პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დარეგისტრირდა, რომელიც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის და ანტიკორუფციულ ბიუროს შეეხება.
საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ დღეს, 26 თებერვალს, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მოამზადეს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წევრებმა ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესასრულებლად შექმნილ სამუშაო ჯგუფში განხილვისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით.
შალვა პაპუაშვილის თქმით, საკანონმდებლო ცვლილებები ბიუროს დღევანდელ სხდომას წარედგინება.
რა ცვლილება ეხება სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურებს
- ორივე სამსახურს მიენიჭება უფლებამოსილება, რომ გარდა წლიური ანგარიშებისა, ნებისმიერ მომენტში შეეძლებათ შეადგინონ და გამოაქვეყნონ სპეციალური ანგარიშები.
- სახალხო დამცველს ენიჭება უფლებამოსილება, საკონკურსო კომისიაში, რომელმაც ამ სამსახურების ხელმძღვანელები უნდა შეარჩიოს, მის მიერ დასანიშნი წევრი არასამთავრობო სექტორიდან კონკურსის გარეშე, პირადად, შეარჩიოს.
- იზრდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის კანდიდატურის შესარჩევი კონკურსის ჩატარების ვადები.
- იზრდება საკონკურსო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების კვორუმი – დამსწრეთა უმრავლესობიდან სრული შემადგენლობის უმრავლესობამდე.
- იზრდება პარლამენტის მიერ ამ ორი სამსახურის უფროსისთვის იმუნიტეტის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების კვორუმი – დამსწრეთა უმრავლესობიდან სრული შემადგენლობის უმრავლესობამდე.
- იზრდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის საგამოძიებო ქვემდებარეობა. მის ქვემდებარეობაში იქნებიან ასევე პროკურორებიც.
რა ცვლილება ეხება ანტიკორუფციულ ბიუროს
- ანტიკორუფციული ბიუროს უფროსისთვის დგინდება იმუნიტეტი სისხლისსამართლებრივი დევნის, დაკავების და ჩხრეკის მიმართ, იმავე ხარისხის, რაც აქვთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსებს და აქაც იმუნიტეტის შეჩერების გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი.
- ზუსტდება და ვიწროვდება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლები. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ ძალიან შეზღუდული, ობიექტურად შეფასებადი კრიტერიუმების დროს, სულ რამდენიმე პუნქტია, მაგალითად, როგორიცაა: მოქალაქეობის დაკარგვა, გარდაცვალება, სისხლისსამართლებრივ დანაშაულში დამნაშავედ ცნობა და ა.შ.
- ანტიკორუფციულ ბიუროს ენიჭება უფლებამოსილება, განახორციელოს სპეციალური ადმინისტრაციული წარმოება, როგორიცაა: პირის გამოკითხვა, მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე დაკითხვა, საჯარო დაწესებულებებისგან, ფიზიკური და იურიდიული პირებისგან და სხვა სუბიექტებისგან ინფორმაციის გამოთხოვა.
- ქონებრივ დეკლარაციებთან დაკავშირებით განისაზღვრა პერიოდი, როცა ანტიკორუფციული ბიურო ქონებრივი დეკლარაციების წარდგენის შემდეგ თავად გააკეთებს პირველად შემოწმებას ერთი თვის განმავლობაში და თუკი ხარვეზები აღმოჩნდება, მიუთითებს დეკლარანტს და მისცემს დროს შესასწორებლად.
- ანტიკორუფციულ ბიუროს ენიჭება უფლებამოსილება მამხილებლის სტატუსის მინიჭებისა, ასევე, სამართლებრივი და ფსიქოლოგიური დახმარების გაწევისა. იურიდიული დახმარების სამსახური სამართლებრივ კონსულტაციას გაუწევს მამხილებელს.
- ზუსტდება, რომ ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობა ასევე ექცევა პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონის ქვეშ, რომ დაცული იყოს პერსონალურ მონაცემები.
ანტიკორუფციული ბიურო 2022 წლის ბოლოს შეიქმნა და მას პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნული პირი ხელმძღვანელობს. შედარებისთვის, აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს პარლამენტი ამტკიცებს.
ანტიკორუფციული ბიუროს ფუნქციებში შედის ქონებრივი დეკლარაციების შევსების მონიტორინგი და ასევე პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის შემოწმება.
ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობის გაძლიერება და მაღალი დონის კორუფციის შემთხვევების გადაჭრა ევროკომისიის ერთ-ერთ რეკომენდაციაა. თუმცა ანტიკორუფციულ ბიუროს საგამოძიებო უფლებამოსილება არ აქვს და კორუფციული დანაშაულის გამოძიების ფუნქცია კვლავ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და პროკურატურის ქვეშ რჩება.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებით, საგამოძიებო უფლებამოსილების მინიჭების გარეშე ანტიკორუფციული ბიურო ვერ შეძლებს მაღალი დონის კორუფციასთან ეფექტურ ბრძოლას, რასაც ევროკომისია ითხოვს.
მათივე შეფასებით, პრობლემურია ასევე ბიუროს ხელმძღვანელის დანიშვნის წესი, რადგან პრემიერ-მინისტრის მიერ ბიუროს ხელმძღვანელის დანიშვნა ვერ უზრუნველყოფს ამ ინსტიტუციის რეალურ დამოუკიდებლობას, რაც აუცილებელი წინაპირობაა მისი ეფექტიანი მუშაობისთვის და ასევე წარმოადგენს ევროკომისიის მოთხოვნას.
19 დეკემბერს ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ მიღებული კანონის შეფასება. შეფასებაში კომისია ხაზს უსვამს, რომ მსგავსი უწყებებისთვის ფუნდამენტურ საჭიროებას წარმოადგენს „დამოუკიდებლობა სტრუქტურული და ოპერაციული ავტონომიის ადეკვატური დონით და ინსტიტუციური და საკანონმდებლო ჩარჩოთი, რომლის მიზანიცაა პოლიტიკური ან სხვა გავლენის პრევენცია“.