კერძოდ, ორგანიზაცია აცხადებს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2010 წლის 6 მაისიდან 2012 წლის 20 სექტემბრამდე კახაბერ სონიშვილი იყო სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტში ზედამხედველი აუდიტორის თანამდებობაზე და მონაწილეობდა სსიპ – „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ჩატარებაში.
TI–ის განცხადებით, ეს ინფორმაცია ცხადყოფს კახაბერ სონიშვილის მხრიდან „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 65-ე მუხლის დარღვევას. ამ მუხლის თანახმად, განთავისუფლებულ სახელმწიფო მოსამსახურეს განთავისუფლების დღიდან 3 წლის მანძილზე ეკრძალება სამსახურში შესვლა იმ დაწესებულებაში ან საქმიანობა იმ საწარმოში, რომელსაც უკანასკნელი 3 წლის მანძილზე სისტემატურად ზედამხედველობდა სამსახურებრივად.
“სსიპ – „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ჩატარებაში მონაწილეობისას კახაბერ სონიშვილი ტელევიზიაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებდა, ხოლო მის მიერ 2013 წლის მარტში ამავე დაწესებულებაში ფინანსურ დარგში გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტის დაკავება წარმოადგენს „მბრუნავი კარის“ ნათელ მაგალითს, რაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 65-ე მუხლის დარღვევაა,”– აცხადებს TI.
TI–ის განცხადებით, ტერმინი „მბრუნავი კარი“ გულისხმობს თანამდებობის პირთა მოძრაობას კერძო და საჯარო სექტორებს, ან ზედამხედველობის განმახორციელებელ და ზედამხედველობას დაქვემდებარებულ უწყებებს შორის, რომელიც ინტერესთა შეუთავსებლობის ან კორუფციის საფრთხეს წარმოშობს. სწორედ ამ საფრთხის პრევენციას ემსახურება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 65-ე მუხლიც, რომელიც, ჩვენი აზრით, ამ შემთხვევაში დაირღვა.
TI–ის ცნობით, მათთან ინტერვიუს დროს გიორგი ბარათაშვილმა განაცხადა, რომ ფინანსების დარგში მოადგილის კანდიდატურა თავად შეარჩია:
„კახა სონიშვილი მოვიყვანე ტელევიზიაში როგორც კი დამნიშნეს, მაშინვე. ეს ადამიანი მუშაობდა კონტროლის პალატაში [სახელმწიფო აუდიტის სამსახური] და მე მას არ ვიცნობდი. დავიწყეთ მოკვლევა და ბევრი კარგი რეკომენდაციის გამო არჩევანი კახა სონიშვილზე შევაჩერეთ,“ – განმარტა TI–სთან ბარათაშვილმა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს საზოგადოებრივ მაუწყებელს, შეისწავლოს ფინანსების დარგში საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოადგილის კახაბერ სონიშვილის მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაძლო დარღვევის საკითხი, მოახდინოს სათანადო რეაგირება და დასაბუთებული პასუხი გასცეს არსებულ კითხვებზე.
TI აცხადებს, რომ კახაბერ სონიშვილის შემთხვევა კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოში კორუფციის საწინააღმდეგო საკანონმდებლო რეგულაციების პრაქტიკაში ეფექტურად აღსრულების ნაკლოვანებებზე. ორგანიზაციის განცხადებით, უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო, რომელსაც მსგავსი საკითხების შესწავლისა და მათზე რეაგირების უფლებამოსილება ექნება. ამ შინაარსის საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ პარლამენტში უკვე წარდგენილი აქვს.