POSTV-ის გადაცემა “დღის პოსტი” ირმა სოხაძისა და მანუ მურღულიას გარეშე აგრძელებს მუშაობას. 29 მაისიდან გადაცემას ახალი წამყვანები ჰყავს – მსახიობი ნატუკა გულიაშვილი და ტელეწამყვანი რუსკა ხვედელიძე.
“ნეტგაზეთს” ინფორმაციით, მანუ მურღულია ტელევიზიიდან გაუშვეს.
“აღარ ვმუშაობ ამ არხზე. ეს არის მხოლოდ ჩემი კომენტარი”, – გვითხრა მანუ მურღულიამ, თუმცა დეტალების დაკონკრეტებისგან, რა გახდა მიზეზი, თავი შეიკავა.
მანუ მურღულია აღარ თანამშრომლობის ამავე არხის ბაზაზე შექმნილ “ნიკოს ბენდთან”. მუსიკალურ ჯგუფში მურღულია სხვა მომღერალმა, ანანო სამხარაძემ ჩაანაცვლა.
რაც შეეხება ირმა სოხაძეს, დაახლოებით ორი კვირის წინ, “ნეტგაზეთთან” საუბრისას თქვა, რომ გადაცემა შეჩერდა. იქამდე, რამდენიმე დღით ადრე სოხაძე რუსული კანონის საწინააღმდეგოდ გამოვიდა.
“უნდა შეველიოთ ამ კანონპროექტს და მშვიდად გავაგრძელოთ ცხოვრება. გავაკეთოთ ის, რაც ჯობია ჩვენი ქვეყნისთვის და იმ ახალგაზრდებისთვის. პროტესტს ხელოვნურად ვერ გავაჩერებთ, ვერაფრით შევეწინააღმდეგებით”, – თქვა მაშინ სოხაძემ.
ჩვენ მას ვკითხეთ, ხომ არ უკავშირდებოდა გადაცემის შეჩერება მისსავე განცხადებას რუსულ კანონთან დაკავშირებით, რაზეც მომღერალმა გვითხრა, რომ ინიციატივა არა ტელევიზიისგან, არამედ მისგან წამოვიდა.
მას შემდეგ, რაც გადაცემა ახალი წამყვანებით გაგრძელდა, ირმა სოხაძეს ვკითხეთ, საბოლოოდ შეწყვიტა თუ არა POSTV-სთან თანამშრომლობა. მან დაგვიდასტურა, რომ ტელევიზიიდან წამოვიდა საკუთარი გადაწყვეტილებით. მიზეზად კი რუსულ კანონთან დაკავშირებით მისი პირადი პოზიციისა და არხის სარედაქციო პოლიტიკის შეუთავსებლობა დაასახელა.
“მე მივიღე გადაწყვეტილება, ავიღო ტაიმაუტი. არ მინდა ვინმეს შევუქმნა დისკომფორტი, არც საკუთარ თავს. ვუთხარი, რომ ალბათ, ჯობია წავიდე, იმიტომ, რომ ჩემი პოზიციით არხს ვუქმნი დისკომფორტს. თუ ჩუმად ვიქნები და წყალს ჩავიგუბებ პირში, მე ვიქნები დისკომფორტში. ეს შეუთავსებლობა მე თვითონ ვიგრძენი, ამიტომ “საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს”. თან, ვითომ არაფერი, მხიარული გადაცემა წავიყვანო და თან ასე, არ მესმოდეს, რა ხდება, ჩემთვის უხერხულია
მე არ მესმის ამ კანონის აუცილებლობა, პირდაპირ ვამბობ. ვერაფრით ვერ გავიგე, რა სიკეთე აქვს იმდენი, რამდენ საფრთხესაც შეიცავს. გულდაწყვეტილი ვარ, რომ [ამას აკეთებს] ხელისუფლება, რომელსაც ვენდობოდი თვალდახუჭული. “ნაცების” დაბრუნებაზე ფიქრიც არ შემიძლია – არავინ არ გაბედოს, მითხრას, რომ მე ვარ “ნაცი”. მაგრამ, სამწუხაროდ, ვინც არა ვართ კანონის მომხრე, ყველანი ჯაშუშებად და “ნაცებად” შევირაცხებით. ასეთ გაუგებარ პოზიციაში ვართ ყველა, ვინც არ ვეთანხმებით ამ კანონს, მაგრამ არ ვართ “ნაცები”. ასეთი მოცემულობაა, რომ თუ არ ხარ აქ, ხარ იქ. არ არის ასე. მინდა ეს ყველას ვუთხრა – არ არის აუცილებელი იყო “ნაცი”, თუ ამ კანონს ვერ იღებ. ამ მდგომარეობაში ვარ მე”, – თქვა სოხაძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას.
POSTV-ის კიდევ ერთი გადაცემის, “პოსტ ალიონის” წამყვანი, მსახიობი ანა ამილახვარი ამბობს, რომ რუსულ კანონთან დაკავშირებული პოზიციის გამო ტელევიზიიდან გაათავისუფლეს. უფრო ზუსტად, სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო, რომელიც მან ანტირუსულ აქციაზე მოქალაქეთა ძალადობის წინააღმდეგ დაწერა.








