დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს (UK) ლორდთა პალატის წევრმა, ბარონესა მარგარეტ ქურანმა საქართველოსთან დაკავშირებით თავისი ქვეყნის მთავრობას რამდენიმე კითხვა გაუგზავნა.
ბარონესას მიერ დიდი ბრიტანეთის მთავრობისთვის გაგზავნილი კითხვები სამთავრობო ტელევიზიების, „იმედსა“ და პოსტ TV-ს დასანქცირების შემდგომ განსახილველ ნაბიჯებს შეეხებოდა.
ბარონესამ საქართველოს შესახებ 3 კითხვიდან 2 დიდი ბრიტანეთის ხაზინას, ერთი კი საგარეო ოფისს გაუგზავნა.
ბარონესამ ხაზინას შემდეგი კითხვებით მიმართა:
- ქართული ტელეარხების, „იმედისა“ და POSTV-ის დასანქცირების შემდეგ, გააფრთხილეს თუ არა ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი ქართული ბანკები იმ შედეგების შესახებ, რაც შეიძლება მოჰყვეს სანქციების მოთხოვნების დარღვევას?
- გეგმავს თუ არა ბრიტანეთის მთავრობა ლონდონში მოღვაწე ქართული ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან შეხვედრას, რათა მათთან დასანქცირებული ტელეარხების — „იმედისა“ და POSTV-ის — მიმართ დაწესებული შეზღუდვების შესრულების ვალდებულებები განიხილოს?
დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებას კი ბარონესამ ჰკითხა:
- გეგმავს თუ არა ბრიტანეთის მთავრობა დამატებითი ზომების მიღებას იმ ქართველი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, რომლებიც აგრძელებენ თანამშრომლობას დასანქცირებულ ტელეარხებთან — „იმედსა“ და POSTV-სთან?
ბარონესა მარგარეტ ქურანმა საქართველოსთან დაკავშირებით კითხვები 2 მარტს გააგზავნა და ბრიტანეთის მთავრობას მისთვის პასუხის დასაბრუნებლად ვადა 16 მარტამდე აქვს.
24 თებერვალს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ (UK) რუსეთთან დაკავშირებული სასანქციო რეგულაციებით ქართული პროსახელისუფლებო ტელეკომპანიები — „იმედი” და „POS TV“ — დაასანქცირა.
დაწესებული სანქციები გულისხმობს აქტივების გაყინვას, ტრასტული მომსახურების აკრძალვას, დირექტორის უფლებამოსილების ჩამორთმევის (დისკვალიფიკაციის) სანქციას.
გაერთიანებული სამეფოს თანახმად, „იმედი” და POS TV განზრახ ავრცელებენ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ, რაც წარმოადგენს იმ პოლიტიკის ან ქმედების მხარდაჭერას ან ხელშეწყობას, რომელიც ახდენს უკრაინის დესტაბილიზაციას ან ძირს უთხრის, ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. კერძოდ, ის რეგულარულად ავრცელებს შინაარსს, თითქოს უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურები არიან, უკრაინა დასავლეთის „მარიონეტია“, უკრაინა კორუმპირებული ქვეყანაა და უკრაინა და დასავლეთი საქართველოს დესტაბილიზაციას ცდილობენ.
ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და Postv-ს სანქცირების გამო, 26 თებერვალს გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დაბარებული.
