გორის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან დარბაიძემ ადგილობრივი აქტივისტის და ბიზნესმენის, იოსებ (სოსო) ბაბაევის დაკავებისას ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები უკანონოდ ცნო და ბრალდებული გაათავისუფლა.
ბრალდებული, რომელიც პოლიციამ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა, ამბობს, რომ პოლიციელებმა იარაღი ჩაუდეს და სცემეს.
ბიზნესმენისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ლევან დარბაიძემ დღეს, 6 ივნისს იმსჯელა. როგორც დაკავებულის ადვოკატი კახა კალმახელიძე „ნეტგაზეთთან“ საუბრისას განმარტავს, საგამოძიებო მოქმედებების უკანონოდ ცნობის შედეგად ბაბაევისთვის ბრალის წარდგენა შეუძლებელი გახდა და ის წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან უკვე გაათავისუფლეს.
პროფესიული საქმიანობა
ლევან დარბაიძე გორის რაიონულ სასამართლოში 2016 წლიდან საქმიანობს. 2017 წლიდან განწესებულია უვადო მოსამართლედ. ის ასევე არის გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი და კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტების პროფესორი.
მანამდე, 2014 წლიდან, ლევან დარბაიძე ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრანტი მოსამართლე იყო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, 2014 წლის იანვრიდან 2014 მაისამდე კი მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანაშემწედ.
სასამართლოში საქმიანობის დაწყებამდე, 2006-2012 წლებში, ლევან დარბაიძე იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შიდა კონტროლის სამსახურის მთავარი, შემდეგ კი- უფროსი სპეციალისტი. 2011 წელს ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.
საჯაროდ დაფიქსირებული პოზიციები
ლევან დარბაიძე ერთ-ერთია იმ მოსამართლეებს შორის, რომლებსაც წლების მანძილზე საჯაროდ დაუფიქსირებიათ სასამართლო სისტემაში არსებული გავლენიანი ჯგუფისგან განსხვავებული პოზიცია. მათ შორის, დარბაიძე იმ მოსამართლეებს შორისაცაა, რომლებმაც ვეტინგს, ანუ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების გადამოწმების მექანიზმის დანერგვას დაუჭირეს მხარი.
მისი თქმით, როდესაც მოსამართლეთა კეთილსინდისიერების გადამოწმება საქართველოს ევროპულ მომავალთან პირდაპირაა დაკავშირებული, ამის საწინააღმდეგო ვერაფერი ექნება და მზადაა, თავადაც გაიაროს ამგვარი შემოწმება, თუ საჭიროება დადგება:
„ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, ჩვენი ევროპული პერსპექტივა შეუძლებელია განხორციელდეს დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემის გარეშე. ასეთი სისტემას კი ქმნიან პროფესიონალი და კეთელსინდისიერი მოსამართლეები, რომლებიც საზოგადოების მაღალი ნდობით სარგებლობენ.
კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი ის კრიტერიუმებია, რომლებსაც მოსამართლე უნდა აკმაყოფილებდეს არა მარტო თანამდებობაზე განწესებისას, არამედ მთელი სამოსამართლო საქმიანობის განმავლობაში.
ამდენად, აღნიშნული კრიტერიუმების გადამოწმება შესაძლებელია ნებისმიერ დროს მოხდეს. საზოგადოებრივი ნდობა, ეს არის დემოკრატიული საზოგადოების მთავარი მოთხოვნა, რომელსაც მოსამართლე უნდა აკმაყოფილებდეს.
ამიტომ, მით უმეტეს, დღეს, როდესაც მოსამართლეთა კეთილსინისიერების გადამოწმება პირდაპირ დაკავშირებულია საქართველოს ევროპულ მომავალთან, რა თქმა უნდა, პირადად მე არ შეიძლება, რაიმე საწინააღმდეგო მქონდეს. მე მზად ვარ, გავიარო აღნიშნული შემოწმება, თუ ამის საჭიროება იქნება“ ,— მისწერა ლევან დარბაიძემ „ნეტგაზეთს” 2024 წლის მარტში.
გარდა ამისა, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს, მან სოციალურ ქსელში ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა და თქვა, რომ თუ ის კონსტიტუციას და სამშობლოს ვერ დაიცავს, ვერც ადამიანის უფლებების დაცვას მოახერხებს:
„თუ მე, როგორც რიგითი საქართველოს მოქალაქე, ვერ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას [78-ე მუხლი], ჩემს სამშობლოს, როგორ დავიცავ ადამიანის უფლებებს, რომელთა წინაშეც ვარ ანგარიშვალდებული?! რა თქმა უნდა, წინ, ევროპისკენ!“ – წერს ლევან დარბაიძე.
ლევან დარბაიძეს ადრეც დაუფიქსირებია სასამართლო სისტემაში არსებული გავლენიანი ჯგუფის საწინააღმდეგო პოზიცია , რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები კლანად მოიხსენიებენ [ადრესატები “კლანის” არსებობას უარყოფენ].
ის ერთ-ერთი იყო იმ 16 მოსამართლეს შორის, რომლებიც გაემიჯნნენ მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის მხრიდან ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების კრიტიკას.
საუბარია კონფერენციის 2021 წლის 4 ნოემბრის განცხადებაზე , რომელშიც “გადაჭარბებულად” არის შეფასებული ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოების კრიტიკა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის, პაატა სილაგაძის და გიორგი გოგინაშვილის არჩევის გამო.
ამავე თემაზე წაიკითხეთ: