კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, არაფერი მნიშვნელოვანი არ მომხდარა და არჩევნები მშვიდ ვითარებაში დაიწყო. მან დეტალებზე საუბრისაგან თავი შეიკავა. ირმა ინაშვილის წარმომადგენლების თქმით კი, მათი პროტესტის შემდეგ ადგილზე საოლქო კომისიის წარმომადგენლები მოვიდნენ, თავიდან მოხდა ბიულეტენების გადახდა და უკვე დაფიქსირდა, რომ უბანზე საჭირო რაოდენობის ბიულეტენი იყო და მას არაფერი აკლდა.
“ამ დროისთვის ყველა უბანი გახსნილია, მაგრამ გარკვეული დარღვევები იყო: მაგალითად, 36-ე უბანი, სადაც საკონტროლო ფურცელთან დაკავშირებით იყო პრობლემა და შედგა ოქმი. ეს შემდეგ ალბათ განხილული იქნება. ასეთი დარღვევა ფაქტობრივად უბნის ჩაშლის საფუძველია, ესაა შიბლიანის საარჩევნო უბანი. მე-5 საარჩევნო უბანზე ჩვენი დამკვირვებლისა და წარმომადგენლის მიერ აღმოჩენილ იქნა, რომ ბიულეტენების 13 შეკვრა იქნა შემოსული, ამის შემდეგ კომისია აფიქსირებს, რომ 12 შეკვრა იყო, შესაბამისად, 50 ბიულეტენის გაბნევას აქვს ადგილი. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ახლა ვაწარმოებთ დაკვირვებას იმ უბანზე. იორმუღალოს მე-40, 42-ე უბნებზე იყო გარკვეული პრობლემები უბნის გახსნის პროცდურებთან დაკავშირებით. ამ წუთებში ასე თუ ისე ყველა უბანი გახსნილია. ჯერჯეორბით ამომრჩევლის აქტივობა ძალიან მაღალი არ არის, რადგან დილის საათებია, შემდგომ ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები”, – უთხრა ნეტგაზეთს ირმა ინაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გოჩა თევდორაძემ.
რაც შეეხება კოალიცია “ქართული ოცნების” კანდიდატ თამარ ხიდაშელს, მისი შტაბის პოზიციაზე ნეტგაზეთს გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ესაუბრა. აგულაშვილის განმარტებით, ხიდაშელის შტაბში მას რაიმე ოფიციალური სტატუსი არ გააჩნია, თუმცა ახლა შვებულებაში იმყოფება და თანაგუნდელს ეხმარება:
“[არჩევნების] დასაწყისი გამოირჩევა ერთგვარი ნერვიული ფონით. ამ შემთხვევაშიც ეტყობა უფრო მეტად ამასთან გვაქვს საქმე, ვიდრე რაიმე არსებით დარღვევასთან. იგივე მე-5 უბანთან დაკავშირებით ჩვენც შემოგვივიდა ინფორმაცია, რომ თითქოს ბიულეტენები დაკარგული იყო. საერთოდ მსჯელობა იყო გამოძიების დაწყებაზე, რასაც ჩვენც დავეთანხმეთ, თუ ბიულეტინები იკარგება ,გამოძიება უნდა დაიწყოს. [იყო ლაპარაკი] უბნის ჩაშლაზე და ასე შემდეგ, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, როცა გადაითვალეს, რომ ბიულეტენები ადგილზეა. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ასეთი ინფორმაცია მოგვაწოდეს ჩვენმა წარმომადგენლებმა. ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. მცირეოდენ დარღვევებს ვხედავთ ჯერჯერობით. ჩვენ, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებს, გვაქვს მეტი პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები ჩატარდეს ისეთ გარემოში, რომელიც თითოეული ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას უზრუნველყოფს. ამ პროცესს ჩვენ ხელს მაქსიმალურად შევუწყობთ. აქტივობა მაღალი არ ჩანს. არც იყო მოსალოდნელი, მიუხედავად იმისა, რომ ცალეკული კვლევებით ხალხის რიგები უნდა დამდგარიყო”, – ამბობს აგულაშვილი ნეტგაზეთთან.
გიგლა აგულაშვილი საარჩევნო პროცესზე საგარეჯოში
Posted by netgazeti.ge on Friday, October 30, 2015
საგარეჯოს მაჟორიტარობისთვის კენჭს იყრიან “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” კანდიდატი ირმა ინაშვილი, “ქართული ოცნების” კანდიდატი თამარ ხიდაშელი, ასევე, სხვადასხვა საინიციატივო ჯგუფების მიერ არის წარდგენილი 3 კანდიდატი: ზურაბ ჯორბენაძე, მიხეილ ანდღულაძე და გიორგი დავითაია.
რაც შეეხება მარტვილს, აქ მაჟორიტარობისთვის 2 სუბიექტი იბრძვის: “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” კანდიდატი ეთერ მეძველია და “ქართული ოცნების” კანდიდატი სოსო დანელია.
საპარლამენტო შუალედური არჩევნების ჩატარების საფუძველი გახდა საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატის, თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრის პოსტზე სანიშვნა, ხოლო მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატი, ნაული ჯანაშია გარდაიცვალა
ცესკოს მონაცემებით, საგარეჯოს ოლქში 46 011 ამომრჩეველია რეგისტრირებული, ხოლო მარტვილში – 33 465. პარლამენტის შუალედური არჩევნები საგარეჯოს საარჩევნო ოლქში 50 საარჩევნო უბანზე ჩატარდება, ხოლო მარტვილის საარჩევნო ოლქში – 39 საარჩევნო უბანზე.