ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი ესტონეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

2 ნოემბერი, 2015 •
ირაკლი ღარიბაშვილი ესტონეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

ესტონეთში პრემიერ-მინისტრ ტაავი რიივასთან ორმხრივი შეხვედრისა და ოქმზე ხელმოწერის ცერემონიის დასრულების შემდეგ, საქართველოსა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

 

პრესკონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მედიის თავისუფლების მხრივ პირველია რეგიონში. პრემიერ-მინისტრმა ქართულ კანონმდებლობაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, დღეს ნებისმიერ მსურველს შეუძლია 10 დღის ვადაში ტელევიზიის გახსნა. მისი განცხადებით, ხელისუფლების მთავარი მიზანია მედიათავისუფლების შენარჩუნება.

 

ღარიბაშვილის თქმით, “რუსთავი 2”-ის შესახებ არსებული დავა ეს არის დავა ორ სუბიექტს შორის, რომელშიც ხელისუფლება არ ერევა.

 

ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, ვიზების ლიბერალიზაცია ქვეყნის ევროინტეგრაციის დღის წესრიგის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია.

 

“ლიბერალური სავიზო რეჟიმის შემოღება იქნება ევროკავშირის მხრიდან საქართველოსა და მისი ევროპული არჩევნის ურყევი მხარდაჭერის ნათელი დემონსტრირება და გატარებული რეფორმების ესოდენ სასურველი რეალური შედეგი,”-აღნიშნა პრემიერმა.

 

მანვე საქართველო-ესტონეთის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებაა.

 

მთავრობის ცნობით, ესტონეთისა და საქართველოს შორის გააქტიურებულ ურთიერთობებს  და საქართველოს ევროპულ მომავალს გაუსვა ხაზი ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა. მისი თქმით, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი უნდა შეფასდეს ობიექტურად, ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებებით.

 

შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრებმა ეევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგზე, ორმხრივ ურთიერთობებზე, თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, რეგიონული უსაფრთხოების თემებზე ისაუბრეს.

 

ესტონეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესტონელ კოლეგას შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ ხელი მოაწერეს ოქმს-“საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, გამოითქვა იმედი, რომ აღნიშნული დოკუმენტის გაფორმება ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, რესურსების ეფექტიანად გამოყენებას, ინვესტიციების განხორციელებას, სამეწარმეო ინიციატივების სტიმულირებას და კერძო კაპიტალის თავისუფალ მოძრაობას.

ირაკლი ღარიბაშვილი და ტაავი რიივასი
ირაკლი ღარიბაშვილი და ტაავი რიივასი

მასალების გადაბეჭდვის წესი