პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმის, რუსული კანონი არ ექვემდებარება რაიმე სახის ცვლილებასა და გაუმჯობესებას, ამიტომ მას ვეტო დაადო.
„დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციასა და ყველა ევროპულ სტანდარტს, ამდენად, წარმოადგენს შეფერხებას ჩვენს ევროპულ გზაზე. ეს ვეტო სრულად გამართულია იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. ეს კანონი არ ექვემდებარება ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას და ამდენად, არის ძალიან მარტივი ვეტო, ეს კანონი უნდა გაუქმდეს,“ — თქვა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დღეს, 18 მაისს გამართულ ბრიფინგზე.
ახლა ჯერი „ქართულ ოცნებაზეა“ — დაძელვს თუ არა პრეზიდენტის ვეტოს. მმართველ პარტიას ვეტოს დასაძლევად საკმარისი ხმები აქვს, თუმცა კანონმდებლობა მას არ უწესებს კონკრეტულ ვადას, რამდენ ხანში შეუძლია ვეტოს დადება. შესაბამისად, „ოცნებას“ შეუძლია, რომ ვეტოს დაძლევა საერთოდ არ სცადოს და ამ შემთხვევაში მედიისა და არასამთავრობო სექტორის შემზღუდავი რუსული კანონი არ შევა ძალაში.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ღიად განაცხადა, რომ კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში ისინი დაუწესებენ საქნციებს კანონის მხარდამჭერ პირებსა და მათ ოჯახებს, ასევე იმ პირებს, რომლებიც ძალადობენ კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტებზე.
დასავლელი პარტნიორების განცხადებით, ამ კანონის მიღება საბოლოოდ დახურავს ევროპული მომავლის კარს საქართველოსთვის, რადგან „მსგავსი კანონმდებლობის ადგილი ევროპაში არ არის“.
უკვე რამდენიმე კვირაა, რუსული კანონის წინააღმდეგ მრავალათასიანი აქციები იმართება. მსგავსი კანონი რუსეთის ხელისუფლების ხელში იქცა რეპრესიულ იარაღად, რის შედეგადაც ამჟამად რუსეთიდან გამქრალია დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო ორგანიზაციები, გარდა ამისა, ის გამოიყენება ფიზიკური პირების შესაზღუდად და მათზე ზეწოლისთვის.
რუსულ კანონში შესული ცვლილებით მონიტორინგი და ჯარიმები ფიზიკურ პირებსაც შეეხება