ახალი ამბები

უკრაინულ პორტალზე ენმ–ის ლიდერების მონაწილეობით მორიგი ჩანაწერები გამოქვეყნდა

3 ნოემბერი, 2015 •
უკრაინულ პორტალზე ენმ–ის ლიდერების მონაწილეობით მორიგი ჩანაწერები გამოქვეყნდა

აუდიოჩანაწერებში ძირითადად საუბარია საკითხზე, თუ როგორ უნდა მოახერხონ მობილიზაცია აქციის გასამართად და შეუშალონ ხელი რუსთავი 2–თან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას. 

 

ჩანაწერებში სავარაუდოდ ნუგზარ წიკლაური სააკაშვილს აცნობს ვითარებას, თუ რამდენ ადამიანს მიიყვანენ რუსთავი 2–თან. 


“2 500 კაცი ჩვენი, პლუს კობა და კიდევ ვიღაცები. 3 000 კაცამდე მოვა რუსთავი 2–თან. კარვები და რაღაცები და ყველაფერი გვაქვს. მე რასაც მეუბნებიან, აქვთ ეგეთი სცენარი, რომ ჩვენი ხალხი რომ იქნება იქ, თვითონაც მობილიზაცია გაუკეთონ თითქმის 600 კაცს, იქ მოხდეს ქლეში ამათ შორის და მერე პოლიცია… ჩვენც ჩამოგვყავს ვიღაც–ვიღაცები, ცოტა ისეთი ხალხი, 50 ადრე სპეცრაზმელი და ცოტა ისეთი ხალხი, სამეგრელოდან ჩამოგვყავს, აქ იქნებიან ჩვენთან” – ამბობს ნუგზარ წიკლაური. 

 

მომდევნო ჩანაწერში სააკაშვილი ეუბნება წიკლაურს, რომ ქვეყნის მასშტაბით მაქსიმალური მობილიზაცია გააკეთონ. წიკლაური ამბობს, რომ განაჩენის გამოცხადების წინა დღემდე საკმარისია, რომ რუსთავი 2–თან კარვებში მხოლოდ 70–დან 100 კაცამდე იყოს.

 

“თუ ეგრე თქვა იმან [მოსამართლემ], რომ რამდენიმე დღეში გამოვაცხადებო, 70–დან 100 კაცამდე, თუ ეგეც აუცილებლობა არის, რომ კარვებში ვიღაცები იყვნენ,” – ამბობს წიკლაური.

 

ჩანაწერში წიკლაური ამბობს, რომ ამის შემდეგ, მოსამართლის მიერ განაჩენის გამოცხადების წინ დაიწყებენ რეგიონებში მობილიზაციას. 

 

“იმ დღიდან, როცა ეს განაჩენს იტყვის, უნდა გამოვაცხადოო, იმის მეორე დღიდან, როდესაც დაასახელებს, იქიდან იწყება რეალურად ეს პერმანენტული აქციები იმიტომ, რომ იმის მერე უკვე ვეღარ ვსაზღვრავთ ჩვენ, აღსრულებას როდის იტყვის, შეიძლება აღსრულება არ თქვას და ჩუმად გადასცეს აღსრულება. ეს სადღაც, სავარაუდოდ, მოხდება 1 კვირის განმავლობაში. მაგ დროისათვის გვჭირდება ეს დიდი მობილიზაცია,”– აცხადებს წიკლაური. 

 

სააკაშვილი ამბობს, რომ “კონცერტი მნიშვნელოვანია” და ეკითხება, თუ როგორი განწყობაა ხალხში.

 

“500 კაცამდე ასეთ ორგანიზებულ ხალხს იმას ვიზამთ. გივი კიდევ ვიღაცებს ხვდება,”– ამბობს წიკლაური. ამის შემდეგ სავარაუდოდ სააკაშვილი გივი თარგამაძეს ელაპარაკება. ჩანაწერში ისმის, რომ გივი თარგამაძეს სააკაშვილი ეკითხება, თუ ვისი მობილიზება მოახერხა. თარგამაძე პასუხობს, რომ “საკმარისი რაოდენობით მომყავს, ზოგი გაგდებულებია, ზოგი ჩვენია”.

 

 

 

გუშინ, 2 ნოემბერს გამოქვეყნდა აუდიოჩანაწერები მიხეილ სააკაშვილსა და სოფო ნიჟარაძის, ასევე სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას შორის. ამ ჩანაწერებში სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილი ნიკა გვარამიას ეუბნება, რომ ჟურნალისტებს უნდა დაელაპარაკოს. “მაგათ აუხსენი, რომ ყველას გაყრიან” – ამბობს სააკაშვილი. კიდევ ერთ ჩანაწერში სავარაუდოდ სოფო ნიჟარაძე მიხეილ სააკაშვილს საქართველოში “სისხლისღვრაზე” ესაუბრება. ნიჟარაძე ამბობს, რომ “ჩვენები პასიურობენ და ეშინიათ”, რაზეც სააკაშვილი პასუხობს, რომ ” თავიდან ყოველთვის ასეა. ნოდარ მელაძე გახდება ფილდ-კომანდერი”.

 

გარდა ამისა, რამდენიმე დღით ადრე გამოქვეყნდა ჩანაწერები სააკაშვილსა და გიგა ბოკერიას, ასევე სააკაშვილსა და გვარამიას შორის. ბოკერიამ და გვარამიამ ჩანაწერების ავთენტურობა დაადასტურეს. ჩანაწერების მიხედვით, სააკაშვილი გვარამიას ეუბნება, რომ “უნდა წახვიდეთ რევოლუციურ სცენარზე, უნდა მოუწოდოთ ხალხს დაცვისკენ, უნდა გამაგრდეთ, ბარიკადები უნდა გააკეთოთ”. ასევე, სააკაშვილი ბოკერიასთან ამბობს, რომ სასამართლო რუსთავი 2–ის საქმეზე 22-ში მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც იმ დღესვე აღსრულდება და რუსთავი 2–ში შევლენ. სააკაშვილის განცხადებით, ეს რომ არ დაუშვან, რუსთავი 2–თან რკინის კონსტრუქციების მშენებლობა უნდა დაიწყოს. “თავისი დაცვით, გამაგრებებით, ბაევიკებით, რომ სროლის გარეშე ვერ შევიდნენ,” – ამბობს ჩანაწერში სააკაშვილი. გიგა ბოკერია კი პასუხობს, რომ “ბაევიკები” მათ არ ჰყავთ და ემზადებიან, რომ პარტიამ დააყენოს. 

 

ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკვე დაკითხვა გვარამია და ბოკერია. დღეს იკითხებიან სოფო ნიჟარაძე და სდსს-ს ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშია, რომელსაც გვარამია ასახელებს სააკაშვილთან საუბრის დროს. სუს-ი გამოძიებას აწარმოებს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით, რაც გულისხმობს სახელმწიფო გადატრიალების მიზნით შეთქმულებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი