გიორგი ვაშაძის განცხადებით, მათ მთის განვითარების სახელმწიფო კომისიის სხდომაზე დასწრება სურდათ. ვაშაძის თქმით, მასთან ერთად დასწრება სურდათ აკაკი ბობოხიძესა და ტარიელ ლონდარიძეს.
ვაშაის თქმით, ტარიელ ლონდარიძე შეუშვეს, თუმცა შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლონდარიძეს სხდომა დაატოვებინა მას შემდეგ, რაც ლონდარიძემ მოითხოვა, რომ სხდომის წესრიგში კიდევ ერთი საკითხი დაემატებინათ.
“ხელისუფლება ნაცვლად იმისა, რომ საქმეზე იყოს ორიენტირებული, საბჭომანიით და კომისიომანიით არის შეპყრობილი. რეალურად ადამიანებისთვის პრობლემას პრობლემა ემატება რაც ფაქტია და, სამწუხაროდ, ასე გრელდება”, – განაცხადა ვაშაძემ.
ვაშაძის თქმით, მათ სურდათ, რომ ყურადღება გაემახვილებინათ მაღალმთიან სოფლებში შეწყვეტილი გაზიფიცირების საკითხზე, რომელიც 2014 წლამდე უნდა დასრულებულიყო. ასევე, ინდივიდუალური გამრიცხველიანების შესახებ.
ვაშაძის თქმით, ისინი იმ მოტივით არ შეუშვეს, რომ სიაში არ იყვნენ. თუმცა, დეპუტატის თქმით, დასწრების თხოვნით რამდენიმე დღით ადრე მიმართეს ინფრასქტურტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს მიმართეს.
“ნეტგაზეთი” საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას დაუკავშირდა, თუ რატომ დაატოვებინეს ტარიელ ლონდარიეს მთავრობის ადმინისტრაცია და რატომ არ შეუშვეს დეპუტატები, სადაც განგვიცხადეს, რომ აღნიშნულ თემას მოგვიანებით გამოეხმაურებიან.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ოჯახები პირველ და მეორე ბავშვზე სახელმწიფოსგან ერთი წლის განმავლობაში, ყოველთვიური დანამატის სახით, 100 ლარს მიიღებენ; მესამე და ყოველ შემდგომ ბავშვზე – ორი წლის განმავლობაში არანაკლებ 200 ლარის დახმარებას;
მაღალმთიან სოფლებში ფიზიკური პირი თავისუფლდება საშემოსავლო და ქონების გადასახადებისგან, მეწარმე, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსით, თავისუფლდება მოგების და ქონების გადასახადებისგან; პენსიებზე ყოველთვიური დანამატი იქნება არანაკლებ 20%, სოციალური პაკეტი 20%-ით გაიზრდება, – ეს იმ შეღავათების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც კანონი „მაღალმთიანი რეგიონების შესახებ“ მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის აწესებს.
„ვაპირებთ, მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობას, ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის 50% ავუნაზღაუროთ, ასევე მთაში საჯარო სკოლის მასწავლებლების საბაზისო ხელფასები გაიზრდება 35%-ით, სპეციალური პროგრამების მონაწილე მასწავლებლებისთვის შრომის ანაზღაურება გაიზრდება არანაკლებ 50%-ით; დანამატებია გათვალისწინებული ექიმებისთვის – სახელმწიფო პენსიის ორმაგი ოდენობით, ხოლო ექთნისთვის – სახელმწიფო პენსიის ოდენობით. ჩვენ ასევე შემუშავების პროცესში გვაქვს სხვა შეღავათები, რომლებიც კანონის ამოქმედებისთანავე დაწესდება“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთის განვითარების ეროვნული საბჭოს პირველ სხდომას პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. საბჭოს წევრები – მინისტრები, დეპუტატები და მხარეების გუბერნატორები. მთავრობის ცნობით, დღის წესრიგით გათვალისწინებულ 4 საკითხს განიხილავენ.