ახალი ამბები

“ამორალური გარიგება”, “არაკეთილსინდისიერი შემძენები” – რუსთავი 2-ის საქმე

24 ოქტომბერი, 2015 • • 2850
“ამორალური გარიგება”, “არაკეთილსინდისიერი შემძენები” – რუსთავი 2-ის საქმე

“ამორალური გარიგება”

საქართველოს საპროცესო კოდექსის 54-ე მუხლით, ამორალური გარიგება ბათილია. ამორალური გარიგებას არაერთი სამართლებრივი განმარტება აქვს. სასამართლოში ხალვაშის წარმომადგენლების განმარტებით, ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ გარიგებით განსაზღვრულ ქონებასა და სამაგიეროდ მისაღებ თანხას შორის არაადეკვატური ურთიერთშეფარდება არსებობს, რადგან ხალვაშს [ასევე მის კომპანია “პანორამას”] რუსთავი 2-ის წილების 100%, ჯამში, 268 997 დოლარად დაათმობინეს მაშინ, როცა მათ ხელთ არსებული სასაქონლო ექსპრტიზის დასკვნით ქონება 7 მილიონზე მეტი ღირდა. ამასთან, ხალვაშის მხარის ცნობით, ბიზნესმენს არც ზემოხსენებული 268 997$ მიუღია. ხალვაში ფიქრობს, რომ მყიდველებმა: შპს “საქცემენტმა” [ამჟამინდელი ჰაიდელბერგცემენტი], რომელსაც წილის 22% პროცენტი გადაეცა და შპს “გეო-ტრანსმა” [წილის 78%] მისი მძიმე მდგომარეობით ისარგებლეს და მათ დასაძრახი მოტივაცია ამოძრავებდათ. რაც შეეხება შემდგომ მყიდველებს, რომლებიც რუსთავი 2-ის წილებს იძენდნენ, მათ შორის ახლანდელ მფლობელებს, ხალვაში მათ არაკეთილსინდისიერ შემძენობაში ადანაშაულებს და ქონების მისთვის დაბრუნებას მოითხოვს.

 

შპს გეო-ტრანსის წარმომადგენელი,  რომელიც ქიბარ ხალვაშის სარჩელზე ერთ-ერთი მოპასუხეა, რუსთავი 2-ის საქმეზე მიმდინარე საქმის განხილვებს საერთოდ არ ესწრება, რაც ხალვაშის ადვოკატის პაატა სალიასთვის იმის თქმის საფუძველია, რომ მის ნაწილში ხალვაშის მოთხოვნა აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო რაც შეეხება ყოფილ “საქცემენტს” [ამჟამინდელი ჰაიდელბერგცემენტი], რომლის უკანაც მაშინ, სალიას ინფორმაციით, დავით ბეჟუაშვილი იდგა, ნეტგაზეთმა მისი წარმომადგენელისთვის შეკითხვების დასმა მოახერხა: გადაუხადა თუ არა რეალურად კომპანიამ ხალვაშს კუთვნილი თანხა 73 330 დოლარი რუსთავი 2-ის 22 პროცენტისთვის? ადვოკატი დავით ღვედაშვილი ამბობს, რომ მას ეს ინფორმაცია არ აქვს. მიუხედავად ამ ინფორმაციის არქონისა, ღვედაშვილი მაინც ფიქრობს, რომ საქმე ამორალურ გარიგებასთან არ გვქონია, მისი არგუმენტები ასეთია:

 

“იმ დღეს, როდესაც [რუსთავი 2-ის წილის] 22 პროცენტი “საქცემენტზე” გადაფორმდა, [“საქცემენტის” კუთვნილებაში არსებული ტელეკომპანია] “მზის” წილის საკონტროლო პაკეტი ხალვაშზე გადავიდა. ასე რომ, იძულება ან რაიმე ამორალური ქმედება  ხალვაშის მიმართ არ ყოფილა, რადგან ის თავისუფლად როგორც ყიდდა, ისე ყიდულობდა წილებს. [თანხის გადაცემასთან დაკავშირებით] მაგაზე ვერ გიპასუხებთ… მე ვფიქრობ, რომ არც “საქცემენტს” მიუღია “მზის” [წილის სანაცვლოდ] თანხა და არც მას [ხალვაშს], თითქოს ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ გაცვლას ჰქონდა ადგილი”, – ამბობს ღვედაშვილი. ადვოკატი კიდევ ერთ გარემოებას უსვამს ხაზს, რაც მისი თქმით “ძალიან საინტერესოა”. ღვედაშვილის ინფორმაციით, ქიბარ ხალვაშმა 2004 წელს ტელეკომპანიის წილები დაახლოებით იმ თანხად იყიდა, რა ფასადაც შემდგომში გაყიდა საქცემენტსა და გეო-ტრანსზე.

 

“ის თუ ამბობს, რომ წილები 7 მილიონის ღირბეულების  იყო, თვითონ როცა იყიდა, მაშინ რატომ არ გადაიხადა ეს 7 მილიონი… ესეც ამორალური გამოდის. თუ საბაზრო ფასზე აკეთებს აპელირებას და ექსპერტის დასკვნა მოიტანა, მე მგონია, რომ უფრო სწორი იქნება იქიდან გამომდინარე შევაფასოთ, მან რამდენად იყიდა და რამდენად გაყიდა. ეს უფრო რეალური საბაზრო ფასი გამოდის და არა არეალური მსჯელობა”, – ამბობს ადვოკატი.


რუსთავი 2
რუსთავი 2

აქიმიძე და დვალი

ქიბარ ხალვაშმა ფინანსური პრობლემების წინაშე მდგარი რუსთავი 2 2004 წელს იყიდა. იმ პერიოდში კომპანიის წილები ასე ნაწილდებოდა: დავით დვალი – 30%, ჯარჯი აქიმიძე – 30%, ეროსი კიწმარიშვილი – 30%, ნიკა ტაბატაძე – 10%.

 

ოფიციალური მონაცემებით, 2004 წელს ჯარჯი აქიმიძემ და დავით დვალმა თავისი 30-30 პროცენტი მანამდე მათთვის უცნობ პაატა კარსანიძეს გადაუფორმეს, რომელმაც იმავე დღეს ეს 60 %  ქიბარ ხალვაშს მიჰყიდა. პაატა სალია ნეტგაზეთთან საუბარში ადასტურებს, რომ ხალვაშის მიერ ზემოხსენებული 60 %-ის შესაძენად გადახდილი თანხა 300 000 დოლარს არ აღემატებოდა, თუმცა იგი აცხადებს, რომ ამავე 60 პროცენტის შესყიდვის ფარგლეში ხალვაშმა აქიმიძისა და დვალის ფინანსური ვალდებულების დაფარვა იკისრა, რომელიც 1 200 000 დოლარს შეადგენდა. ეს ინფორმაცია დადასტურებული აქვს ჯარჯი აქიმიძესაც თავის დროზე for.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში: “კრედიტის გარანტორი იყო „ჯორჯიან ონლაინი“, რომლის დამფუძნებლებიც მე და დავით დვალი ვიყავით და ჩვენი პირადი ქონება. ბოლოს, გვითხრეს, თუ არ წამოხვალთ მოლაპარაკებაზე, დაგტოვებთ საცვლების ამარაო და მართლაც ასე მოხდებოდა. მილიონ ორასი ათასიანი კრედიტის დაფარვის შედეგად „ჯორჯიან ონლაინიც“ და ჩვენი ქონებაც უნდა გაყიდულიყო”.

 

ეროსი კიწმარიშვილი

პაატა სალია ნეტგაზეთთან ასევე ადასტურებს, რომ ეროსი კიწმარიშვილისთვის მის კუთვნილ 30 პროცენტში ოფიციალურად მხოლოდ 50 ათასია გადახდილი, თუმცა სალიას თქმით, მას ხალვაშისგან აქვს ინფორმაცია, რომ ამ უკანასკნელმა კიწმარიშვილს 6 მილიონი დოლარიც გადაუხადა, რაც რუსთავი 2-ის წილის თემაში უნდა მოვიაზროთ”.

 

აქვს თუ არა 6 მილიონი კიწმარიშვილს ხალვაშისგან მიღებული? – ეროსი კიწმარიშვილის ძმა, ზურა კიწმარიშვილი, ნეტგაზეთთან ვერ იხსენებს, რომ მის ძმას ამ თანხის მიღებაზე რაიმე ეთქვას. “პირადად მე ეს თანხა არ მინახავს და არც გამიგია. იმისთვის, რომ დაზუსტებით მოიპოვოთ ინფორმაცია, უნდა მიიღოთ დოკუმენტი. ის ხალხი, ვინც ამას ამტკიცებს, ასეთი დოკუმენტით უნდა იყოს აღჭურვილი. მხოლოდ სიტყვები ნაკლებად დამაჯერებელი იქნება.”

 

ადვოკატი გოჩა სვანიძე, რომელიც 2009 წელს კიწმარიშვილის ინტერესების დამცველი იყო, “ნეტგაზეთთან”  საუბარში აცხადებს, რომ კიწმარიშვილს 6 მილიონი არ მიუღია. მეტიც, ეროსი კიწმარიშვილმა 2009 წელს ქიბარ ხალვაშს სასამართლოში უჩივლა. იგი ამტკიცებდა, რომ მისი სიტყვებით “არის გადაგდებული” და არც ის 50 ათასი მიუღია, რომელიც ხელშეკრულებით ეკუთვნოდა. ეროსი კიწმარიშვილი, როგორც თვითონ ამბობდა, სასამართლოს გზით ასევე წილების დაბრუნებას ითხოვდა ხალვაშის კომპანია პანორამასთან დავის ფარგლებში, თუმცა სასამართლომ უთხრა [2009], რომ მისი სარჩელი უკვე ხანდაზმული იყო, ხოლო “გადაგდების მომენტი” სასამართლომაც დაადასტურა. როგორ განვითარდა მოვლენები კიწმარიშვილსა და ხალვაშს შორის 2009 წლის სასამართლო დავის შემდეგ, უცნობია. კიწმარიშვილმა ხალვაშის წინააღმდეგ 2009 წლის აპრილში  იჩივლა, ხოლო დეკემბერში აცხადებდა, რომ სწორედ ხალვაშისგან 45 ათასი დოლარი ისესხა და ეს თანხა ტელეკომპანია “მაესტროსთვის” უნდა მოეხმარა, თუმცა თანხის გადამტანი კურიერი მის სახლთან უცნობმა პირებმა დააყაჩაღეს.

 

ნეტგაზეთის კითხვას, არსებობს თუ არა იმის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ ხალვაშმა კიწმარიშვილს 6 მილიონი გადასცა, პაატა სალია პასუხობს არას.  “ჩვენ ვამბობთ, რომ 6 მილიონი დოლარი არის გადახდილი ხალვაშის მიერ ეროსი კიწმარიშვილისთვის. თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს, დააყენოს ეს, კი ბატონო”.

 

რაც შეეხება იმას, თუ რატომ მისცა ხალვაშმა წილის მხოლოდ 30%-ში კიწმარიშვილს 6 მილიონი, მაშინ, როცა დარჩენილი წილი ბევრად ნაკლები დაუჯდა, სალია ამბობს, რომ ამ საკითხებზე თვითონ ხალვაშმა უნდა ისაუბროს, რადგან მისი ინფორმაციით, ეს სამართლებრივ თემას ნაკლებად უკავშირდება. სალიას ცნობით, ხალვაში გერმანიიდან საქართველოში ახლო მომავალში აპირებს ჩამოსვლას.

 

ნიკა ტაბატაძე

 

ქიბარ ხალვაშმა და მისმა კომპანია “პანორამამ” კიწმარიშვილისგან, აქიმიძისა და დვალისგან ჯამურად წილების 90 პროცენტი შეიძინეს. დარჩენილ 10 პროცენტს ფლობდა ტელეკომპანიის დირექტორი ნიკა ტაბატაძე, რომელიც თავის დროზე ზემოხსენებული პოსტიდან სწორედ ხალვაშმა გადააყენა. როგორც გერმანიაში პოლიტიკური დევნილის სტატუსით მცხოვრებმა ბიზნესმენა მოგვიანებით განაცხადა, ტაბატაძე იმდროინდელი ხელისუფლების ზეწოლის შედეგად მოხსნა. რაც შეეხება ტაბატაძის 10 პროცენტს, ისიც ხალვაშის საკუთრებაში გადავიდა. 2004 წლის 22 ოქტომბრის მონაცემებით 100 პროცენტის პირდაპირი და ირიბი მფლობელი სწორედ ხალვაში იყო. პაატა სალიას თქმით, იმ პერიოდში ტაბატაძე საწესდებო კაპიტალიდან ნომინალურ ფასად გავიდა, რაც სავარაუდოდ რამდენიმე ასეულ ლარს ნიშნავს.

