„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ შეფასებით, ევროკომისიის ანტიკორუფციული მოთხოვნების საპასუხოდ ინიციირებული საკანონმდებლო პაკეტი არ ითვალისწინებს ევროკომისიისა და ვენეციის კომისიის კრიტიკულად მნიშვნელოვან რეკომენდაციებს, რიგი მიმართულებით აუარესებს არსებულ რეგულაციებს და აჩენს კითხვებს კონსტიტუციასთან შესაბამისობის თაობაზე.
კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, პროექტში არ არის გათვალისწინებული ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის უზრუნველყოფა, ასევე, მაღალი დონის კორუფციული შემთხვევების საგამოძიებო ფუნქციის ბიუროსთვის მინიჭება.
„საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების ინიციირებული ვერსიის დამტკიცება შეაფერხებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, რადგან ევროკომისიის მოთხოვნების უმნიშვნელოვანესი ნაწილი შეუსრულებელი დარჩება“, – ნათქვამია TI-საქართველოს განცხადებაში.
TI-საქართველოს შეფასებით, ინიციირებული ცვლილებები რიგ შემთხვევაში ითვალისწინებს ისეთ დებულებებს, რომლებიც არც ვენეციის კომისიის და არც ევროკომისიის რეკომენდაცია არ ყოფილა და აუარესებს არსებულ პრაქტიკას, მაგალითად:
- ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიმართვის საფუძველზე შესაძლებელი ხდება პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციის გაუქმება ანუ მისი ლიკვიდაცია, 2 წლის განმავლობაში ფინანსური დეკლარაციის წარუდგენლობის საფუძვლით. კონსტიტუციის მიხედვით, პარტიის გაუქმება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია, თანაც ისეთ შემთხვევებში, როდესაც პარტიის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან როდესაც პარტია ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს შუღლს. შესაბამისად, პარტიის გაუქმება ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით, რომლის საფუძველიც ფინანსური დეკლარაციის წარმოუდგენლობაა, დაუშვებელია, რადგან ის როგორც ფორმით, აგრეთვე შინაარსით ეწინააღმდეგება კონსტიტუციას;
- თუ თანამდებობის პირის მიერ შევსებული დეკლარაცია ხარვეზს შეიცავს, ბიურო იტოვებს უფლებამოსილებას, 2 თვემდე ვადით არ გამოაქვეყნოს დეკლარაცია და არც საჯარო ინფორმაციის ფარგლებში გასცეს, რაც უკან გადადგმული ნაბიჯია და დეკლარაციის საჯაროობის ხელოვნურად შეზღუდვა ეწინააღმდეგება საერთაშორისო კარგ პრაქტიკას.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო“ ხაზს უსვამს, რომ ევროკომისია საქართველოს მთავრობას ანტიკორუფციული რეფორმების გატარებას ვენეციის კომისიის დასკვნის საფუძველზე სთხოვს და ელიტური კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ევროკომისიის კიდევ ერთი რეკომენდაციის – დეოლიგარქიზაციის მისაღწევად საჭირო კომპონენტიცაა.
ევროკომისიის დათქმისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი: ბიუროს უფროსი უნდა დანიშნოს არა პრემიერ-მინისტრმა, არამედ საქართველოს პარლამენტმა კვალიფიციური უმრავლესობით ან მრავალპარტიული შეთანხმების საფუძველზე; ამასთან, ბიურო ანგარიშვალდებული უნდა იყოს მხოლოდ პარლამენტის წინაშე, რაც შემოთავაზებული ცვლილებებით არ არის გათვალისწინებული.
TI-საქართველოს შეფასებით, ანტიკორუფციული ბიუროსთვის მაღალი დონის კორუფციის შემთხვევების გამოძიების უფლებამოსილების გადაცემა ასევე უგულებელყოფილია ინიცირებულ პაკეტში.
„საერთაშორისო გამჭვრივალობა — საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, წარმოდგენილი სახით მხარი არ დაუჭიროს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, მოამზადოს ვენეციის კომისიისა და ევროკომისიის მოთხოვნების შესაბამისი ცვლილებები, რათა ბარიერი არ შეექმნას ევროკავშირთან ინტეგრაციის შემდგომ საფეხურზე გადასვლას.
პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დარეგისტრირდა, რომელიც ანტიკორუფციულ ბიუროს შეეხება.
რა ცვლილება ეხება ანტიკორუფციულ ბიუროს
- ანტიკორუფციული ბიუროს უფროსისთვის დგინდება იმუნიტეტი სისხლისსამართლებრივი დევნის, დაკავების და ჩხრეკის მიმართ, იმავე ხარისხის, რაც აქვთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსებს და აქაც იმუნიტეტის შეჩერების გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი.
- ზუსტდება და ვიწროვდება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლები. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ ძალიან შეზღუდული, ობიექტურად შეფასებადი კრიტერიუმების დროს, სულ რამდენიმე პუნქტია, მაგალითად, როგორიცაა: მოქალაქეობის დაკარგვა, გარდაცვალება, სისხლისსამართლებრივ დანაშაულში დამნაშავედ ცნობა და ა.შ.
- ანტიკორუფციულ ბიუროს ენიჭება უფლებამოსილება, განახორციელოს სპეციალური ადმინისტრაციული წარმოება, როგორიცაა: პირის გამოკითხვა, მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე დაკითხვა, საჯარო დაწესებულებებისგან, ფიზიკური და იურიდიული პირებისგან და სხვა სუბიექტებისგან ინფორმაციის გამოთხოვა.
- ქონებრივ დეკლარაციებთან დაკავშირებით განისაზღვრა პერიოდი, როცა ანტიკორუფციული ბიურო ქონებრივი დეკლარაციების წარდგენის შემდეგ თავად გააკეთებს პირველად შემოწმებას ერთი თვის განმავლობაში და თუკი ხარვეზები აღმოჩნდება, მიუთითებს დეკლარანტს და მისცემს დროს შესასწორებლად.
- ანტიკორუფციულ ბიუროს ენიჭება უფლებამოსილება მამხილებლის სტატუსის მინიჭებისა, ასევე, სამართლებრივი და ფსიქოლოგიური დახმარების გაწევისა. იურიდიული დახმარების სამსახური სამართლებრივ კონსულტაციას გაუწევს მამხილებელს.
- ზუსტდება, რომ ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობა ასევე ექცევა პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონის ქვეშ, რომ დაცული იყოს პერსონალურ მონაცემები.
ანტიკორუფციული ბიურო 2022 წლის ბოლოს შეიქმნა და მას პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნული პირი ხელმძღვანელობს. შედარებისთვის, აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს პარლამენტი ამტკიცებს.
ანტიკორუფციული ბიუროს ფუნქციებში შედის ქონებრივი დეკლარაციების შევსების მონიტორინგი და ასევე პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის შემოწმება.
ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობის გაძლიერება და მაღალი დონის კორუფციის შემთხვევების გადაჭრა ევროკომისიის ერთ-ერთ რეკომენდაციაა. თუმცა ანტიკორუფციულ ბიუროს საგამოძიებო უფლებამოსილება არ აქვს და კორუფციული დანაშაულის გამოძიების ფუნქცია კვლავ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და პროკურატურის ქვეშ რჩება.
19 დეკემბერს ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ მიღებული კანონის შეფასება. შეფასებაში კომისია ხაზს უსვამს, რომ მსგავსი უწყებებისთვის ფუნდამენტურ საჭიროებას წარმოადგენს „დამოუკიდებლობა სტრუქტურული და ოპერაციული ავტონომიის ადეკვატური დონით და ინსტიტუციური და საკანონმდებლო ჩარჩოთი, რომლის მიზანიცაა პოლიტიკური ან სხვა გავლენის პრევენცია“.