ახალი ამბები

რა წერია საქართველოზე ევროპის საბჭოს ანგარიშში პრესის თავისუფლებაზე

5 მარტი, 2024 • 1078
რა წერია საქართველოზე ევროპის საბჭოს ანგარიშში პრესის თავისუფლებაზე

ევროპის საბჭო აქვეყნებს ევროპაში პრესის თავისუფლების შეფასების 2024 წლის ანგარიშს. დოკუმენტში, რომელიც ევროპის ქვეყნებში ჟურნალისტების უფლებრივ მდგომარეობას და პრესის თავისუფლების მიმართულებით არსებული ვითარებაა მიმოხილული, საქართველოს შესახებაცაა საუბარი.

დოკუმენტში პოზიტიურადაა შეფასებული პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალება. ანგარიშის ავტორების თქმით, ის ქვეყანაში ერთადერთი ჟურნალისტი იყო, რომელიც პატიმრობაში იმყოფებოდა.

ამასთან, დოკუმენტში შეშფოთებაა გამოთქმული იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ საქართველოში არ შემოუშვეს არაერთი დამოუკიდებელი რუსი ჟურნალისტი. ანგარიშში უარყოფითადაა შეფასებული საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესთან დაკავშირებული ცვლილებები, რომლის მიხედვითაც,მაუწყებლის დაფინანსება ყოველწლიურად ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის პროპორციულად აღარ გაიზრდება.

ანგარიშის ავტორების თქმით, კანონპროექტი პარლამენტმა ღია საჯარო დებატებისა და ექსპერტების ჩართულობის გარეშე მიიღო.

მას შემდეგ, რაც პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესში ცვლილებები გასული წლის ნოემბერში პირველი მოსმენით მიიღო, მაუწყებლის მენეჯმენტმა პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა მოითხოვა. ისინი აცხადებდნენ, რომ დაფინანსების წესის ცვლილება და ბიუჯეტზე მისი მიბმა საფრთხის ქვეშ აყენებდა მაუწყებლის დამოუკიდებლობასა და მისი ფუნქციების სრულყოფილად შესრულებას.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი, თინათინ ბერძენიშვილი და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ვასილ მაღლაფერიძე პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილსა და “ქართული ოცნების” იმდროინდელ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ და მხარეებმა მაუწყებლის დაფინანსების წესის ცვლილებაზე იმსჯელეს. ამ შემხვედრის შემდეგ კი პარლამენტმა კანონპროექტი შეცვალა.

დოკუმენტის საბოლოო ვერსიით, რომელიც პარლამენტმა გასული წლის დეკემბერში დაამტკიცა მესამე მოსმენით, უქმდება კანონით განსაზღვრული მაუწყებლის დაფინანსების ნორმა, რომელიც მაუწყებლის დაფინანსებას მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14%-ს ითვალისწინებდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ახალი ფორმულის გათვალისწინებით, 2026 წლიდან მაუწყებლის დაფინანსება სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დასაქმებულ პირთა მონაცემებზე დაყრდნობით გამოითვლება.

კერძოდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი დაფინანსდება წინა წლის დასაქმებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობისა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბიუჯეტის დაფინანსების კოეფიციენტის – 64 ლარის ნამრავლის შედეგად მიღებული თანხის მოცულობით, მაგრამ არანაკლებ წინა წელს დამტკიცებული ბიუჯეტის მთლიანი ასიგნების ოდენობისა.

ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის დაფინანსების ოდენობის შემცირება მხოლოდ სამეურვეო საბჭოს თანხმობით იქნება შესაძლებელი. აღნიშნული ნორმები 2026 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში. პროექტით ასევე განისაზღვრა გარდამავალი დებულებები 2024-2025 წლებისთვის.

კერძოდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი 2024 – 2025 წლებისთვის წინა წლის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული მთლიანი ასიგნების ოდენობით დაფინანსდება. გარდა ამისა, იცვლება აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დაფინანსების ოდენობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი