პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ მესამე მოსმენით დამტკიცებულ რუსულ კანონზე „მსჯელობისთვის დახურული არ არიან“.

თუმცა ვოლსკის თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ რუსულ კანონზე დადებულ პრეზიდენტის ვეტოს არ დაძლევენ.

ამასთან, ვოლსკიმ, თანაგუნდელების მსგავსად, პრეზიდენტი გააკრიტიკა, რომ მათ მიერვე მიღებულ რუსულ კანონზე ვენეციის კომისიის დასკვნას არ დაელოდა.

„ჩვენ არც ახლა ვართ დახურული მსჯელობისთვის, ნებისმიერ საექსპერტო დონეზე შეგვიძლია განვიხილოთ შემდგომი განვითარება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ვეტო გაუქმდება… თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, არაფერი დახურული არ არის. მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერ ფორმატში,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.


18 მაისს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს ვეტო დაადო. მისი თქმით, რუსული კანონი არ ექვემდებარება რაიმე სახის ცვლილებასა და გაუმჯობესებას.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ღიად განაცხადა, რომ კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში ისინი დაუწესებენ საქნციებს კანონის მხარდამჭერ პირებსა და მათ ოჯახებს, ასევე იმ პირებს, რომლებიც ძალადობენ კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტებზე.

დასავლელი პარტნიორების განცხადებით, ამ კანონის მიღება საბოლოოდ დახურავს ევროპული მომავლის კარს საქართველოსთვის, რადგან „მსგავსი კანონმდებლობის ადგილი ევროპაში არ არის“.

უკვე რამდენიმე კვირაა, რუსული კანონის წინააღმდეგ მრავალათასიანი აქციები იმართება. მსგავსი კანონი რუსეთის ხელისუფლების ხელში იქცა რეპრესიულ იარაღად, რის შედეგადაც ამჟამად რუსეთიდან გამქრალია დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო ორგანიზაციები, გარდა ამისა, ის გამოიყენება ფიზიკური პირების შესაზღუდად და მათზე ზეწოლისთვის.

ცნობილია, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას შემდეგ სასესიო კვირაში გეგმავს. ამის შესახებ 20 მაისს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.