უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ბადრი შონია  სასამართლო სისტემის მთავარ გამოწვევად აფასებს „მიზანმიმართულ პროპაგანდას“ და „ხელოვნურ დისკრედიტაციას“ იმის შესახებ, რომ სასამართლო ხელისუფლებას კლანი მართავს.

შონიას განცხადებით, ამ ფონზე მეორე პლანზე გადაიწია ყველა დანარჩენმა პრობლემამ, მათ შორის, საქმეთა განხილვის გაჭიანურებამ და ადამიანური რესურსის ნაკლებობამ:

„სასამართლოს ნომერ პირველი გამოწვევა მანამდე იყო საქმეთა ზრდა და მომატებული მომართვიანობა. დღეის მდგომარეობით, ჩვენი ძირითადი გამოწვევა არის სასამართლოს ხელოვნური დისკრედიტაცია. ასე ვთქვათ, უკვე წლებია მიდის მიზანმიმართული პროპაგანდა, დისკრედიტაცია, რამაც ის ყველაფერი, ჩემი აზრით, მეორე პლანზე გადაწია.

ის პრობლემაც, რომ სასამართლოში არის გაჭიანურებული განხილვები, ისიც, რომ სასამართლოში ადამიანური რესურსის ნაკლებობაა, როგორც მოსამართლეთა, ასევე აპარატის, და ამ დროს მომართვიანობა არის მომატებული.

ხალხს უნდა, მისი დავა განიხილოს სასამართლომ. ამ დროს ევროსასამართლოში მიმართვიანობა იკლებს და რაც მიდის, იმაზეც ეროვნულ სასამართლოებს ძალიან ცოტა საქმეზე უდგენს დარღვევას ევროსასამართლო. ჩემთვის ეს ამოუხსნელია. ნომერ პირველი პრობლემა, რაც უდგას სასამართლოს, არის ამ პროპაგანდასთან გამკლავება“ ,— ამბობს შონია.

მისი თქმით, სასამართლო ხელისუფლებას არ აქვს ეფექტური ბერკეტი, რომ ამ პროპაგანდას გაუმკლავდეს.

უკვე მრავალი წელია, მართლმსაჯულების სფეროზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ნაწილი სასამართლო სისტემაში გავლენიანი ჯგუფის არსებობაზე საუბრობენ, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები კლანად მოიხსენიებენ.

ამ თემაზე წაიკითხეთ: რატომ არ შეეხო ფორმალური რეფორმაც კი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს

სწორედ ამ ჯგუფთან დაკავშირებით გაჩნდა ვენეციის კომისიის დასკვნებში ჩანაწერები „კორპორატივიზმის“ პრობლემაზე. ის პირები კი, რომლებსაც აღნიშნული ორგანიზაციები ე.წ. კლანის ლიდერებად მოიხსენიებენ, ამერიკის შეერთებული შტატების სავიზო სანქციების ქვეშ არიან.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, „მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე 7031-ე მუხლის (C) ქვეპუნქტით დაექვემდებარნენ სავიზო შეზღუდვებს, მნიშვნელოვან კორუფციაში მათი მონაწილეობის გამო“.

თავად სანქცირებული მოსამართლეები აღნიშნულ ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და მცდარი ინფორმაციის საფუძველზე იქნა მიღებული.


საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს წარუდგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამი კანდიდატი. სწორედ ამდენი ვაკანტური ადგილი იქნება უზენაეს სასამართლოში წლის ბოლოს.

საქართველოს უზენაეს სასამართლოში, რომელიც ამჟამად 27 მოსამართლითაა დაკომპლექტებული, 24 მოსამართლე უვადოდაა განწესებული, სამი კი, 10-წლიანი ვადით.

ამ თემაზე წაიკითხეთ: შერჩევის შემდგომ ეტაპზე უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლე ვერ გადავიდა

ალექსანდრე წულაძემ უზენაესი სასამართლო  დატოვა განათლების მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშვნის გამო. 2024 წლის ოქტომბერში კი ორ მოსამართლეს, ნინო ბაქაქურსა და ზურაბ ძლიერიშვილს საქმიანობის ვადა ეწურებათ.

ზურაბ ძლიერიშვილს უზენაესში საქმიანობის გაგრძელების სურვილი ჰქონდა და კონკურსშიც იღებდა მონაწილეობას, თუმცა, როგორც საბჭოს დადგენილებიდან ირკვევა, კონკურსის შემდგომ ეტაპზე ვერ გადავიდა.

საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატები განსახილველად პარლამენტს უნდა წარედგინოს.