საზოგადოება

ფემიციდთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება, რასაც სახელმწიფო ვერ იყენებს

23 დეკემბერი, 2022 • 1783
ფემიციდთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება, რასაც სახელმწიფო ვერ იყენებს

„ფემიციდის თავიდან აცილების უალტერნატივო მექანიზმი“, – ასე ახასიათებენ უფლებადამცველები ელექტრონული ზედამხედველობის რეფორმას საქართველოში, რამაც მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს ქალებზე ძალადობის პრევენციის საქმეში. თუმცა სამაჯურს საქართველოში იმდენად იშვიათად იყენებენ, რომ ეს რეფორმა, სპეციალისტების შეფასებით, დღესდღეობით, ფაქტობრივად, ჩავარდნილია.

რა არის ელექტრონული სამაჯური?

ელექტრონული სამაჯური მოძალადეზე ზედამხედველობის სისტემაა, რომელიც საქართველომ 2020 წლის სექტემბერში დანერგა.

თუ ძალადობის რეალური საფრთხე არსებობს, მოძალადეს სხეულზე უმაგრდება ელექტრონული სამაჯური, ხოლო მსხვერპლს ეძლევა მობილური ტელეფონის მსგავსი პატარა აპარატი. პოლიცია აკონტროლებს, რომ აპარატები არ დაჯდეს. სამაჯურისა და აპარატის მუშაობის მექანიზმი მარტივია: თუ მოძალადე მსხვერპლს მიუახლოვდება, ამის შესახებ პოლიცია მალევე შეიტყობს.

თუ მოძალადე მსხვერპლთან 500 მეტრის რადიუსში აღმოჩნდა, აპარატი ავტომატურად აცნობებს 112-ს, ხოლო 100 მეტრის რადიუსში მიახლოება დარღვევად ითვლება. თავდაპირველად პოლიცია უკავშირდება პოტენციურ მოძალადეს და აფრთხილებს, რომ მსხვერპლს უახლოვდება და ზონა უნდა დატოვოს. თუ მოძლადე გააგრძელებს მოძრაობას, პოლიცია გააფრთხილებს მსხვერპლს და დაიწყებს მოქმედებას.

ზედამხედველობის დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას პოლიცია იღებს, თუმცა საბოლოოდ სასამართლო ამტკიცებს.

მართალია, ეს მექანიზმი ბევრი ქალისთვის ფიზიკური გადარჩენის შანსია, მაგრამ, არსებული მონაცემებით, 2020 წლიდან დღემდე დაახლოებით მხოლოდ 35 პირზე დაინიშნა ელექტრონული ზედამხედველობა, რაც უფლებადამცველების შეფასებით ძალიან ცოტაა, რადგან, როგორც წესი, წელიწადში დააახლოებით 10 ათასი შემაკავებელი ორდერი გამოიცემა და, წესით, ელექტრონული სამაჯური სწორედ შემაკავებელ ორდერთან ერთად უნდა იყოს დამტკიცებული.

გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ამჟამად საქართველოს დაახლოებით 350 ელექტრონული სამაჯური აქვს.

ელექტრონული სამაჯური. ფოტო: შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამაჯურის გაცემის დაბალი მაჩვენებელი კომპლექსური პრობლემაა და რამდენიმე მიზეზი აქვს. უფლებადამცველების აზრით, ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ ქალებს პოლიცია დეტალურად არ უხსნის ელექტრონული სამაჯურის გაცემის პირობებსა და უპირატესობებს, სიტუაციას ართულებს სტერეოტიპები და მითებიც, რომლებიც ამ მექანიზმის ირგვლივ ჩამოყალიბდა.

„რომ არა ელექტრონული სამაჯური, ცოცხალი აღარ ვიქნებოდი“ – რას ყვებიან ქალები

მარიკამაც და ნონამაც (ორივე სახელი შეცვლილია) სხვადასხვა დროს მოძალადის წინააღმდეგ გამოიყენეს ელექტრონული სამაჯურები. ორივე ქალი ამბობს, რომ სამაჯურმა სიცოცხლე გადაურჩინა.

ქალებთან ნეტგაზეთი მათი ინტერესების დამცველმა ორგანიზაციამ „უფლებები საქართველო“ დააკავშირა. მათ ჩვენთან კონფიდენციალურობის პირობით ისაუბრეს.

მარიკა

„შემოდგომაზე დააკავეს, სანადირო თოფით სიცოცხლის მოსპობით დამემუქრა, რასაც ესწრებოდა 2 არასრულწლოვანი ბავშვი. მოსამართლემ წინასასამართლო სხდომაზე არ მიიჩნია ის საშიშ პიროვნებად, ვერ დაინახა შემდგომში იმავეს განმეორების რისკი და გირაოს სანაცვლოდ გამოუშვა, შემოიფარგლა მხოლოდ შემაკავებელი ორდერითა და დამცავი ორდერით. ამის გამო ყველგან, სადაც დავდიოდი, დამყვებოდნენ ჩემი შვილები, ჩემი ოჯახის წევრები.. მაღაზიაშიც რომ ჩავსულიყავი, რომელიც სადარბაზოს კუთხეშია – ამისიც კი ეშინოდათ ხოლმე ბავშვებს.

გავაპროტესტე დამცავი და შემაკავებელი ორდერები, რადგან მესამე პირის დახმარებით მირეკავდა და მეუბნებოდა, რომ ისევ შევრიგებულიყავით. თავი საფრთხის ქვეშ ვიგრძენი და მივიღე გადაწყვეტილება, რომ ელექტრონული ზედამხედველობა დაწესებულიყო. მოვითხოვეთ ეს უკანასკნელი, შევავსეთ კითხვარები და შემდგომ სასამართლოზე მოვიპოვე ამის უფლება.

ელექტრონული სამაჯურის დაწესებისთანავე შვება ვიგრძენი, სიწყნარე. ბავშვებიც დამშვიდდნენ, იცოდნენ, რომ უსაფრთხოდ ვგრძნობდი თავს, თავისუფლად გადავადგილდებოდით ყველანაირი შიშის გარეშე. ბუღალტერიის კურსებზე ვსწავლობ და მანამდე იქაც კი მეშინოდა ხოლმე სიარული.

მართლა ძალიან კარგი კონტროლი აქვთ, თუ, მაგალითად, აპარატი ჯდება, გირეკავენ, გაფრთხილებენ, რომ დატენო. ასევე მაფრთხილებენ, თუ ერთ რადიუსში ვარ. ძალიან დიდი ყურადღება ვიგრძენი, რასაც არ ველოდი.

თვითონ აპარატს რაც შეეხება, ჩვეულებრივი ტელეფონივით არის, საიდანაც ირეკება და შემოდის ზარი – ოღონდ მხოლოდ 112-ის ოპერატორს უკავშირდები. მთავარია, რომ არ დაჯდეს და იყოს დატენილი, თორემ წვდომას კარგავენ შენთან. არსებობს მითი, რომ თითქოს [აპარატს ] დასხივება აქვს და ა.შ. ეს არაა სწორი. არანაირი ზემოქმედება მას არ აქვს. რა უნდა იყოს იმაზე მეტი, ვიდრე ის, რომ გადიხარ გარეთ ქუჩაში და თავს უსაფრთხოდ გრძნობ?!

ყველა ქალმა, ვისაც ამის საჭიროება აქვს, უნდა მოითხოვოს და ალბათ, საუკეთესო დამცავი მექანიზმია. შემაკავებელი ორდერი და დამცავი ორდერი არაფერს წარმოადგენს. თითქმის ყველა მოკლული ქალის საქმეში იყო ეს ორდერები და ფაქტობრივად არ იმუშავა. ელექტრონული ზედამხედველობით კი ძალიან კმაყოფილები ვართ მეც და ჩემი შვილებიც. ყველა ქალს, ვინც ჩემს მდგომარეობაშია, ვურჩევ, რომ მოითხოვონ. მთავარია, სურვილი ჰქონდეთ.

სამაჯურს ვადა 1 თვე აქვს, როგორც ორდერს. ერთი თვის მერე ვაპირებ, რომ ხელახლა მივმართო [ელექტრონულ სამაჯურზე], იმიტომ, რომ ეს ჩემი დაცვის საწინდარია.

ნონა

მთელი 5 თვე ვიყავი ძალადობის მსხვერპლი. ვეუბნებოდი ამ პიროვნებას, რომ არ მინდოდა მასთან ურთიერთობა, მაგრამ არ მანებებდა თავს. დანის გამოყენებით მაიძულებდა მასთან ურთიერთობას. აგვისტოში გადავწყვიტე, რაც იქნება, იქნება-მეთქი და დავრეკე [„უფლებები საქართველოს“] ცხელ ხაზზე. მოვხვდი იურისტთან. ავუხსენი სიტუაცია და ერთად წავედით გამომძიებელთან.

დავწერეთ საჩივარიც და რადგან მეტყობოდა ფიზიკური ძალადობის კვალი, ექსპერტიზაზეც უნდა წავსულიყავით. გადავედით ექსპერტიზაზე, უკან დაბრუნებისას კი მოგვიწია მთელი ღამის იქ [გამომძიებელთან] გატარება. გამომძიებლები კარგად არ მექცეოდნენ, უკან მაბრუნებდნენ. ჩემმა ადვოკატმა იბრძოლა ძალიან ბევრი, ის რომ არა, ალბათ, ცოცხალი აღარც ვიქნებოდი დღეს.

საბოლოოდ, მაინც არაფერი გააკეთეს გამომძიებლებმა, გამოგვიშვეს უკან. ჩვენ კი პატრული გამოვიძახეთ.. აქაც დაგვჭირდა დიდი ომი, მივედით პოლიციის განყოფილებაში და იქაც ასევე დიდი ბრძოლის სანაცვლოდ გამოწერეს ელექტრონული სამაჯური შემაკავებელ ორდერთან ერთად. კიდევ გავიმეორებ – ეს რომ არ მომხდარიყო, მე დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი.

მთელი თვის მანძილზე, სანამ სამაჯური გამოწერილი იყო, თავს ვგრძნობდი დაცულად, რადგან 500 მეტრის რადიუსში თუ მომიახლოვდებოდა [მოძალადე], სამაჯური სიგნალს იძლეოდა. პატარა აპარატია, დაახლოებით რომ წარმოიდგინოთ, „ნოკიას“ ტელეფონები რომ იყო ადრე – მათი მსგავსი. ჩანთაში მედო, ძალიან კომფორტული იყო. არანაირ დისკომფორტს არ მიქმნიდა და დიდ ყურადღებას ვგრძნობდი.

ამჟამად ამ ადამიანს სასჯელი მიუსაჯეს – პირობითი მსჯავრი 1 წელი და 6 თვე. მანამ, სანამ მე საჩივარს დავწერდი, ეს ადამიანი პოლიციელი იყო. საჩივრის შემდეგ გამოუშვეს სამსახურიდან. ვფიქრობ, რაკი პოლიციელი იყო, ალბათ, ხელს აფარებდნენ, არ უნდოდათ არც ელექტრონული სამაჯურის და არც შემაკავებელი ორდერის გამოწერა.

არანაირ დისკომფორტს არ მიქმნიდა ეს აპარატი, პირიქით, ძალიან დაცულად ვგრძნობდი თავს. ნეტავ სულ მქონდეს ჩანთაში. ყველას მხარს დავუჭერ და ვეტყვი, რომ ეს აუცილებელია.

„მიწევს ბრძოლა“ – იურისტის გამოცდილება

ელისო რუხაძე ერთ-ერთია იმ იურისტებს შორის, ვინც ძალადობის მსხვერპლ ქალებს იცავს. რუხაძე განმარტავს, რომ მიუხედავად გამკაცრებული პოლიტიკისა, სახელმწიფო სულ რამდენიმე ერთეულ ელექტრინულ სამაჯურს იყენებს და მათი მოპოვებაც ხშირად უფლებადამცველებს ბრძოლის შედეგად უწევთ.

„არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ელ. სამაჯური სასამართლოს მიერ არ მტკიცდება, იმის გამო, რომ შსს ვერ უსაბუთებს მოსამართლეს, თუ რატომ უნდა გამოიყენონ მოძალადის მიმართ ეს მექანიზმი. არადა, ეს არის ფემიციდის თავიდან აცილების უალტერნატივო მექანიზმი“, – ამბობს იურისტი.

ელისო რუხაძის თქმით, „უფლებები საქართველოს“ დაუგროვდა კრიტიკული შეკითხვები სამართალდამცავი უწყებების მიმართ კონკრეტულ საქმეებთან მიმართებაში. ეს ის შემთხვევებია, როდესაც ქალის გადარჩენისა და ფიზიკური უსაფრთხოებისთვის აუცილებელი იყო ელ. სამაჯურის გამოწერა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა.

ერთი ასეთი შემთხვევა, მისი თქმით, თბილისში მოხდა. რუხაძე ყვება, რომ კაცი ქუჩაში თავს დაესხა ყოფილ მეუღლეს და შშმ ქალი ცივი იარაღით დაჭრა მცირეწლოვანი ბავშვის თვალწინ. იურისტების ცნობით, მოძალადეს ამ საქმეში თავიდანვე უნდა დამაგრებოდა ელექტრონული სამაჯური და ამ ინციდენტს თავიდან ავიცილებდით.

„[ძალადობის] შემთხვევვამდე 10 დღით ადრე გამოიცა შემაკავებელი ორდერი, ისიც დარღვევით. ქალს ჰქონდა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობა, მაგრამ პოლიციამ არ შეავსო შესაბამისი ბლანკი. ასევე, შსს-მ არ გააანალიზა რისკი, ვინაიდან მოძალადე მანამდეც იყო ნასამართლევი.  ეს ქალი სასწაულებრივად გადარჩა სიკვდილს. რომ არა გამვლელი პირები, ახლა უკვე გარდაცვლილი იქნებოდა.

მას შემდეგ, რაც მოხდა ფემიციდის მცდელობა, გამოირკვა შვიდი სხვადასხვა ეპიზოდი, რომ თურმე წარსულში კაცი ძალადობდა არასრულწლოვნის თვალწინ, თუმცა ამის შესახებ თავის დროზე შსს არ დაინტერესდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს ქალი ვერ საუბრობდა გამართულად და არ ჩათვალეს საჭიროდ, რომ დაეთმოთ დრო და ყურადღება. შსს-ს რომ ელექტრონული სამაჯური გამოეცა ან მოსამართლეს პატიმრობა შეეფარდებინა, ეს ქალი იმ უბედურებას გადარჩებოდა. მის არასრულწლოვან შვილს გაჩერებაზე გული წაუვიდა, როდესაც დედა 10 ჭრილობით ნახა. ასეთი შემთხვევები არსებობს და აქ იკვეთება შსს-ს გულგრილობა“

ელისო რუხაძე. ფოტო: „უფლებები საქართველო“

ელისო რუხაძე. ფოტო: „უფლებები საქართველო“

„ელ.სამაჯურის დროს მე არ მახსოვს, რომ განმეორებითი დანაშაული მომხდარიყოს. მე საკმაოდ ვრცელი პრაქტიკა მაქვს და არც კი მსმენია ამის შესახებ. არც ის მგონია, რომ შსს-ს ჰქონდეს მსგავსი საქმე. ელ. სამაჯური მოძალადისთვის ძალიან დისკომფორტია – ფეხზე გაქვს მიბმული ეს აპარატი, სულ მცირე, ერთი თვე, მერე წამდაუწუმ აკონტროლებენ და ეს ძალიან არაკომფორტულია. ხშირად უწევთ პოლიციაში მისვლა, გასაუბრებები.. მუქარაზე და ძალადობაზე კი აუცილებლად იწყება გამოძიება“.

რატომ იყენებენ ელ.სამაჯურს იშვიათად? – შესაძლო მიზეზები

მსხვერპლის არაინფორმირებულობა

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ელექტრონული სამაჯურის გამოწერის მაჩვენებელი ასეთი დაბალია, თავად მსხვერპლის უარია. თუმცა, თავის მხრივ, უფლებადამცველების ნაწილი თანხმდება, რომ უარს მათი არაინფორმირებულობა განაპირობებს, რადგან ხშირ შემთხვევაში პოლიცია მათ სათანადოდ არ/ვერ უხსნის, თუ რა არის ელექტრონული სამაჯური და რა სიკეთის მოტანა შეუძლია მისთვის.

გოგა ხატიაშვილი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი იყო მაშინ, როცა ელექტრონული სამაჯურების გამოყენების წესი შეიმუშავეს, იზიარებს ამ მოსაზრებას.

„თუ პოლიცია სათანადო ინფორმაციას მიაწვდის [მსხვერპლებს], მინიმუმამდე იქნება შემცირებული ისეთი შემთხვევები და რისკები, როდესაც მსხვერპლი უარს იტყვის ამ სამაჯურის გამოყენებაზე. ზოგჯერ ადამიანს აქვს იმის შიში, რომ ამ სამაჯურის გამოყენების პირობებში ვიღაც მას უთვალთვალებს, პირად ცხოვრებაში ერევა, ასევე შიში აქვთ იმის, რომ თუ ეს მიმღები აპარატი დაუზიანდებათ – რაღაც სერიოზული თანხები ექნება გადასახდელი. არადა, დაზღვეულია ეს ელექტრონული ზედამხედველობის სისტემა. ამ რისკებისა და საფრთხეების შესახებ როდესაც აქვთ მსხვერპლებს არასწორი ინფორმაცია, თუ პოლიციელმა არ განუმარტა და სათანადო ძალისხმევა არ გამოიჩინა, ბუნებრივია, არაინფორმირებულობის პირობებში ბევრი მსხვერპლი უარს იტყვის.“

ხატიაშვილი ხაზს უსვამს იმასაც, რომ შსს არ აწარმოებს სრულყოფილ სტატისტიკას იმის შესახებ, თუ რომელ საქმეებში არსებობდა სამაჯურის გამოყენების საჭიროება და სად განაცხადა მსხვერპლმა უარი.

რისკის შეფასების ინსტრუმენტი და მტკიცებულებები

კიდევ ერთი მიზეზი, რომელიც ელ. სამაჯურების გამოყენების დაბალ მაჩვვენებელს უკავშირდება – რისკის შეფასების ინსტრუმენტია.

რისკების შეფასების ინსტრუმენტი სტრუქტურირებული კითხვარია, რომელიც დაახლოებით 25 კითხვისგან შედგება – ზოგიერთ კითხვას აქვს ქვეკითხვებიც.

ამ კითხვებზე პასუხებით მსხვერპლი აღწერს, რა მოხდა, ვინ იყო მოძალადე და რა გარემოებაში მოხდა ძლადობა. ამ კითხვაზე დაყრდნობით პოლიცია წყვეტს, რა მოიმოქმედოს: გამოსცეს თუ არა შემაკავებელი ორდერი ან/და ელექტრონული ზედამხედველობა. კითხვარში დაახლოებით 7 შეკითხვა სწორედ ელ. ზედამხედველობას ეხება.

თუ ქულათა ჯამი 10-ზე ნაკლებია, სამინისტროს თანამშრომელს არ აქვს უფლება, რომ ელ. ზედამხედველობა გამოიყენოს, თუ ჯამი არის 10-დან 15 ქულამდე, პოლიციელმა თავად უნდა გადაწყვიტოს ზედამხედველობის საკითხი, ხოლო თუ 15 ქულაზე მეტია – ზედამხედველობის დაწესება სავალდებულოა.

უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ არის შემთხვევები, როდესაც რისკის შეფასების ოქმი სათანადოდ არ დგება, ან პოლიციელები მისი შევსებისას თავად უშვებენ შეცდომებს.

„მსხვერპლს რომ უსვამ შეკითხვას, დარწმუნებული უნდა იყო, რომ ამ შეკითხვის შინაარსი მას სათანადოდ ესმის, რათა ჭეშმარიტი და სრულყოფილი პასუხი გაგცეს. და თუ მსხვერპლს არ განუმარტე, ამ კითხვის მიღმა რა იგულისხმება, -და ხშირად განმარტების საჭიროება არსებობს, – შეიძლება, რომ მიღებული პასუხებით შენ ობიექტური რეალობა ვერ დაადგინო. ამიტომაც, ერთია რისკის შეფასების ინსტრუმენტის გადახედვა, მეორე კი არის პრაქტიკაში კარგად და სწორად გამოყენება – რომ შეავსო ობიექტურად და სრულყოფილად“ ,- ამბობს გოგა ხატიაშვილი.

გოგა ხატიაშვილი. ფოტო: პირადი ფეისბუკი

არსებობს მოსაზრებაც, რომ ელექტრონული სამაჯურის დამტკიცებისას სასამართლო განსაკუთრებულად მაღალი სტანდარტით ითხოვს მტკიცებულებებს. ამას არ ეთანხმება იურისტი ელისო რუხაძე. პრაქტიკაზე დაყრდნობით ის ამბობს, რომ სასამართლოს მართლაც სჭირდება მკტიცებულებები, რადგან ელ. სამაჯურის დაწესება პირის კონსტიტუციურ უფლებებს ზღუდავს, თუმცა მაღალი რისკის მოძალადესთან ასეთი მტკიცებულებები სულ იარსებებს.

