ახალი ამბები

რა შემთხვევაში მოიპოვებს საქართველოს ნაკრები პარიზის ოლიმპიადის საგზურს

29 ივნისი, 2023 •
რა შემთხვევაში მოიპოვებს საქართველოს ნაკრები პარიზის ოლიმპიადის საგზურს

საქართველოს ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია. აღნიშნული მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ასაკობრივი კატეგორიის საერთაშორისო ტურნირის ფინალურ ეტაპზე საქართველო პირველად ასპარეზობს, არამედ იმის გამოც, რომ ქვეყანას პირველად ეძლევა შესაძლებლობა, ოლიმპიადაზე საკუთარი ნაკრები გაგზავნოს.

ფეხბურთი პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე

ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ფეხბურთში შეჯიბრება 1900 წლიდან იმართება, 1996 წლიდან კი სპორტის ამ სახეობაში ქალთა ტურნირიც დაემატა. ქალთა ნაკრებებს შორის შეჯიბრებაში 12 გუნდი იღებს მონაწილეობას, კაცები კი 16 ქვეყნიდან ასპარეზობენ.

ქალთა ტურნირისგან განსხვავებით, კაცებში ასაკობრივი ცენზი მოქმედებს. გუნდები იმგვარად უნდა იყოს დაკომპლექტებული, რომ მასში მონაწილეობა 2001 წლის პირველ იანვარს ან შემდეგ დაბადებულმა სპორტსმენებმა მიიღონ (ტურნირის პერიოდში 23 წლის), თუმცა ყველა გუნდს შეუძლია სამი ნებისმიერი ასაკის სპორტსმენის დამატება. ჯამში, თითოეული გუნდი 18 ფეხბურთელისგან უნდა იყოს შემდგარი.

1 გუნდი მასპინძელი ქვეყნიდან ტურნირზე ავტომატურად ხვდება, დანარჩენ გუნდებს კი ფეხბურთის რეგიონული ორგანიზაციები ავლენენ ადგილობრივი ტურნირების მეშვეობით.

მათ შორის, პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე იასპარეზებს:

  • 3 გუნდი აზიიდან;
  • 3 გუნდი აფრიკიდან;
  • 2 გუნდი ჩრდილოეთ, ცენტრალური ამერიკიდან და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებიდან;
  • 2 გუნდი სამხრეთ ამერიკიდან;
  • 3 გუნდი ევროპიდან;
  • 1 გუნდი ოკეანიიდან.
  • +1 ოლიმპიადის საგზურს მოიპოვებს აფრიკისა და აზიის მეოთხეადგილოსან ნაკრებებს შორის გამარჯვებულიც.

ევროპული ქვეყნების ნაკრებები ოლიმპიადის საგზურს მიიღებენ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგის შესაბამისად. ტურნირის სამი საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი კი ავტომატურად მიიღებს ოლიმპიადაზე ასპარეზობის უფლებას. თუმცა საქართველოს ნაკრებისთვის პოზიტიური ამბავი ისაა, რომ მეოთხედფინალში გასული 8 გუნდიდან 2 ეროვნულ ნაკრებს ოლიმპიადის საგზურში არ ეცილება.

საფრანგეთის ნაკრებს პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ასპარეზობა მასპინძლის კვოტით აქვს გარანტირებული, ინგლისის ნაკრები კი ოლიმპიადაზე ვერ წავა, რადგანაც ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო იღებს.

უნიკალური შანსი საქართველოს ნაკრებისთვის

ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე წაუგებელი სერიის შედეგად, საქართველოს ეროვნული ნაკრები ტურნირის მეოთხედფინალშია, სადაც მომდევნო შეხვედრას ისრაელის ნაკრებთან გამართავს.

საქართველოსა და ისრაელის ნაკრებებს გარდა, ჩემპიონატის პლეიოფში ასევე გადავიდნენ პორტუგალიის, ესპანეთის, უკრაინის, ინგლისის, საფრანგეთისა და შვეიცარიის ახალგაზრდული ნაკრებები.

შესაბამისად, თუ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შეძლებს ისრაელის ნაკრების დამარცხებას და ნახევარფინალურ ეტაპზე გადასვლას, იქ კი ოთხ საუკეთესო გუნდში ინგლისი ან/და საფრანგეთიც გადავა, რისი შანსიც საკმაოდ დიდია, საქართველოს ნაკრებს ოლიმპიადის საგზური ავტომატურად მიენიჭება.

უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, თუკი ინგლისსა საფრანგეთს შორის ერთ-ერთი შეძლებს ნახევარფინალურ ეტაპზე გადასვლას, მეორე კი ვერა, 4 ნახევარფინალისტიდან ოლიმპიადის საგზური დანარჩენ სამ გუნდს გადაეცემა.

მოვლენათა ამგვარი განვითარების შემთხვევაში, პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ასპარეზობისთვის საქართველოს ნაკრებს აუცილებლად სჭირდება, რომ ისრაელი დაამარცხოს და ნახევარფინალის საგზური თავადაც გაინაღდოს.

თუ საქართველო ისრაელთან წააგებს…

თუმცა, ბუნებრივია, არსებობს მოვლენათა იმგვარი განვითარების შესაძლებლობაც, რომ ნახევარფინალში ვერც საქართველო მოხვდეს და ვერც ინგლისი და საფრანგეთი.

მოვლენების ამგვარი განვითარების შემთხვევაში, თუ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ნახევარფინალში ესპანეთი/შვეიცარიის შეხვედრის გამარჯვებული, ისრაელი, უკრაინა და პორტუგალია გავა, ფინალში გადასული ორი გუნდი ოლიმპიადის საგზურს მოიპოვებს, 7 ან 8 ივლისს კი ბუქარესტში ნახევარფინალში დამარცხებულ გუნდებს შორის მესამე ადგილისთვის შეხვედრა გაიმართება. ამგვარ ნეგატიურ სცენარში, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ოლიმპიადის საგზურს დაემშვიდობება.

ოლიმპიადის საგზურის მოპოვების შანსი საქართველოს ნაკრებს იმ შემთხვევაშიც ექნება, თუ თავად ნახევარფინალში ვერ გავა, მაგრამ ამ შემთხვევაში ინგლისმაც უნდა მოიგოს თავისი თამაში და საფრანგეთმაც. ასეთ სცენარში ოლიმპიადაზე ნახევარფინალში გასული ორი სხვა გუნდი (ვინც ინგლისსა და საფრანგეთს შეხვდებიან) გაემგზავრება, ოლიმპიადის მესამე საგზური კი მეოთხედფინალისტებიდან ერთს მიენიჭება.

აღნიშნულ შესაძლებლობაზე ოლიმპიადის ოფიციალურ ვებგვერდზე მხოლოდ მცირე ჩანაწერი იძებნება, სადაც აღნიშნულია, რომ  ნახევარფინალურ ეტაპზე ინგლისისა და საფრანგეთის გასვლის შემთხვევაში, ოლიმპიადის დარჩენილი 1 საგზურისთვის ორი საუკეთესო შედეგის მქონე მეოთხედფინალისტს შორის პლეიოფი გაიმართება, თუმცა ამჟამად ცნობილი არაა, რა პრინციპით მიენიჭებათ გუნდებს უპირატესობა.

ასეთი სცენარის განვითარების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრების შანსების შესაფასებლად ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე სხვა მეოთხედფინალისტების მიერ დაფიქსირებული შედეგები უნდა შევაჯამოთ.

გუნდების შედეგები U21 ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე

  • ისრაელი
    ისრაელის ახალგაზრდული ნაკრები ევროპის U21 ჩემპიონატზე C ჯგუფში ასპარეზობდა. გუნდმა ჩატარებული სამი შეხვედრიდან ერთში გაიმარჯვა, ერთში მარცხი იწვნია, ერთი შეხვედრა კი ფრედ დაასრულა. შესაბამისად, ისრაელის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჯგფურ ეტაპზე 4 ქულა დააგროვა და მეორე ადგილი დაიკავა.
  • პორტუგალია
    პორტუგალიის ახალგაზრდული ნაკრები ტურნირის A ჯგუფში იყო განთესილი. გუნდმა ჩატარებული სამი თამაშიდან ერთში მარცხი იწვნია, ერთი მოიგო, ერთი კი ფრედ დაასრულა. შესაბამისად, პორტუგალიის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი 4 ქულითა და მეორე ადგილით დაასრულა.
  • ესპანეთი:
    ესპანეთი ერთ-ერთია იმ ნაკრებებს შორის, რომელმაც ჯგუფური ეტაპი მეოთხედფინალისტებს შორის საუკეთესო შედეგით დაასრულა. გუნდმა სამიდან ორი შეხვედრა მოიგო, ერთი კი ფრე ითამაშა და B ჯგუფში 7 ქულა და პირველი ადგილი მოიპოვა.
  • უკრაინა
    7 ქულის დაგროვება შეძლო B ჯგუფის მეორეადგილოსანმა უკრაინამაც. ესპანეთის მსგავსად, უკრაინის ახალგაზრდულმა ნაკრებმაც 2 შეხვედრაში მოიპოვა გამარჯვება, ერთი კი ფრედ დაასრულა.
  • შვეიცარია
    შვეიცარიის ახალგაზრდულ ნაკრებს ჯგუფურ ეტაპზე ყველა დანარჩენ მეოთხედფინალისტზე ნაკლები, 3 ქულა აქვს დაგროვებული. გუნდი ორ შეხვედრაში დამარცხდა და მხოლოდ ერთში შეძლო გამარჯვება, თუმცა, მიუხედავად ამისა, ჯამში, გატანილი 5 გოლის წყალობით D ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.
  • საქართველო
    საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე, მასპინძლის კვოტით მოხვდა. გუნდმა ჩატარებული სამი შეხვედრიდან ერთი მოიგო, ორი კი ფრედ დაასრულა. შესაბამისად, A ჯგუფში 5 ქულა მოიპოვა და პირველი ადგილი დაიკავა.

რომ შევაჯამოთ, მეოთხედფინალისტებს შორის ჯგუფურ ეტაპზე მოპოვებული ქულების მიხედვით საქართველოს მხოლოდ ესპანეთი და უკრაინა უსწრებენ, თუმცა საკუთარი ჯგუფები პირველი ადგილით, საქართველოს გარდა, მხოლოდ ესპანეთმა დაასრულა.  ჯგუფური ეტაპი მეოთხედფინალისტებიდან, რომლებსაც ოლიმპიადის საგზური შეუძლიათ მოიპოვონ, წაუგებლად მხოლოდ საქართველომ, ესპანეთმა და უკრაინამ დაასრულეს.

ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რომელი კრიტერიუმის საფუძველზე გამოვლინდება საუკეთესო 2 მეოთხედფინალისტი, თუმცა ერთი რამ ნათელია, თუ საქართველო ისრაელთან დამარცხდება, მოუწევს უგულშემატკივროს ესპანეთს, ინგლისსა და საფრანგეთს, თავად კი მე-3 საგზურისთვის ბრძოლა ამ სცენარში დიდი ალბათობით უკრაინასთან მოუწევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი