ონლაინგამოცემა „მთის ამბები“ მედიასაშუალებაზე მორიგ თავდასხმად აფასებს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას.
ასე ეხმაურება „მთის ამბები“ შალვა პაპუაშვილის მიერ დღეს, 9 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებას. კერძოდ, დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გამართა შოვის სტიქიასთან დაკავშირებით. ბრიფინგის დიდი ნაწილი პაპუაშვილმა მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკას დაუთმო. მან კვლავ გააკრიტიკა “მთის ამბები”, გამოცემა, რომელმაც პირველმა გაავრცელა ცნობა შოვში მეწყრის შესახებ, ასევე, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, და ყალბი ამბების გავრცელებაში დაადანაშაულა.
„მთის ამბების“ განცხადებით, ბოლო დღეებში „ქართული ოცნება“ „მთის ამბების“ წინააღმდეგ აწარმოებს აგრესიულ კამპანიას, რაც საფრთხეს უქმნის მათი ჟურნალისტების ფიზიკურ ხელშეუხებლობასა და პროფესიულ საქმიანობას.
„მთის ამბების“ განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის და სხვა საჯარო პირების დაუსაბუთებელი და უპასუხისმგებლო განცხადებები ახალისებს ძალადობის სახიფათო ფორმებს.
„მთის ამბების“ განცხადებით, პაპუაშვილს არ მოსწონს, რომ მათი გამოცემა შოვში მომხდარ ტრაგედიას სტიქიური უბედურების პირველივე წუთებიდან აშუქებს. მათივე განცხადებით, ეს არ მოსწონთ მთავრობის წარმომადგენლებსა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის ლიდერებს.
„ჩვენი ვალდებულებაა, უზრუნველვყოთ საზოგადოების ინფორმირება, განსაკუთრებით კრიზისული ვითარების დროს. ახლაც მხოლოდ ამაზე ვართ კონცენტრირებული, ხელისუფლების მიზანია მოგვაცდინონ, ყურადღება სხვა საკითხებზე გადაგვატანინონ, საზოგადოებაში კი დაბნეულობა შეიტანონ. არ ვაპირებთ, ხელისუფლებას შევყვეთ პოლიტიკურ დებატებში.
მთავრობა აღარ გვიშვებს სტიქიის ზონაში, შეზღუდული აქვს სახელმწიფო უწყებებში არსებული საჯარო ინფორმაციის გაცემა. ფაქტობრივად, არ გვაქვს წვდომა მთელ რიგ დოკუმენტებზე. ამის მიუხედავად, ჩვენ გავაგრძელებთ სტიქიური უბედურების მიზეზების კვლევას, დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტების გამოვლენას და საზოგადოებისთვის მიუკერძოებელი ინფორმაციის მიწოდებას.
„მთის ამბები“ მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, უზრუნველყონ „მთის ამბების“ ჟურნალისტების უსაფრთხოება.
შოვში მომხდარი სტიქიის ფონზე „მთის ამბების“ რედაქტორს, გელა მთივლიშვილს საჯარო მოხელე „წყალში გადაგდებით“ მხოლოდ იმიტომ დაემუქრა, რომ ის შოვის სტიქიას აშუქებს. რომ არა „მთის ამბები“, სტიქიურ უბედურებას ქვეყანა ალბათ რამდენიმე საათის დაგვიანებით შეიტყობდა.
გელა მთივლიშვილი ამბობს, რომ აგრესია მათ მიმართ მხოლოდ მას შემდეგ გაჩნდა, რაც გელა მთივლიშვილს ირაკლი კობახიძემ „არაკაცი“ უწოდა, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პოსტის წაშლა მოითხოვა.
გელა მთივლიშვილი აცხადებს, რომ ის თავს არ გრძნობს უსაფრთხოდ, თუმცა მაინც აგრძელებს სტიქიის ზონიდან მუშაობას.
3 აგვისტოს, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის ზონაში მეხუთე დღეა სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის ცნობილია 20 გარდაცვლილის შესახებ, 13 ადამიანის სამძებრო სამუშაოები კი ამ დრომდე გრძელდება.