მსხვერპლი ქალის ჩვენება და პლუს რამდენიმე მიმოწერა, ან მუქარა, ან თუნდაც ბრალდებულის ქცევა, რომელიც პოლიციელის სამხრე კამერაზე აღიბეჭდება – არის აბსოლუტურად საკმარისი მტკიცებულება, რომ ელ. სამაჯური დამტკიცდეს“, – დასძენს რუხაძე. 

რაც შეეხება სასამართლოს სტატისტიკას, გოგა ხატიაშვილი ამბობს, რომ ცალკე სასამართლო ამაზე სტატისტიკას არ აწარმოებს. თუმცა, მის მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად,  სულ 3 შემთხვევაა, როდესაც სასამართლომ ელექტრონული ზედამხედველობა არ დაამტკიცა.

„მიმდინარეობს რისკის შეფასების ინსტრუმენტის გადასინჯვა“

გაეროს ქალთა ორგანიზაცია აქტიურად ეხმარება შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონული სამაჯურების დანერგვაში.

ნეტგაზეთთან ინტერვიუში გაეროს ქალთა ორგანიზაციის ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ პროგრამების ხელმძღვანელმა ირინა ჯაფარიძემ თქვა, რომ რეფორმის ჩატარებისას შეისწავლეს სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო გამოცდილება. საერთაშორისო პრაქტიკით დადასტურდა, რომ მექანიზმი 100%-იან გარანტიას იძლევა იმისა, რომ მოძალადე ვერ მოახერხებს მსხვერპლთან მიახლოებას.

„როდესაც ახალი მექანიზმები და მომსახურებები ინერგება, საჭიროა დრო იმისთვის, რომ საზოგადოებამ შეიტყოს მათ შესახებ, გაიცნოს და ა.შ. მაგალითად, 2006 წელს კანონი რომ იქნა მიღებული ოჯახში ძალადობის შესახებ – შემაკავებელი ორდერების, ამასაც დრო დასჭირდა, რომ ამუშავებულიყო. თავიდან 200-მდე შემაკავებელი ორდერი გამოიცემოდა ყოველწლიურად ახლა კი 10 ათასზე მეტია. ასევე, თავშესაფრის და კრიზისული ცენტრების მიმართვიანობის ზრდასაც გარკვეული დრო დასჭირდება. იმედი გვაქვს, რომ ეს მექანიზმიც გამოყენებული იქნება სათანადოდ და გაიზრდება მაჩვენებელი. ახლა მიმდინარეობს რისკის შეფასების ინსტრუმენტის გადასინჯვა. საუბარია რისკის ზღვარზე [კითხვარის შედეგად დადგენილი], რომლის დროსაც ხდებოდა ელ. სამაჯურის გამოწერა და შესაძლებელი გახდება, რომ უფრო მეტ შემთხვევაში იქნეს ზედამხედველობა გამოყენებული.“

ირინა ჯაფარიძე

სტერეოტიპები

ელექტრონული სამაჯურის საკითხის ირგვლივ საზოგადოებაში ბევრი მცდარი წარმოდგენა და სტერეოტიპი არსებობს. მაგალითად, არასწორია, რომ თითქოს აპარატს აქვს ძლიერი გამოსხივება. კიდევ ერთი სტერეოტიპია, რომ აპარატში ფარული მიყურადების მექანიზმია დამონტაჟებული ან პოლიცია ელ. სამაჯურის მეშვეობით მსხვერპლის პირადი ცხოვრების დეტალებს იგებს.

„საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია მიიჩნევს, რომ შსს-მ უკეთ უნდა იმუშაოს მათ შორის ამ მცდარი წარმოდგენების დაძლევაში, რასაც სწორი საკომუნიკაციო სტრატეგია სჭირდება. ამ პროცესში უფლებადამცველები ასევე ხედავენ მედიის დიდ როლს, რათა ამ უკანასკნელმა დეზინფორმაცია გააქარწყლოს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ თემაზე ნეტგაზეთთან სუბრისაგან თავი შეიკავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი