ოფისის შედუღებამდე ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და აქციის მონაწილეებს შორის შელაპარაკება მოხდა. აქციის მონაწილეებმა შეურაცხყოფა მიაყენეს “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტს.
შინაგან საქმეთა სამისნიტროს ინფორმაციით, შედუღების გამო არავინაა დაკავებული, ხოლო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს.
აღნიშნული მუხლი გულისხმობს “ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან ან რამაც ტრანსპორტის, საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება გამოიწვია, აგრეთვე ასეთ მოქმედებაში აქტიური მონაწილეობა”
აღნიშნული მუხლის დარღვევა ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
ნაციონალური მოძრაობის ოფისების წინ აქციები გამართეს 19 ოქტომბერს გორში, ქუთაისში, ბათუმში, ახალციხესა და ოზურგეთში.
ქუთაისში აქციის მონაწილე დააკავეს, რომელსაც, ადგილობრივი მედიის ცნობით, სასამართლომ 50-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ხოლო ახალციხეში, ასევე, 19 ოქტომბერს მომხდარი აქციის და ოფისის აჭედვის გამო დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მიხედვით.