NTAO-ს საპარლამენტო ასამბლეის ბიურო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოსთან, რომელიც მათი ასოცირებული წევრია, მნიშვნელოვან თანამშრომლობას რამდენიმე დღეში 25 წელი შეუსრულდება.
განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ ისინი მტკიცედ რჩებიან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ალიანსში გაწევრიანების მისწრაფების ერთგულნი:
„ჩვენ ვაღიარეთ საქართველო, როგორც კანდიდატი ქვეყანა ვიაზრებთ რა, რომ NATO-ს წევრობა გზაა, რომელიც საქართველომ და ქართველმა ხალხმა აირჩია და განამტკიცა მათსავე კონსტიტუციაში.
თუმცა, საერთო დემოკრატიული ღირებულებები ფუნდამენტია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის და ამ ღირებულებების პატივისცემა საკვანძო პირობაა ალიანსში გასაწევრიანებლად,“ — ვკითხულობთ განცხადებაში.
NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ბიურო აცხადებს, რომ რუსული კანონი უკან გადადგმული ნაბიჯია საქართველოს დემოკრატიისთვის და ეწინააღმდეგება მის მისწრაფებებს NATO-სა და ევროკავშირში:
„თუ კანონი ამოქმედდება, ის მძიმე ზიანს მიაყენებს სიტყვისა და გამოხატვის, ასევე შეკრების თავისუფლებას და ძირს გამოუთხრის ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებას და მედიაგარემოს:
„კანონპროექტის ხელახლა ინიციირებითა და მიღებით საქართველოს ხელისუფლებამ დაარჩია პირობა რომელიც საკუთარ ხალხსა და საერთაშორისო პარტნიორებთან დადო. მათ მიუღებელი ძალადობით უპასუხეს მშვიდობიან პროტესტს და არჩიეს ყურად არ იღონ უახლოესი პარტნიორების ცალსახა და მუდმივი მოწოდებები.
საქართველო გზაგასაყარზე დგას. თუ მთავრობას და პარლამენტს სურს საქართველოს მზაობის დემონსტრირება შეუერთდეს NATO-ს მომავალში, ისინი უნდა დაბრუნდნენ დემოკრატიული რეფორმების და კონსოლიდაციის გზაზე. ეს კანონი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო — უნდა გაუქმდეს“ — ვკითხულობთ განცხადებაში.
განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ აჩვენა რომ მათ დემოკრატიული საქართველო სურთ ევროკავშირსა და NATO-ში:
„როგორც ამ კვირაში, მომავალშიც გავაგრძელებთ საქართველოს დელეგაციასთან დიალოგისას გავაჟღეროთ ეს მტკიცე მესიჯები და შევთავაზოთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური გზისადმი,“ — წერია განცხადებაში.