თამარ ჩერგოლეიშვილის, ლექსო მაჭავარიანისა და სალომე ხვადაგიანის სასამართლო პროცესი დღეს უნდა გამართულიყო. ისინი პოლიციამ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ დროებით დამონტაჟებულ ღობეზე “გაზპრომის” საწინააღმდეგო პლაკატების გაკვრის გამო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მიხედვით დააკავეს. თუმცა მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
“პროცესი როდისთვის გადაიდო, არ ვიცი, შეგვატყობინებენ. ფაქტია, რომ დღეს არ ჩატარდება. სამაგიეროდ ხვალ ჩატარდება აქცია სახელმწიფო კანცელარიასთან, სადაც მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბრებთ და არა ისეთ უმნიშვნელოზე, ვიდრე არის პლაკატის გაკვრა. ის, რომ ჩვენი ენერგოდამოკიდებულება არ გაიზარდოს რუსეთზე”, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
ჩერგოლეიშვილი, მაჭავარიანი და ხვადაგიან პლაკატებს ხვალინდელ, 17 ოქტომბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აკრავდნენ. 17 ოქტომბერს აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან გაზპრომთან დაწყებულ მოლაპარაკებებსა და რუსეთისგან მიღებული გაზის ოდენობის შესაძლო გაზრდას გააპროტესტებენ.