 

როგორ დათმო ნიკა ტაბატაძემ თავისი 10 პროცენტი? – რუსთავის ორის ყოფილმა დირექტორმა ნეტგაზეთს ინტერვიუზე უარი უთხრა, თუმცა ჩვენ მიერ მოპოვებული სასარჩელო დოკუმენტის მიხედვით ცნობილი ხდება, რომ ქიბარ ხალვაშის ადვოკატს ტაბატაძის მოწმის სახით დაკითხვა რუსთავი 2-ის საქმეზე ამჟამად მიმდინარე დავაზე სურდა. მოსამართლემ მოწმეების დაკითხვაზე უარი განაცხადა. ნიკა ტაბატაძემ ნეტგაზეთს მხოლოდ ის უთხრა, რომ ზემოხსენებული 10 პროცენტის გამო იგი სამართლებრივ ბრძოლაში ჩაბმას არ აპირებს.

“შესაძლო მორიგება” დვალთან და აქიმიძესთან

პაატა სალიას თქმით, საკითხი ისე არ დგას, რომ ქიბარ ხალვაშმა რამდენადაც იყიდა ტელევიზია, იმდენად გაყიდა, რადგან მან დამატებით დაფარა აქიმიძისა და დვალის 1200000-დოლარიანი ვალდებულება, ასევე 6 მილიონი გადასცა კიწმარიშვილს, გარდა ამისა, სარჩელში ხალვაშს მითითებული აქვს, რომ ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2-ში განახორციელა დამატებითი ინვესტიცია ტელეკომპანიის განვითარებისთვის, შეიძინა და განაახლა სხვადასხვა დასახელების ტექნიკური მოწყობილობები, საინფორმაციო სამსახურისთვის იყიდა ახალი სტუდია, სიხშირის გადამცემი მოწყობილობები, მის მიერ გასტუმრებულ იქნა ტელეკომპანიის თანამშრომლების ორი თვის სახელფასო დავალიანება, რაც ნახევარ მილიონ ლარს აღემატებოდა.

 

“აქ დავა არ არის იმაზე, ხალვაშამდე რა მოხდა…

 

… ამ სასამართლო დავისთვის [რუსთავის 2-ის საქმეზე ამჟამად მიმდინარე დავა] არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ქიბარ ხალვაშმა რამდენად იყიდა. ქიბარ ხალვაში ამბობს, რომ მე მქონდა ეს ქონება… თქვენ რომ ვიღაცამ რაღაც გაჩუქოთ, მე მოვიდე ხვალ და 1000-ლარიანი ქონება 5 ლარად დაგათმობინოთ და მერე გითხრათ, ახლა რას მთხოვ, მაინც ნაჩუქარი ქონება იყოო?”, – ამბობს ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია და ამით პასუხობს საქცემენტის წარმომადგენლის, ღვედაშვილის არგუმენტს იმის შესახებ, რომ “რა თანხადაც იყიდა ხალვაშმა ქონება, დაახლოებით იმ თანხად გაყიდა”.

 

თუმცა ქიბარ ხალვაშს არც კიწმარიშვილისგან და არც კარსანიძისგან  (რომელმაც ხალვაშს აქიმიძე/დვალისაგან ნაყიდი ქონება მიჰყიდა) მიუღია ზემოხსენებული ქონება ჩუქების წესით. საუბარი იმ შემთხვევაშიც ყიდვა/გაყიდვაზე იყო.

“მაშინ რაზეა საუბარი, თვითონ ისინი [საქცემენტის ადვოკატი, რომლის კომენტარიც მანამდე ნეტგაზეთმა სალიას გააცნო] ადასტურებენ, რომ წილების ღირებულება რეალურად არასოდეს არ შეესაბამებობდა… ანუ ესენი ამბობენ რას, ჩვენ არაკეთილსინდისიერი მყიდველი ვართ და  და ხალვაშიც არაკეთილსინდისიერი მყიდველიაო, მაგას თუ ამბობენ, მაშინ აქიმიძეს და დვალს უნდა დაუბრუნონ ეგ ტელეკომპანია და ეროსის… თუ ასეთი კეთილსინდისიერები არიან, მაშინ დაუბრუნონ”, – ამბობს სალია.

 

სალიას განმარტებით, სამართლებრივად რუსთავი 2-ის ამჟამინდელი მფლობელები და ვერც ისინი, ვისაც თავის დროზე ხალვაშმა ტელეკომპანიის წილები გადასცა, მისი თქმით- იძულებით, სადავოს ვერ გახდიან იმ ხელშეკრულებებს, რომლის მიხედვითაც 2004 წელს ხალვაშმა რუსთავი 2 იყიდა.

