შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს, დალუქეს 11 ობიექტი.
უწყება ამბობს, რომ საპოლიციო ღონისძიებები თბილისში, იმერეთსა და ქვემო ქართლში განხორციელდა.
შსს-ს განცხადებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის აუდიო და ვიდეოჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ დაკავებული პირები, რომლებიც სხვადასხვა ობიექტის მენეჯერები და ადმინისტრატორები იყვნენ, სისტემატურად ხელს უწყობდნენ პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს აღნიშნული საქმიანობის განხორციელებაში.
„კერძოდ, გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ, ისინი მათ განკარგვაში არსებულ ობიექტებში ქალებს ფართებს უთმობდნენ.გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ობიექტების ადმინისტრატორები პროსტიტუციაში ჩაბმულ პირებს კლიენტების მოძიებაშიც ეხმარებოდნენ. სანაცვლოდ კი, ქალების მიერ სექსუალური მომსახურების შედეგად მიღებული ანაზღაურების დიდ ნაწილს თავად იღებდნენ“, – ამბობს უწყება.
შსს-ს ცნობითვე, გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ობიექტების შემოსავლის ძირითად წყაროს პროსტიტუციის ხელშეწყობის შედეგად მიღებული თანხები წარმოადგენდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას გულისხმობს.
