ახალი ამბები

PosTV-ის წამყვანი ამბობს, რომ ძალადობის საწინააღმდეგო კომენტარის გამო გაათავისუფლეს

16 მაისი, 2024 •
PosTV-ის წამყვანი ამბობს, რომ ძალადობის საწინააღმდეგო კომენტარის გამო გაათავისუფლეს

სახელისუფლებო პროპაგანდისტული ტელეარხ „PosTV-ის“ დილის გადაცემის წამყვანი ანა ამილახვარი აცხადებს, რომ სამსახურიდან ანტირუსული აქციის მონაწილეთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო კომენტარის გამო გაათავისუფლეს.

დილის გასართობი გადაცემის „პოსტ ალიონის“ უკვე ყოფილი წამყვანი წერს, რომ ორი კვირის წინ ანტირუსულ აქციებზე პირველი შეტაკების შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა კომენტარი, რომელიც, მისი თქმით, იყო მიმართული ძალადობის წინაარმდეგ და გამოხატავდა მის გაოცებას იმასთან დაკავშირებით, რომ რუსული კანონი კვლავ განიხილებოდა:

„ორი კვირის წინ აქციებზე პირველი შეტაკებების შემდეგ დავწერე კომენტარი, რომელიც იყო მიმართული არა ძალადობისკენ და გაოცება იმაზე, რომ ეს კანონი კიდევ განიხილება, ერთი წლის შემდეგ. ზუსტად ვიცოდი, რომ მალევე დამიბარებდნენ, ერთხელ მქონდ პრეცენდენტი( მერია და კალაძე მოვნიშნე და ამაღებინეს) მოკლედ, დაველოდე და ისე მალე მომიხმეს, გამეცინა.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ძალიან ზრდილობიანად, მეგობრულად ამიხსნეს, რომ ამ ტელევიზიაში მათგან განსხვავებულ პოზიციაზე მყოფი ადამიანი ვერ იმუშავებდა. უბრალოდ ჰუმანური პოზიციაც კი მიუღებელია. დავიშალეთ, მე ჩემს გზაზე, ისინი — თავისაზე“ — წერს ამილახვარი.

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ PosTV-ზე შეჩერდა ირმა სოხაძის გადაცემაც. მომღერალი „ნეტგაზეთთან“ ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებამდე მენეჯმენტთან ერთად თავად მივიდა:

„დროებით შეჩერდა სწორი ფორმულირებაა. გავაჩერეთ გადაცემა იმიტომ, რომ საერთო აზრამდე მივედით. არც მე მინდა და საერთოდ არ არც არის საჭირო ეს გადაცემა. მერე ვნახავთ აღვადგენთ, სხვას გავაკეთებთ, საერთოდ წამოვალ, თუ რას ვიზამთ. დროში გამოჩნდება ყველაფერი. ამჟამად გაჩერებულია გადაცემა,“ — აცხადებს მომღერალი „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.

რამდენიმე დღის წინ ირმა სოხაძე ხელისუფლებას რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი