აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერი, ედრიენ უოტსონი, საქართველოს პარლამენტს მიმართავს და მოუწოდებს, გამოიჩინონ პრეზიდენტ ზურაბიშვილის მსგავსი გამბედაობა და არ დაძლიონ მისი ვეტო.
ედრიენ უოტსონი ამის შესახებ სოციალურ ქსელ “X”-ზე წერს.
“სასიხარულოა იმის ყურება, როგორ დაიცვა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი და ვეტო დაადო უცხოური აგენტების შესახებ კანონს. მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს, გამოავლინონ ასეთივე გამბედაობა და არ დაძლიონ მისი ვეტო”, – ამბობს უოტსონი.
Glad to see President Zourabichvili standing up for Georgia’s EuroAtlantic future by vetoing the foreign agents’ law. We urge members of parliament show the same courage by not overturning her veto.
— Adrienne Watson (@NSC_Spox) May 18, 2024
საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს რუსული კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კენჭისყრაში მონაწილეობა 116-მა დეპუტატმა მიიღო. მათგან, რუსული კანონის მიღებას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კანონს ვეტო დაადო. თუმცა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკმარისი მანდატები აქვს იმისათვის, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს.
არაერთი კვირაა თბილისში, ბათუმში და სხვა ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, სადაც რიგ შემთხვევებში ათი ათასობით მოქალაქე იღებს მონაწილეობას.
დასავლელი პარტნიორები აცხადებენ, რომ ამ კანონის მიღება საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხეს შეუქმნის, რადგან მსგავსი კანონმდებლობის ადგილი ევროპულ სახელმწიფოში არ არის.
მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.
„ქართულმა ოცნებამ“ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ რუსულ კანონში ისეთი ცვლილება უკვე შეიტანა, რომელიც კანონს მონიტორინგის ნაწილში ფიზიკურ პირებსაც შეახებს. ამის შესახებ ჩანაწერი მესამე მოსმენით დამტკიცებულ ვერსიაში გაჩნდა.