ახალი ამბები

თბილისში, ნინოშვილზე სახლის თაღის კედელი ჩამოიშალა

19 მარტი, 2024 •
თბილისში, ნინოშვილზე სახლის თაღის კედელი ჩამოიშალა

თბილისში, ნინოშვილის 48 ნომერში საცხოვრებელი სახლის თაღის კედელი ჩამოიშალა. როგორც „ნეტგაზეთს“ ადგილობრივები უყვებიან,  თაღისთავზე, რომლის კედელიც ჩამოინგრა, საცხოვრებელი სახლები მდებარეობს, ჯამში კი, ე.წ. იტალიურ ეზოში 27 ოჯახი ცხოვრობს.

ერთ-ერთი ადგილობრივი აინა ინარიძე „ნეტგაზეთს“ ეუბნება, რომ მისი ბინა სწორედ იმ თაღის თავზეა, რომლის კედელიც ჩამოიშალა. ინარიძის თქმით, ნინოშვილის 48 ნომრის მცხოვრებლებმა ორი წლის წინ შეამჩნიეს, რომ კანალიზაცია იჭედებოდა და მერიას და GWP-ს მიმართეს, თუმცა შედეგი არ დამდგარა:

„ხან GWP-ს მივმართავდით, რომელიც გადაგვამისამართებდა მერიასთან, მერია გვამისამართებდა GWP-სთან“, — ამბობს ინარიძე „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.

მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ წვიმის გამო ეზო დაიტბორა და წყალი სახლშიც შევარდა, რის შემდეგაც მერიის წარმომადგენლები ადგილზე მივიდნენ და დაიწყეს მუშაობა, რათა კერძო საკუთრების ტერიტორიაზე კანალიზაციის მილი ეპოვათ, თუმცა, როგორც ადგილობრივი ამბობს, აღმოჩნდა, რომ შიდა მილი ცენტრალურ საკანალიზაციო მილზე დაერთებული არ იყო და ამ დროის განმავლობაში კანალიზაცია საძირკველში ჩაედინებოდა:

„ამ გათხრა-გამოთხრაში მილი ვერ იპოვეს, აღმოჩნდა, რომ ამდენი ხანი ჰაერში ვიყავით და ეს ყველაფერი საძირკველში მიდიოდა. ამის შემდეგ, როგორც იქნა, GWP მოვიდა, რომ გარე არეალში გაეთხარათ. გუშინ გათხარეს, რომ დაეერთებინათ მთავარ საკანალიზაციო მილზე და ამასობაში კედელს გამოეცალა საფუძველი. ორი დღეა მერიას ვეხვეწებით, რომ არ დაგვტოვონ ისე, რადგან შეიძლება კედელი ჩამოინგრეს. მერიამ გვიპასუხა, რა გგონიათ, რას გიზამთ?! თქვენს თავს თქვენ თვითონ მიხედეთო“, — აცხადებს ადგილობრივი „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.

მისი თქმით, სანამ მეზობლები ამ ბიუროკრატიაში გარკვევას ცდილობდნენ, დღეს, 18 მარტს, დაახლოებით 15:00 საათზე თაღის კედელი ჩამოშალა:

„ამასობაში, ამ აქეთ-იქეთ სირბილში თაღის კედელი, რომელსაც უჭირავს სამი სართული, ჩამოიშალა“ ,— ამბობს ინარიძე.

მისი თქმით, სახლს ავარიულის სტატუსი აქამდე არ ჰქონია. ნინოშვილის 48 ნომერში მცხოვრები 27 ოჯახი, ქალის თქმით ,ამ დრომდე ელოდება მერიისგან პასუხს, უსაფრთხოა თუ არა საცხოვრებელ სახლებში დარჩენა.

„ნეტგაზეთი“ მომხდარზე დაუკავშირდა თბილისის მერიას და GWP-ს. თბილისის მერიაში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ ადგილზე იმყოფება თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია, რომლის დასკვნის საფუძველზე გადაწყდება, რა ტიპის სამუშაო იქნება ჩასატარებელი. მერიაში ამბობენ, რომ ჩუღურეთის გამგეობა, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს მოსახლეობის ქირით გაყვანას:

„დამატებით გაცნობებთ, რომ ნინოშვილის ქუჩაზე მოსახლეობის მომართვიანობის საფუძველზე მიმდინარეობდა წყალარინების ქსელის მოწესრიგების სამუშაოები. პროექტის მსვლელობისას ჩუღურეთის რაიონის გამგეობის კონტრაქტორი კომპანიის მიერ აღმოჩენილი იქნა კომპანია „ჯივიპის“ მილის დაზიანება, მყისიერად გადაეცა საკითხი აღნიშნულ კომპანიას, რომელმაც გუშინ დაიწყო პრობლემაზე მუშაობა“, — აცხადებენ თბილისის მერიაში.

GWP-ში კი ამბობენ, რომ გუშინ მიიღეს შეტყობინება, რომ გამგეობის კონტრაქტორი კომპანიის მიერ ჩატარებული სამუშაოებისას დაზიანდა მათი მილი. კომპანიაში აცხადებენ, რომ სამუშაოები წითელ ხაზებს მიღმა, თაღის გარე ტერიტორიაზე აწარმოეს და მის ქვეშ არ გაუთხრიათ.

განახლება:

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ „ნეტგაზეთს“ GWP-მ უფრო ვრცელი კომენტარი მიაწოდა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კორპუსის თაღირს ფრაგმენტის ჩამოშლასთან დაკავშირებით მათ მფლობელობაში არსებულ ქსელს და მასზე წარმოებულ სამუშაოებს არანაირი კავშირი არ აქვს:

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ინფორმაციით ნინოშვილის ქუჩა N48-სთან არსებული დაზიანებული წყალარინების ქსელი ე.წ. “იტალიური ეზოს” წითელ ხაზებს შიგნით მდებარეობს, რომელსაც სემეკის “სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების” 24-ე მუხლის თანახმად “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ექსპლუატაციას არ უწევს. შესაბამისად ვერც აღნიშნული ქსელის რეაბილიტაციას მოახდენდა.

წითელ ხაზებში მოქცეულ ტერიტორიაზე სამუშაოს ჩვენი ინფორმაციით გამგეობის მიერ დაქირავებული კერძო კომპანია ახორციელებდა. კონრაქტორი კომპანიის მიერ ჩატარებულმა სამუშაომ გამოიწვია ჯივიპის მფლობელობაში არსებული წყალარინების გარე ქსელის გაბიდვნაც, რის გამოც ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს მოუწია აღნიშნულ ქსელზე თავის მხრივ გადაუდებელი სამუშაოების ჩატარება.

კორპუსის თაღის ფრაგმენტის ჩამოშლასთან ჯივიპის მფლობელობაში არსებულ ქსელს და მასზე წარმოებულ სამუშაოებს არანაირი კავშირი არ აქვს,“ — განუცხადეს „ნეტგაზეთს“ კომპანიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი