უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი ხალხისადმი მიმართვა გამოაქვეყნა. ვიდეო მან ჰოსტომელის აეროპორტიდან ჩაწერა, რომლიდანაც რუსეთს ომის დასაწყისში კიევზე უნდა დაეწყო იერიში.
„ნეტგაზეთი“ ზელენსკის სრული მიმართვის თარგმანს გთავაზობთ:
ახლა ჰოსტომელში ვარ. სწორედ აქედან უნდა დაწყებული „კიევისა და უკრაინის სამ დღეში აღება“. მოკლედ ვიტყვი: ორი წლის წინ ჩვენ აქ ცეცხლს ვუხსნიდით მტრის დესანტს; ორი წლის შემდეგ აქ ვხვდებით ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს.
იტალიის პრემიერი ჯორჯა მელონი, „დიდი შვიდეულის“ ხელმძღვანელი. კანადის პრემიერი ჯასტინ ტრუდო. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი. ევროპულ საბჭოში თავმჯდომარე ქვეყნის, ბელგიის პრემიერი ალექსანდრ კრო. ეს სიმბოლურად აღწერს გზას, რომელიც ორ წელიწადში გავიარეთ. განსხვავებას მაშინდელ და ახლანდელ 24 თებერვალს შორის.
ყოველი უკრაინელი იხსენებს იმ დღეს, ყველას თავისი 24 თებერვალი აქვს, უნიკალური მოგონებები იმ დღეზე. როგორ გაიღვიძე, ვინ მოგწერა პირველმა, „როგორ ხარო“, ვის დაურეკა პირველმა, ვის ჩაეხუტე, რა უთხარი ყველაზე ახლო ხალხს და რაც ყველაზე მთავარია, რა გააკეთე.
მილიონობით განსხვავებული ისტორიაა, მაგრამ ბევრი ერთი რამით ჰგავს ერთმანეთს. არჩევანით, რომელიც გააკეთეს სხვადასხვა ასაკის, პროფესიის უკრაინელებმა. არჩევანი, რომელმაც ხალხი ჯერ სამხედრო კომისარიატის რიგში, შემდეგ კი ფრონტზე, სანგარში გააერთიანა, ქვეყნის დასაცავად. მათ დასაცავად, ვინც ამ ქვეყანაში დარჩენა და მუშაობა გადაწყვიტა. ვინც წავიდა, ვინც შემდეგ დაბრუნდა.
და აი ასეა უკვე ორი წელი. 730 დღით მივუახლოვდით გამარჯვებას. ვიღაც ელის წინასწარმეტყველს, რომელიც გვაუწყებს, როდის დადგება ეს გამარჯვება. მაგრამ, მილიონობით უკრაინელს უბრალოდ ახსოვს კობზარის სიტყვი: „იბრძოლეთ – დაამარცხებთ!“. უკვე 730 დღეა, ამ სიტყვებს თვითგანწირვით და მამაცურად მიჰყვებიან. კაჟდებიან აღმოსავლეთში, სამხრეთში და ჩრდილოეთში, ყველგან, სადაც ჩვენი მეომრები იბრძვიან. წინააღმდეგობას უწევენ ყველა ქალაქსა და სოფელში. დღეს ყველა ჩვენგანი თავისიანებს დაურეკავს, რომ ახლობელი ხმა გაიგონოს და ერთმანეთს ის უსურვოს, რასაც ასე ველით. სამწუხაროდ, დღეს ყველა ჩვენგანს უწევს, ვიღაზას დუმილით მიაგოს პატივი. ერთად ვხრით თავებს. ტკივილის 730 დღეა.
ამავე დროს, გვაქვს იმედის 730 დღე. უზენაესი სამართლის იმედი. ყველას ომის დაწყების სხვადასხვა ისტორია აქვს, მაგრამ უნდა ჰქონდეს ერთადერთი ფინალი, გამარჯვება. ამ ორ წელს რომ იხსენებ, გესმის, რომ სხვანაირად ვერ იქნება. რომ იხსენებ, უკვე რა გავაკეთეთ, ფიქრობ: „ნაღდად შევძლებთ“. შეგვიძლია, გამოგვივა. აქ, ამ ადგილას, უფრო კარგად გებულობ – შეიძლება რკინამ ვერ გაუძლოს, მაგრამ გაუძლებენ უკრაინელები. შეიძლება დაწვა თვითმფრინავი, მაგრამ ვერ გაანადგურებ ოცნებას. ოცნებას, რომლითაც 730 დღეა ყველანი ვიძინებთ და ვიღვიძებთ, ყველა ჩვენი მოქალაქე, უკრაინელები.
ხალხი, რომელმაც სამი დღე გაძლო, არ დაეცა მეოთხე დღეს და მოიპოვა მეხუთე. შემდეგ ერთი თვე, შემდეგ ექვსი, და ახლა – ორი წელი. ბრძოლა თავისუფლებისთვის, რომელსაც გმირულად აწარმოებს გასაოცარი ხალხი, რომელზეც სულ ვამბობ: „დიადი ქვეყნის დიახი ხალხი“.
გასაოცრად ვამაყობ თქვენით, თითოეულით. მწამს თითოეული თქვენგანის. ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს უნდა, რომ ომის დასრულდეს. მაგრამ არავინ მისცემს ვინმეს ნებას, ჩვენი ქვეყანაც დასრულდეს.
სწორედ ამიტომ, ომის დასრულებაზე საუბრისას სულ ვამატებთ: ჩვენი პირობებით. სწორედ ამიტომ, სიტყვა მშვიდობას ყოველთვის თან სდევს სიტყვა სამართლიანი. სწორედ ამიტომ მომავალში სიტყვა უკრაინას ყოველთვის თან დაერთვება დამოუკიდებელი. ვიბრძვით ამისთვის და გავიმარჯვებთ, ჩვენი სიცოცხლის საუკეთესო დღეს.
მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს მეომარს. მადლობა ჩვენს ხალხს. ყველას მსოფლიოში, ვინც ჩვენთან და სიმართლესთან დგას. დიდება უკრაინას!
გაეროს ცნობით, რუსეთის აგრესიას ემსხვერპლა 10 000-ზე მეტი სამოქალაქო პირი.
ორწლიანი ომის შემდეგ, მოსკოვმა მოახერხა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია და 2022 წლის ე.წ. „რეფერენდუმების“ შემდეგ უკრაინის რამდენიმე ოლქი თავის ტერიტორიად გამოაცხადა, თუმცა არაერთი მიმართულებიდან, – მაგალითად, კიევისა და ხარკოვის, – უკან დახევა მოუწია.