საზოგადოება

“ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო

17 აპრილი, 2024 • 799
“ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო

“ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.

უწყვეტი ფართომასშტაბიანი აქციებისა ფონზე, “ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონი პირველი მოსმენით უკვე მეორედ მიიღო. პირველად, იგივე კანონპროექტი მმართველმა პარტიამ შარშან, 2023 წლის მარტში მიიღო, თუმცა პროტესტის შემდეგ მეორე მოსმენისას კანონპროექტი ჩააგდეს. ამის შემდეგ ხელისუფლება ხალხს დაჰპირდა, რომ ამ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ. თუმცა, ზუსტად ერთი წლის შემდეგ იგივე კანონი, შეცვლილი სახელწოდებით, კვლავ დააინიციირეს.

პარლამენტის წინ, კანონის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციებზე ათობით ათასი მოქალაქე იკრიბება. გუშინ, 16 აპრილს სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს ფიზიკურადაც გაუსწორდა. ორი დღის განმავლობაში, ჯამში, 30-მდე ადამიანი დააკავეს.

რუსული კანონის მიღებას ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის საფრთხედ შეაფასა ყველა საერთაშორისო პარტნიორმა და მეგობარი ქვეყნის ლიდერმა. კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები – სპორტსმენები, მსახიობები, რეჟისორები, მწერლები, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, სტუდენტები და ა.შ.

რა ხდება

“ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”, გასულ წელს “ხალხის ძალის” მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი “უცხოური გავლენის აგენტი” ჩანაცვლებულია “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით”.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, “უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი