ახალი ამბები

დავით გამყრელიძე “ქართულ ოცნებას” და საზოგადოებას მიმართავს

23 მაისი, 2024 •
დავით გამყრელიძე “ქართულ ოცნებას” და საზოგადოებას მიმართავს

ყოფილი პოლიტიკოსი  დავით გამყრელიძე “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, არ დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო მათივე მიღებულ რუსულ კანონზე. მისი შეფასებით, მმართველმა პარტიამ საკუთარი თავიც და ქვეყანაც ჩიხში შეიყვანა, რითაც ქვეყანა “სრულად რუსულ-ბელორუსულ მოდელზე” გადაჰყავს.

გამყრელიძე ვარაუდობს, რომ ხელისუფლებამ, შესაძლოა, რეგისტრაცია გაუუქმოს ოპოზიციურ პარტიებს და არჩევნები ფორმალურად ჩაატაროს.

“მეგობრებო, მინდა გაგიზიაროთ ჩემი ღრმა შეშფოთება შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით! ხელისუფლებამ, საკუთარი ქცევითა და განცხადებებით, აბსოლუტურ ჩიხში შეიყვანა საკუთარი თავი, საიდანაც გამოსავალი აღარ ჩანს. მათ ერთი გზა დაიტოვეს – ქვეყნის მართვის სრულად რუსულ-ბელორუსულ მოდელზე გადასვლა, რაც ნიშნავს რომ არჩევნები იქნება აბსოლუტურად ფორმალური. ამისათვის, სავარაუდოა რომ, ისინი რეგისტრაციას გაუუქმებენ ყველა მეტ-ნაკლებად სერიოზულ ოპოზიციურ პარტიას თუ გაერთიანებას, ვინც შეიძლება რაიმე საფრთხე შეუქმნას “ქართულ ოცნებას” არჩევნებზე. მათ ეს უკვე მოსინჯეს “ალტ-ინფოს” მაგალითზე (გთხოვთ, ალტ-ინფოს ადვოკატად ნუ ჩამთვლით)”, – წერს გამყრელიძე.

ყოფილი პოლიტიკოსი მიმართავს მოქალაქეებს და მოუწოდებს “პირად შიშებს და ნაცების სიძულვილს ნუ გადავაყოლებთ ქვეყნის მომავალს”. მისი შეფასებით ამ ვითარებაში დუმილი მომავალი თაობების ღალატის ტოლფასია.

“მინდა ყველა კარგად დავფიქრდეთ, სად აღმოვჩნდით და რა გველოდება. დღეს დუმილი და პასიური დამკვირვებლის როლში ყოფნა, ჩვენი შვილების და შვილიშვილების ღალატის ტოლფასია. გთხოვთ, პირად შიშებს და ნაცების სიძულვილს (ლამის მთელი ჩემი პოლიტიკური საქმიანობა ნაცებთან და პირადად სააკაშვილთან ბრძოლას მოვახმარე) ნუ გადავაყოლებთ ქვეყნის მომავალს.

“>ასე თუ გაგრძელდა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ხვალ ჩვენი ახალგაზრდები აღმოჩნდნენ რუსეთის არმიის რიგებში საზარბაზნე ხორცად განწირულები ( როგორც ცხინვალიდან ოსი ახალგაზრდები გარეკეს რუსებმა უკრაინელებთან ომში). იცოდეთ, მერე ყველას მოგვეთხოვება ამაზე პასუხი. მივმართავ ქართული ოცნების დეპუტატებს – ვეტოს არ დაძლევით, თქვენ კიდევ გაქვთ შანსი ქვეყანა გადაარჩინოთ ამ ეგზისტენციალურ კატასტროფას”, – წერს გამყრელიძე სოციალურ ქსელში.

საპარლამენტო უმრავლესობა რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას სამშაბათს, 28 მაისს აპირებს. იქამდე, 27 მაისს, ვეტოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი