ახალი ამბები

თამარ გურჩიანი: გამოხატვის თავისუფლება უფრო მაღლა დგას, ვიდრე ქალაქის იერსახე

16 ოქტომბერი, 2015 •
თამარ გურჩიანი: გამოხატვის თავისუფლება უფრო მაღლა დგას, ვიდრე ქალაქის იერსახე

“ვფიქრობ, რომ პლაკატის გაკვრით არაფერი დაზიანებულა და, შესაბამისად, ტექნიკურადაც კი არ შეეძლოთ ამ კანონის გამოყენება. გამოხატვის თავისუფლება უფრო მაღლა დგას, ვიდრე ქალაქის იერსახე, რომელიც, როგორც ვხედავთ, არც კი დაზიანებულა. აბსოლუტურად მიუღებელია პოლიციის ქმედება. მათ კარგად უნდა ესმოდეთ გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობა. ნებისმიერ შემთხვევაში ჩარევა უნდა იყოს ლეგიტიმური მიზნით განპირობებული. ამ შემთხვევაში არავითარი ინტერესი არ არის, გარდა იმისა, რომ შექმნან ის ატმოსფერო, რომ ადამიანებმა თავისუფლად ვერ გამოხატონ თავიანთი აზრი, მათ შორის პლაკატის მეშვეობით. ჩემი აზრით, რაც მოხდა დაუშვებელია და სასწრაფოდ უნდა დაგმოს ეს სახელმწიფომ”, – ამბობს თამარ გუჩიანი.

 

იურისტის იმედოვნებს, რომ სასამართლო კანონის ტექნიკურ ინტერპრეტაციას კი არ გააკეთებს, არამედ კანონის სულისკვეთებიდან გამომდინარე იმსჯელებს.

 

“კანონის სულისკვეთება ისაა, რომ თუ ზიანი არაფერს ადგება, მაშინ ადამიანის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა არ შეიძლება. თუკი ეს ჰიპოთეტური ზიანი შენობის ან ქალაქის იერსახის დაზიანებაა, ეს ზიანი ვერ იქნება უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ადამიანის გამოხატვის თავისუფლება. იმედი მაქვს, რომ სასამართლო ამ არგუმენტებს გაითვალისწინებს”, – მიაჩნია თამარ გურჩიანს.

 

დღეს, 16 ოქტომბერს თბილისის ოპერის თეატრთან თამარ ჩერგოლეიშვილი, ლექსო მაჭავარიანი და სალომე ხვადაგიანი სარემონტო სამუშაოებისთვის დროებით დამონტაჟებულ ღობეზე პლაკატის გაკვრისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მიხედვით დააკავეს.

 

მოქალაქეების ჯგუფი შაბათს, 17 ოქტომბერს, დაგეგმილი გაზპრომის საწინააღმდეგო აქციასთან დაკავშირებულ პლაკატებს აკრავდა.

თამარ გურჩიანი
თამარ გურჩიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი