კომპანია MEAMA-ს გენერალური დირექტორი, ლაშა შარიქაძე ამბობს, რომ აღარ ითანამშრომლებენ სანქცირებულ კომპანიებთან.

პროსახელისუფლებო ტელევიზიებთან, “იმედთან” და “POSTV”-სთან თანამშრომლობაზე კითხვა შარიქაძეს “ფორმულამ” დაუსვა.

“ჩვენი პოზიცია ასეთია, რომ არ ვითანამშრომლებთ სანქცირებულ კომპანიებთან” – უთხრა “ფორმულას” შარიქაძემ.

განახლება: “ფორმულას” სიუჟეტის ეთერში გავსლიდან მეორე დღეს, 1-ელ მარტს, MEAMA-მ განცხადება გაავრცელა და უარყო “იმედთან” და POSTV-სთან თანამშრომლობის შეწყვეტა.

“ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კომპანიას არ უთქვამს უარი საქართველოში ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიებთან, ტვ იმედთან და პოს ტვ-სთან თანამშრომლობაზე.

კონკრეტული მედიის მხრიდან იყო დასმული შეკითხვა, მოხდებოდა თუ არა ჩვენი კომპანიის მხრიდან სანქცირებულ ანგარიშზე თანხის გადარიცხვა, რაზეც იყო გაცემული კონკრეტული პასუხი, რომ მსგავსი ტრანზაქცია ვერ განხორციელდებოდა.

ჩვენი კომპანიისათვის მნიშვნელოვანია რეკლამა განთავსდეს ყურებად მედიასაშუალებებში, რის გარეშეც შესაძლებელია კომპანიამ მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიიღოს, ამიტომ ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება რეკლამის განთავსება ორივე ხსენებული ტელევიზიის ეთერში”, – წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ განხცხადებაში.

“ფორმულა” დაუკავშირდა “ორბი ჯგუფის” გენერალურ დირექტორს, ირაკლი კვერღელიძესაც, რომელმაც უთხრა, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესშია.

ბიზნესების “იმედთან” და “POSTV”-სთან თანამშრომლობის საკითხი დღის წესრიგში მას შემდე დადგა, რაც ეს ტელევიზიები დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა.  როგორც UK-ის მთავრობის ვებგვერდზეა განმარტებული, ეს ტელეკომპანიები დაასანქცირეს რუსეთთან დაკავშირებული სასანქციო რეგულაციებით. დაწესებული სანქციები გულისხმობს აქტივების გაყინვას, ტრასტული მომსახურების აკრძალვას, დირექტორის უფლებამოსილების ჩამორთმევის (დისკვალიფიკაციის) სანქციას.

ამავე თემაზე: