ახალი ამბები

კომუნიკაციების ეროვნული კომისია ”ობიექტივს” წამების კადრების რედაქტირებისკენ მოუწოდებს

28 ოქტომბერი, 2015 •
კომუნიკაციების ეროვნული კომისია ”ობიექტივს” წამების კადრების რედაქტირებისკენ მოუწოდებს

 

23 ოქტომბერს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიმართეს განცხადებით, კომისიას რეაგირება მოეხდინა მედიაკავშირ „ობიექტივის“ სამაუწყებლო ბადეში წამების კადრების ფრანგმენტების გავრცელებისა და წამყვანის მიერ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების მიმართ  ფიზკური ანგარიშსწორების საჯაროდ მოწოდების გამო.    

არასამთავრობოების განცხადებით, 9 ოქტომბრიდან მედია-კავშირ “ობიექტივის” ეთერში ყოველდღიურად გადაიცემა სამეგრელოში აღმოჩენილი წამების კადრების ფრაგმენტები. “ძალადობის და დანაშაულის მხილება საზოგადოებრივი ინტერესის საგანია, მაგრამ მედიას შეუძლია ეს ფუნქცია აუდიტორიის გრძნობებით მანიპულირების და ადამიანის ღირსების შემლახავი კადრების პერმანენტულად და კამპანიურად გავრცელების გარეშე შეასრულოს. ამგვარი ქმედებები საზოგადოებაში შუღლის გაღვივებას და ძალადობისკენ წაქეზების პირდაპირ საფრთხეს ქმნის, რისი მხილველიც ბოლო დღეებში საზოგადოება გახდა და რამაც შეიძლება სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივებას შეუწყოს ხელი,”– აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები 

 


ეროვნული კომუნიკაციების კომისიამ 28 ოქტომბერს მედიაკავშირ „ობიექტივს” წერილობით აცნობა თავისი პოზიციის შესახებ. კერძოდ, როგორც წერილიდან ირკვევა, კომისიამ შეისწავლა 26 და 27 ოქტომბრის „ობიექტივის” ეთერი და დაადგინა, რომ 26 ოქტომბერს ძალადობის ფაქტების ამსახველი კადრების გამოყენება პროგრამაში განხორციელდა მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მოთხოვნათა დაცვით [გადაცემის კონტექსტის, სარედაქციო დასაბუთების, უხამსი ელემენტების დაფარვის, მოკლე ქრონომეტრაჟის და ა.შ. გათვალისწინებით], მაშინ, როცა 27 ოქტომბერს იმავე შინაარსის პროგრამაში გამოყენებული იყო „ახლო ხედით, დაფარვის გარეშე, ძალადობის უხამსი, ადამიანის პატივისა და ღირსების, მისი ძირითადი უფლებების შემლახავი კადრი“.  


„ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოგიწოდებთ, თქვენი სარედაქციო დამოუკიდებლობის ფარგლებში დაუყოვნებლივ უზრუნველყოთ თქვენს ეთერში 2015 წლის 27 ოქტომბერს გადაცემული წამების საწინააღმდეგო პროგრამის, ასევე მომავალში განსათავსებელი მსგავსი პროგრამების [ასეთის არსებობის შემთხვევაში] ჯეროვანი რედაქტირება და მათი „მაუწყებლის ქცევის კოდექსის” მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა. ასევე – ამავე კოდექსის შესაბამისად განთავსება სამაუწყებლო ბადეში“ – აღნიშნულია ეროვნული კომუნიკაციების კომისიის მიმართვაში. 


კომისია ასევე მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა და მაუწყებელმაც უნდა დაიცვან გამოხატვის სტანდარტი, ვინაიდან ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოსაგდებად ძალადობრივი ქმედებისაკენ მოწოდება ქმნის აშკარა საფრთხეს და წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239 მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას. 

მასალების გადაბეჭდვის წესი