ახალი ამბები

ვიმედოვნებთ, შსს ამჯერად მაინც მოახდენს შესაძლო დამნაშავეთა იდენტიფიცრებას – საია სტუდენტზე თავდასხმაზე

7 ივნისი, 2024 •
ვიმედოვნებთ, შსს ამჯერად მაინც მოახდენს შესაძლო დამნაშავეთა იდენტიფიცრებას – საია სტუდენტზე თავდასხმაზე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტზე, ნიკო მანაგაძეზე თავდასხმას. ორგანიზაციის შეფასებით, რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდების და აქტივისტების დევნა და მათზე თავდასხმა უკვე ყოველდღიურობად იქცა.

“რუსული კანონის ინიცირებიდან დღემდე თითქმის ყოველდღიურობად იქცა კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტების და სტუდენტების განსხვავებული აზრის გამო დევნა და  ფიზიკური ანგარიშსწორება.

აქტივისტების წინააღმდეგ წარსულში ჩადენილ დანაშაულებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის არაეფექტიანი რეაგირება ახალისებს მოძალადე ჯგუფების მიერ ჩადენილ დანაშაულებს. იმის გათვალისწნებით, რომ ნიკო მანაგაძეზე თავდასხმა მოხდა საჯარო სივრცეში, ფაქტს შეესწრო არაერთი მოწმე, ადგილზე კი განთავსებულია ვიდეოკამერები, ვიმედოვნებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამჯერად მაინც მოახდენს შესაძლო დანაშაულის ჩამდენ პირთა იდენტიფიცრებას”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

საია მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, სწორი კვალიფიკაცია მისცენ მომხდარს და დროულად დააკავონ თავდამსხმელები. ასევე, უზრუნველყონ, ხვალ, 8 ივნისს, დაგეგმილი აქციის დროს მშვიდობიანი დემონსტრანტების უფლებების დაცვა.

ორგანიზაცია მოუწოდებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსაც, “დაიცვას სტუდენტების მშვიდობიანი შეკრების უფლება, მიიღოს ზომები მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირება მოახდინოს სტუდენტების უფლებების დარღვევის ფაქტებზე”.

დღეს, 7 ივნისს, უნივერსიტეტის წინ, თავს დაესხნენ ლექციიდან გამოსულ 21 წლის სტუდენტს, ნიკო მანაგაძეს. როგორ მანაგაძე ამბობს, ავტობუსის გაჩერებისკენ მიდიოდა, როცა რამდენიმე პირი ზურგიდან, მალულად მიეპარა და თავში მძიმე საგანი ჩაარტყა.

ნიკო მანაგაძე ერთ-ერთი ორგანიზატორია აქციებისა, რომელიც შაბათობით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსის წინ იმართება. აქცია დაგეგმილია ხვალაც, 8 ივნისს, 09:00 საათზე.

“ლექტორი”, რომლის ლექციებსაც ფაქტობრივად მხოლოდ მის მიერ მიყვანილი პარტიის ახალგაზრდული ფრთა ესწრება და “კაცი”, რომელიც უნივერსიტეტში მუდმივად ზონდერებით დადის, მათი მეშვეობით ორგანიზებულ ჯგუფურ თავდასხმებს აწყობს აკადემიურ სივრცეში კრიტიკულად განწყობილი სტუდენტების მიმართ. “პრემიერი”, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი საქართველოს რუსეთიზაციისა და დეევროპიზაციის პოლიტიკის, სასტიკი დარბევების, ტერორის და რეპრესიების. მოგიწოდებთ, შევიკრიბოთ ყველა – არ აქვს მნიშვნელობა, ხართ თუ არა სტუდენტი. ეს პროტესტი ყველა თაობისაა”, – ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში.

ფოტო: ნიკო მანაგაძე და სავარაუდოდ, მასზე თავდამსხმელები

მასალების გადაბეჭდვის წესი