დირექტორი რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დაინიშნენ. დღეს, 12 ნოემბერს კი ყარამანიშვილებისა და შპს ‘’ტელეკომპანია საქართველოს’’ წარმომადგენლების საჩივრის საფუძელზე ამავე მოსამართლემ რუსთავი 2–ის ძველ მენეჯმენტს, კახა დამენიასა და ნიკა გვარამიას უფლებამოსილებები აღუდგინა.
“დროებითმა მმართველებმა – დავით დვალმა და რევაზ საყევარიშვილმა, სასამართლოში წარმოადგინეს თავიანთი პოზიცია, რომელშიც მიუთითებდნენ, რომ მათი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგებოდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის ფაქტი, რომ დროებითი მმართველის მიერ თავისი ფუნქციის შეუსრულებლობის შემთხვევაში, იქმნება ვაკუუმი შპს ‘’სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2″-ის საქმიანობაში, რადგან წარმომადგენლობასა და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირებს შეჩერებული აქვთ უფლებამოსილება. შესაბამისად, სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ლევან ყარამანიშვილის, გიორგი ყარამანიშვილის და შპს ‘’ტელეკომპანია საქართველოს’’ წარმომადგენლების საჩივარი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის განჩინების კანონიერ ძალაში შესვლამდე უფლებამოსილება აღუდგინა საწარმოს წარმომადგენლობასა და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირებს- ყოფილ მენეჯმენტს,”–აღნიშნულია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.