კომენტარი

რას ურჩევდა პრემიერის კონსულტანტი „ოცნებას“ რუსულ კანონზე

25 აპრილი, 2024 • 6044
რას ურჩევდა პრემიერის კონსულტანტი „ოცნებას“ რუსულ კანონზე

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი (1995-2003 წწ) ირაკლი მენაღარიშვილი, რომელიც ამჟამად პრემიერ-მინისტრის კონსულტანტია საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ხელისუფლებას ურჩევს, მეტი მგრძნობელობით და სიფრთხილით მოეკიდოს იმ იმპულსებს, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ქვეყნის შიგნიდან და გარედან მოდის.

მენაღარიშვილი აგენტების კანონპროექტს შარშანაც ეწინააღმდეგებოდა და ამბობდა, რომ ის „ქართულ საქმეს არ წაადგება“.

„სამწუხაროდ, ჩვენი წინანდელი პროგნოზი ახლაც ძალაში რჩება. როგორც ვხედავთ საზოგადოების რეაქციას ზოგადად, ამ ინიციატივას ჯერჯერობით მხოლოდ უარყოფითი შედეგები მოჰყვა“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ მენაღარიშვილმა.

ის ამბობს, რომ ხელისუფლების ადგილას უფრო ფრთხილი იქნებოდა ამ საკითხის განხილვისას.

„ეტყობა, სახელისუფლებო წრეებში უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ იმ შედეგს, რომლის იმედიც ამ კანონის მიღების შემდეგ აქვთ. ვერაფერს განსაკუთრებულს დამატებით ვერ გეტყვით, ეს არის დაკვირვების შედეგად მისაღები დასკვნა, რომლის გაკეთებასაც, ალბათ, დიდი ხანი არ დასჭირდება“, — აცხადებს მენაღარიშვილი და დასძენს, რომ ასეთი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ევროინტეგრაციაზე გავლენის პერსპექტივა  „ნეგატიურად გამოიყურება“.

„ცნობილია ევროპული სტრუქტურების სხვადასხვა წარმომადგენლის შეფასებები. თუმცა მე მგონია, რომ მძიმე პროგნოზის საფუძველი, წესით, არ უნდა იყოს, იმიტომ, რომ საუბარია ქვეყნის შიდა კანონმდებლობის ცვლილებაზე და რამე კატეგორიული ცვლილება მას საგარეო ვექტორის მიმართულებით, წესით, არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ ჯერჯერობით რეაქცია არის არც მთლად დადებითი. და ვინც აკრიტიკებს ამ კანონს ევროპის პოზიციებიდან, სწორედ იმას გულისხმობენ, რომ [კანონი] ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებს შეუშლის ხელს. მე მეშინია, რომ ეს მართლაც შეიძლება ასე მოხდეს“, — განაცხადა მენაღარიშვილმა.

მენაღარიშვილი ამბობს, რომ ინიციირებულ კანონპროექტზე პრემიერთან საუბარი არ ჰქონია, თუმცა მასაც იმავეს ურჩევდა:

„რომ ცოტა უფრო ფრთხილად მოეკიდონ ამ საკითხს, ვიდრე დღეს ეკიდებიან და გაითვალისწინონ ის პროცესები, რომელიც საზოგადოებაში მიდის და ქვეყნის გარეთაც. ეს გადაწყვეტილება [კანონის მიღების], როგორც ეტყობა, საკმაოდ მყარია. ამ შემთხვევაში მე კამათს ვერ შევძლებ, თუკი ადამიანი, ვის კომპეტენციაშიც ეს შედის, უკვე ჩამოყალიბებულია და პრაქტიკულად გადაწყვეტილება მიღებული აქვს. ჩვენ შეგვიძლია მათ მხოლოდ ვურჩიოთ, უფრო ფრთხილი დამოკიდებულება და უფრო მგრძნობიარენი იყვნენ იმპულსებისადმი, რომლებიც ქვეყნის გარედან და საზოგადოებიდან მოდის“.


„ქართულმა ოცნებამ“ პირობა დაარღვია და 2023 წლის მარტის მოვლენებიდან ერთი წლის შემდეგ, კვლავ დააბრუნა „რუსული კანონი“.

„ქართული ოცნების“ კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

საპარლამენტო უმრავლესობის ინიციირებული კანონპროექტის ალტერნატივად გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ დააინიციირა „ოკუპანტი ქვეყნის — რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის“ შესახებ კანონპროექტი. მმართველმა უმრავლესობამ მას მხარი არ დაუჭირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი