თუ „ქართული ოცნება“ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს, ესტონეთი არ დაუჭერს მხარს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას.
ამის შესახებ ესტონეთის ელჩმა საქართველოში რიინა კალიურანდმა „ტვ პირველს“ განუცხადა.
„თუ „ქართული ოცნება” პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს და კანონს დაამტკიცებს, მცირე შანსსაც ვერ ვხედავ, რომ ესტონეთმა საქართველოს ხმა მისცეს, რათა ევროკავშირმა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას. მთავრობამ ძალიან მკაფიო გზავნილი მიიღო, რომ ამას მოჰყვებოდა შედეგები. ეს საქართველოს დააყოვნებს, როცა საქმე მიდგება ევროკავშირში ინტეგრაციაზე”, – განაცხადა ესტონეთის ელჩმა.
გერმანიის ელჩმა საქართველოში, პიტერ ფიშერმა, განაცხადა, რომ გერმანია არ მისცემს ხმას საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრების გზაზე მოლაპარაკებების გახსნას, თუ რუსული კანონი მიღებული იქნება იმ ფორმით, როგორსაც მას დღეს ვიცნობთ.
საქართველო, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას მიმდინარე წლის ბოლოს ელის. გადაწყვეტილება ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის კონსენსუსის საფუძველზე მიიღება. იმისთვის, რომ ევროპულმა საბჭომ წლის ბოლო სამიტზე მხარი დაუჭიროს საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკების გახსნას, ევროკომისიამ დადებითად უნდა შეაფასოს ქვეყნის მიერ 9 ნაბიჯის შესრულება. ევროკომისია ყოველწლიურად იღებს გაფართოების პაკეტს — ესაა სტრატეგიული დოკუმენტი ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე და ანგარიშები, რომლებშიც შეფასებულია კანდიდატი ქვეყნებისა და პოტენციური კანდიდატების პროგრესი. ევროკომისიის დასკვნა საქართველოზე მიმდინარე წლის შემოდგომაზე გამოქვეყნდება.
ევროკავშირის და წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა არაერთგზის განაცხადეს, რომ რუსულის მსგავსი კანონმდებლობა შეაფერხებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.