დავით დვალმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 2 დღის წინ შეხვდნენ ზაალ უდუმაშვილს და შესთავაზეს, რომ მას მიანიჭებდნენ მინდობილობას ტელევიზიის მართვაზე, რათა ტელეკომპანიას პრობლემები არ შექმნოდა მართვასთან დაკავშირებით.
დვალის თქმით, წლიური ბალანსების ჩაბარება მიდის და იმის გამო, რომ მმართველებს სასამართლომ 5 ნოემბერს უფლებამოსილება შეუჩერა, არ სურს, რომ კომპანიას შეექმნას პრობლემები.
პრესკონფერენციაზე დვალმა წარადგინა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ზაალ უდუმაშვილს შეეძლება მათი სახელით იმოქმედოს. ჟურნალისტის კითხვაზე, რა რეაქცია ჰქონდა ამ შეთავაზების შემდეგ უდუმაშვილს, დვალი ამბობს, რომ უდუმაშვილმა თქვა, ის მოიფიქრებდა, თუმცა ამის შემდეგ არ გამოხმაურებია.
დვალი ამბობს, რომ მას და რევაზ საყევარიშვილს აქვთ უფლება ცალმხრივად გაეფორმებინათ მინდობილობა და იმედოვნებს, რომ ზაალ უდუმაშვილი გამოიყენებს გადაცემულ უფლებამოსილებებს და ტელეკომპანიას პრობლემები არ შეექნება.
”არანაირი პრობლემა ”რუსთავი 2”-ს არ ექნება. მოხსნილია ეს საკითხი ჩვენი მხრიდან.”, – განაცხადა დავით დვალმა.
