”მე და დათოს გუშინ საუბარი გვქონდა საია-ს ხელმძღვანელთან ქალბატონ ანასთან. ჩვენ მას დახმარება ვთხოვეთ და ვთხოვეთ არასამთვარობო ორგანიზაციებს აქტიურად ჩაერიონ ამ პროცესში, რათა არ მოხდეს საზოგადოებრივი აზრის მაქსიმალურად გამძაფრება. ეს საკითხი ძალიან სენსიტიური და რთულია, რადგან ეხება მედიას. აქედან გამომდინარე, არასამთავრობოების პირდაპირი მოვალეობაა, რომ ჩაერიონ ამ საკითხში, რათა დაარეგულირონ მძიმე მდგომარეობა, რომელიც დღეს არსებობს ”რუსთავი 2”-თან დაკავშირებით. მან აღგვითქვა დახმარება და მზადყოფნა გამოთქვა, რომ გაფართოებულ რეჟიმში ყურადღება მიაქციონ, კონტროლზე აიყვანონ აღნიშნული სიტუაცია მას შემდეგ, რაც ჩვენ გავაკეთებთ ამ განცხადებას”, – განაცხადა ჯარჯი აქიმიძემ.
დავით დვალის განცხადებით, არასამთავრობოები ის ორგანიზაციებია, რომლებიც დაინტერესებული არიან, რომ საკითხი ზედმეტი დაძაბულობისა და კონფლიქტის გარეშე მოგვარდეს. დვალის თქმით, საია-ს გარდა სხვა არასამთავრობოებსაც შეხვდებიან.
”დარწმუნებული ვართ, რომ ეს ის ხალხია, რომელიც დაინტერესებულია, რომ უკონფლიქტოდ, მშვიდად და წყნარად განხორციელდეს ეს დავა და არ დარჩეს კითხვის ნიშნები. ჩვენ მივმართავთ შუამდგომლობის თხოვნით, რომ იქნებ მედიაცია შეასრულონ, რომ დაარეგულირონ ეს საკითხი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მიღებულია, მე არ ვარ დარწუნებული, ზალიკო რას იტყვის ამაზე იმიტომ, რომ არ მაქვს პასუხი მისი მხრიდან. ერთადერთი რამე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ მივანიჭეთ. ეს არის ჩენი კეთილი ნება, დანარჩენი ზალიკოს და ”რუსთავი 2”-ის მენეჯმენტის გადასაწყვეტია. გადასაწყვეტია ასევე, დაგვთანხმებიან თუ არა არასამთავრობოები გაგვიწიონ მედიაცია ამ საკითხის დარეგულირებაში”, – განაცხადა დავით დვალმა.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დავით დვალმა და რევაზ საყევარიშვილმა განაცხადეს, რომ ”რუსთავი 2”-ის მართვაზე მინდობილობა ზაალ უდუმაშვილს, ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილეს გადასცეს.
საქალაქო სასამართლოს 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით, არხის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასა და ფინანსურ მენეჯერს შეუჩერდათ უფლებამოსილება, ხოლო დროებით მმართველებად დაინიშნა დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი.
ხოლო 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სასამართლომ რუსთავი 2-ის 100% მიაკუთვნა ქიბარ ხალვაშს, რომელიც ამტკიცებს, რომ 2006 წელს მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის მთავრობის ზეწოლის შედეგად დაათმობინეს მისი კუთვნილი კომპანია.








