ახალი ამბები

“გირჩის” ინფორმაციით, მათი მხარდამჭერების მთაწმინდაზე გადაწერას ხელოვნურად აფერხებენ

19 აპრილი, 2019 • 1412
“გირჩის” ინფორმაციით, მათი მხარდამჭერების მთაწმინდაზე გადაწერას ხელოვნურად აფერხებენ

“გირჩის” ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მათი მხარდამჭერების მთაწმინდაზე გადაწერას ხელოვნურად აჭიანურებს.

მთაწმინდაზე “გირჩის” მაჟორიტარობის კანდიდატმა ჰერმან საბომ მიმდინარე წლის 22 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით პარტიის მხარდამჭერებს მოუწოდა, მთაწმინდაზე ჩაეწერონ, რათა პარლამენტის შეუალედურ არჩევნებში მისთვის ხმის მიცემა შეძლონ.

“გირჩის” ინფორმაციით, სერვისების განვითარების სააგენტო, რომელიც ჩვეულებრივ მაქსიმუმ 2 დღეში უზრუნველყოფს მოქალაქის ერთი მისამართიდან მეორეზე გადაწერას, ამ შემთხვევაში ხელოვნურ ბარიერებს ქმნის. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ დღეს დილით იუსტიციის სახლთან აქცია გამართა. ის სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარეს ელოდებოდა, თუმცა სოსო გიორგაძე იუსტიციის სახლის ცენტრალურ შესასვლელთან არ გამოჩენილა.

“მოგეხსენებათ, 19 მაისის შუალედური არჩევნებისთვის “გირჩმა” დააორგანიზა ჩვენი მხარდამჭერების გადმოწერა მთაწმინდაზე. ადამიანების უდიდეს ნაწილს, ასობით ადამიანს, ვინც გაიარა პროცედურა, უჯანჯლებენ გადმოწერის პროცესს. ამას აკეთებენ იმისთვის, რომ რაღაც მომენტში თქვან, რომ ვეღარ მოასწრეს ინფორმაციის გადაცემა ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის და ეს ადამიანები დატოვონ ხმის მიცემის უფლების გარეშე. მეორე ვერსიაა, რომ ეძებენ სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ახლა არ აქვთ და ვერ ექნებათ”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისი თქმით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე სოსო გიორგაძე კანონს არღვევს და ამ ფაქტს “გირჩი” უპასუხოდ არ დატოვებს.

“გიორგაძეს მინდა ვკითხო, რატომ არღვევს კანონს? მესმის, რომ წულუკიანმა დაავალა, მაგრამ მინდა, ეს თავად მითხრას”, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა სერვისების განვითარების სააგენტოსაც, სადაც გვითხრეს, რომ მოგვიანებით ექნებათ ინფორმაცია, გააკეთებენ თუ არა კომენტარს “გირჩის” ბარლდებებთან დაკავშირებით.

ამავე თემაზე:

ჰერმან საბო გირჩის მხარდამჭერებს მოუწოდებს, მთაწმინდაზე გადაეწერონ

მასალების გადაბეჭდვის წესი