 

თუმცა პოტენციურად ასეთი ტიპის დავის წამოწყება შეუძლიათ დამფუძნებლებს, მაგალითად, ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს, რომლებიც აცხადებენ, რომ თავის დროზე წილები ძალით დაათმობინეს და მისი დაბრუნების მოთხოვნით პროკურატურაშიც აქვთ საჩივარი შეტანილი. ასეთი პოტენციური სამართლებრივი აქტორი შესაძლოა ყოფილიყო ეროსი კიწმარიშვილი, რომელიც ასევე აცხადებდა პრეტენზიას, და პაატა კარსანიძე.

 

უცნობია, რატომ დასჯერდნენ მხოლოდ პროკურატურას და რატომ არ დაიწყეს დავა სასამართლოში აქიმიძემ და დვალმა. იმავე for.ge-სთან ინტერვიუში აქიმიძემ ეს ფაქტი იურისტების რჩევით ახსნა. მისი თქმით, სასამართლოში დავის შემთხვევაში მათ უფრო ნაკლები შანსი ექნებოდათ წარმატების, ვიდრე პროკურატურაში. ამასთან, მან კატეგორიულად უარყო რაიმე ტიპის კავშირი ქიბარ ხალვაშის ამჟამინდელ სარჩელთან. რაც შეეხება იმას, თუ რა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ ხალვაში დავას მოიგებს და რუსთავი 2-ის წილებს დაიბრუნებს, აქიმიძე ამბობდა:

 

“თუ ხალვაში მოიგებს პროცესს, უამრავი ვარიანტია მოვლენების განვითარების: ვიდავოთ, შევრიგდეთ ან დაგვიბრუნოს. ჯერ არ ვიცი, მაგრამ ეს მოხდება მას შემდეგ, თუ დემოკრატიული და დამოუკიდებელი სასამართლო იტყვის, რომ ის ადამიანები, რომლებსაც ედავება ხალვაში, არაკეთილსინდისიერი მყიდველები არიან. ამ შემთხვევაში გაცილებით მარტივდება საქმე და შეგვეძლება ჩვენი პრეტენზიების წაყენება”.

 

რუსთავი 2-ის წილების სამართლიანად გადანაწილების საკითხის განხილვა არაერთხელ გასცდენია იმ პირთა წრეს, რომლებსაც ამ დავასთან რაიმე პირდაპირი ან პოტენციური შეხება აქვთ. მაგალითად, ამ საკითხზე თავისი აზრი აქვს გამოთქმული ბიძინა ივანიშვილს, როცა ის პრემიერ-მინისტრი იყო 2012 წლის ნოემბერში:

 

“მე  ვიცი, რომ რუსთავი 2-ზე ორი მეასკუთრე ჩივის. ერთმანეთშიც კი არკვევენ ურთიერთობებს, როგორც მე ვიცი… თქვენგან ვიცი ეს ძირითადად [მიმართავს ჟურნალისტებს]. თავდაპირველი მესაკუთრეები, რომლებიც იყვნენ ეროსი კიწმარიშვილის პარტნიორები, დავით დვალი და მისი მეგობარი, ცდილობენ, არიან უკმაყოფილოები, რომ მათ ეს ტელევიზია პრაქტიკულად წაართვეს. მეორე მხრივ, არის ქიბარ ხალვაში გადამყიდველი… თუ როგორც მოხდა. მასაც აქვს პრეტენზიები, რომ ტელევიზია წაართვეს. ეს პროცესი მიდის. რომ დაიწყო, თავისთავად კარგია. მე არ ვიცი შეიტანეს თუ არა სასამართლოში, მაგრამ უკვე ხმაურობენ ჩემი გამოსახედიდან რეალური მესაკუთრეები, თუმცა მე არ მინდა დასკვნა გავაკეთო. სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს”, – თქვა ივანიშვილმა.

 

აპირებს თუ არა ქიბარ ხალვაში, რომ სასამართლოში გამარჯვების შემთხვევაში აქიმიძის და დვალის მიმართულებით რაიმე ნაბიჯები გადადგას?

 

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია მორიგებით დასრულდეს ეს ყველაფერი. თუ მათ ექნებათ ფინანსური და ტელეკომპანიის წილებთან დაკავშირებით პრეტენზიები, ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ და ვისაუბროთ მათთან მოლაპარაკების მაგიდასთან. ეს საკითხი ჯერჯერობით არ დგას, მაგრამ თუ დააყენებენ ისინი, ამაზე ვისაუბრებთ”, – ამბობს სალია. მისივე თქმით, ასევე არსებობს საუბრის მზაობა ეროსი კიწმარიშვილის მეუღლესთან.

 

“ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ ნებისმიერი მხარის პოზიცია, მოთხოვნა და აზრი”.


მასალების გადაბეჭდვის წესი