ახალი ამბები

დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი დღეს საგანგებო განცხადებას გააკეთებენ

11 ნოემბერი, 2015 •
დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი დღეს საგანგებო განცხადებას გააკეთებენ

რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ 5 ნოემბრის განჩინებით რუსთავი 2–ის დროებით მმართველებად დანიშნა, რუსთავი 2–ის ახლანდელ ფაქტობრივ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას კი ამ განჩინებით უფლებამოსილება შეუჩერა. რუსთავი 2–ის წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ის მუხლები, რასაც მოსამართლე ამ განჩინების გამოტანისას დაეყრდნო. განმწესრიგებელი სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს არის ჩანიშნული.

 

მოსამართლის 5 ნოემბრის განჩინებას მოჰყვა რუსთავი 2–ის თანამშრომლებისა და ნიკა გვარამიას პრესკონფერენცია, სადაც მან აღნიშნა, რომ რუსთავი 2–ის დატოვებას არ აპირებდა. დავით დვალმა და საყევარიშვილმა კი განაცხადეს, რომ ისინი ტელეკომპანიაში ძალით შესვლას არ გეგმავდნენ.

 

6 ნოემბერს დავით დვალმა და რევაზ საყევარიშვილმა რუსთავი 2–ის ფაქტობრივ მფლობელებს, ლევან და გია ყარამანიშვილებს შესთავაზეს, რომ რადგანაც ამ ეტაპზე “რუსთავი 2″–ის გენერალურ და ფინანსურ დირექტორებს შეჩერებული ჰქონდათ უფლებამოსილება, მზად იყვნენ, ყარამანიშვილების მიერ წარმოდგენილი ნებისმიერი კანდიდატისათვის მიენიჭებინათ სრული უფლებამოსილება ტელეკომპანიის მართვის საკითხებში.

 

ყარამანიშვილებმა კი პასუხად განაცხადეს, რომ არ აპირებდნენ ხელისუფლების მიერ საქართველოს კონსტიტუციის გვერდის ავლით დანიშნული პოლიტიკური ცენზორების ლეგიტიმაციას მათთან თანამშრომლობით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე რუსთავი 2–ის წილების 100% ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. საქალაქო სასამართლოში რუსთავი 2–ის საქმის მიმდინარეობაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.


მასალების გადაბეჭდვის წესი