როგორც ნიკა გვარამია აცხადებს, მისმა გუნდმა მომაკვდინებელი დარტყმა მიაყენა ბიძინა ივანიშვილს და ქართული დემოკრატია გადაარჩინეს.
“დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაარჩინა ქვეყანაში დემოკრატია და სრულიად დაუკარგა შინაარსი მოსყიდული ზონდერ-მოსამართლის გადაწყვეტილებას. როგორიც არ უნდა იყოს ეს გადაწყვეტილება, ბიძინა ივანიშვილის მთავარი ამოცანა, განეხორციელებინა ელვისებური რეიდერული აღება ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის, ვერ შედგა. ჩვენ გვაქვს საკმარისი დრო და სამართლებრივი რესურსები იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ კომპანიისთვბის და მანამდე უნდა ვიყოთ აქ კომპანიაში, რომელსაც ვაკეთებთ ამ ქვეყანაში ყველაზე უფრო კეთილსინდისიერად და ყველაზე უფრო ხარისხიანად. ჩვენ შევასრულეთ მთავარი ამოცანა: საქართველოს ტელემაყურებელს შევუნარჩუნეთ სიმართლის ხმა. ამიერიდან ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენზეც, იმიტომ, რომ სამართლებრივად როგორ შეგვიძლია ომი ხელისუფლებასთან, ამას უკვე ვაჩვენებთ ყველას და ეს უკვე ნახა საქართველოს ხელისუფლებამ. მიუხედავად იმისა, რომ მთელი სახელმწიფო აპარატი არის ჩვენ წინააღმდეგ, მომაკვდინებელი დარტყმა მივაყენეთ ბიძინა ივანიშვილს და გადავარჩინეთ, ჩვენი აზრით, ქართული დემოკრატია,” – განაცხადა ნიკა გვარამიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი მადლობას უხდის საკონსტიტუციო სასამართლოს და აცხადებს, რომ ეს არის ერთადერთი ფუნქციონირებადი დემოკრატიული ინსტიტუცია ქვეყანაში:
“დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, პირველ რიგში, საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც ერთადერთი ფუნქციონირებადი დემოკრატიუკლი ინსტიტუციაა ამ ქვეყანაში და რომელმაც თავის თავზე აიღო საქართველოში დემოკრატიის გადარჩენა. ასევე, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს იურისტებს, საუკეთსო იურიდიულ გუნდს ამ ქვეყანაში და, რა თქმა უნდა, ჩვენს მაყურებელს, რომელიც ყოველდღიურად და ყოველწუთიერად გვიჭერს მხარს.”
როგორც გვარამია აცხადებს, ის და მისი გუნდი ამ პროცესში ბოლომდე აპირებენ ბრძოლას.
“რაც ყველაზე მთავარია, არც ერთი წამით არ შევწყვეტთ წინააღმდეგობას. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ კომპანიას, ყველაფერს გავაკეთბთ იმისთვის, რომ არც ერთი უკანონო გადაწყვეტილება არ დარჩეს ძალაში და ტელეკომპანია “რუსთავი 2″ ეკუთვნოდეს ისევ იმ ადამიანებს, რომელიც მას კანონიერად ფლობს დღეს და, რა თქმა უნდა, მის საყვარელ ტელემაყურებელს. ყველას გილოცავთ. ჩვენი ბრძოლა ჯერ კიდევ წინ არის. სიმართლე ჩვენს მხარეს არის და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და გადავარჩენთ დემოკრატიასაც.”