ახალი ამბები

ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, პენსიების 50 ლარით გაზრდა შესაძლებელია

14 ოქტომბერი, 2015 •
ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, პენსიების 50 ლარით გაზრდა შესაძლებელია

ზურაბ ჭიაბერაშვილმა დღეს, 14 ოქტომბერს, გამართულ პრეკონფერენციაზე განაცხადა, რომ არ ყოფილიყო ივანიშვილისა და მისი ბიუროკრატიის სიხარბე და სურვილი- ხალხის მიერ გადახდილი გადასახადებით შექმნილი ბიუჯეტის ხარჯზე ცხოვრება მოეწყოთ-  შესაძლებელი იქნებოდა საბიუჯეტო სახსრების გამოყენება საზოგადოების ყველაზე გაჭირვებული ფენების მდგომარეობის შესამსუბუქებლად.

 

საზოგადოების ყველაზე მოწყვლად და გაჭირვებულ ფენას ჭიაბერაშვილი პენსიონერებს მიაკუთვნებს, რომელთაც ეკონომიკურმა კრიზისმა და ფასების ინფლაციამ ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენა.

 

ბოლო 3 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუროკრატიის პრემიებსა და დანამატებზე 400 მლნ ლარამდეა დახარჯული მაშინ, როცა პენსიის 50 ლარით გაზრდას 420 მლნ ლარი სჭირდება, ამბობს ჭიაბერაშვილი.

 

“რომ არა ბიუროკრატიის “გამოსაკვებად” გათვლილი უამრავი არაფრის მომცემი პროგრამა, რომელიც ბიუჯეტშია ჩადებული და რომელიც ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორია, “ქართული ოცნების” მიერვე წარმოდგენილ 2016 წლის ბიუჯეტში შესაძლებელია გათვალისწინებული იყოს პენსიის 50-ლარიანი ზრდა”, – ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

 

ჭიაბერაშვილის განცხადებით, 10%-ით არის გაზრდილი ფასები მედიკამენტებსა და ჯანდაცვაზე, 7%-ით – კომუნალურ გადასახადებზე. ასეთ პირობებში პენსიის არგაზრდა პენსიონერთა დიდი ნაწილის სიღატაკისთვის გაწირვას ნიშნავს.

 

იმისათვის, რომ პენსიები გაიზარდოს, ზურაბ ჭიაბერაშვილის აზრით, საჭიროა ბიუროკრატიის შემცირება, უსარგებლო პროექტების დაფინანსების შეწყვეტა, საყოველთაო დაფინანსებიდან მიზნობრივი ჯგუფების დაფინანსებაზე გადასვლა.

ზურაბ ჭიაბერაშვილი
ზურაბ ჭიაბერაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი