ახალი ამბები

გვინდა ვიხილოთ, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მოძრაობს – სტოლტენბერგი

21 თებერვალი, 2024 • 710
გვინდა ვიხილოთ, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მოძრაობს – სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიაზე რუსეთის ნებისმიერი მუქარა მიუღებელია.

ამის შესახებ მან ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იენს სტოლტენბერგმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრად დანიშვნა მიულოცა და აღნიშნა, რომ ნატო საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს.

„ნატო კვლავ მოუწოდებს რუსეთს, გააუქმოს საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიის შესახებ ნებისმიერი მუქარა მიუღებელია.

ამ კვირაში ჩვენ აღვნიშნავთ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეორე წლისთავს უკრაინაში. უკრაინის ავდეევკადან გასვლა აჩვენებს, რომ ბრძოლის ველზე უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა, მაგრამ უკრაინელებმა მოლოდინს კიდევ ერთხელ გადააჭარბეს. ნატო აგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას. მხოლოდ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მოკავშირეებმა გამოაცხადეს მილიარდობით ევროს ღირებულების ახალი სამხედრო დახმარების პაკეტები. მათ შორის საჰაერო თავდაცვისთვის, საარტილერიო საბრძოლო მასალისა და F-16 აღჭურვილობისთვის.

ნატოს პარტნიორები ასევე თამაშობენ მნიშვნელოვან როლს და მივესალმები იმას, რომ საქართველო ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას უწევს და ათასობით უკრაინელ ლტოლვილს მასპინძლობს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხს განიხილავენ.

„დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ ასევე განვიხილავთ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას, რომელსაც ვიცი, რომ საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ მნიშვნელოვან რისკებს უქმნის ნავიგაციის თავისუფლებას. ეს ასევე გავლენას ახდენს სასურსათო უსაფრთხოებაზე მთელ მსოფლიოში. მივესალმები მოკავშირეების ძალისხმევას, რომლებიც მუშაობენ შავი ზღვის განნაღმვაზე, რაც მას უფრო უსაფრთხოს გახდის ნავიგაციისა და კომერციისთვის.

დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ ასევე განვიხილავთ ნატო-საქართველოს პარტნიორობას და მის შემდგომ განვითარებას. მივესალმები მიღწეულ პროგრესს ისეთ სფეროებში, როგორიცაა კრიზისების მართვა, კიბერუსაფრთხოება, სამხედრო ინჟინერია და უსაფრთხო კომუნიკაციები“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

იენს სტოლტენბერგმა საქართველოს ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა და დემოკრატიული რეფორმების გატარების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ალიანსში სურთ, რომ იხილონ საქართველო, რომელიც სწორი მიმართულებით მოძრაობს.

„ახლა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია შიდა რეფორმების გაგრძელება და გაძლიერება და დემოკრატიული ღირებულებების დაცვა. ჩვენ გვინდა ვიხილოთ, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მოძრაობს, მეტი დემოკრატიისა და კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკურ ოჯახში სრულუფლებიანი წევრობისკენ. ნატო გააგრძელებს თქვენ გვერდით დგომას ამ მისწრაფებების შესრულების პროცესში“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნატომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში და თავის მხრივ, ძალისხმევა არც საქართველოს დაუკლია.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მისი პირველი ვიზიტი ბრიუსელში საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის რანგში ადასტურებს, რომ მთავრობისთვის ნატოში ინტეგრაცია მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დინამიური და შინაარსიანი პარტნიორობის და ინტეგრაციის საკითხებზე გვიწევს საუბარი. მომეცით ნება, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და გამოვხატო საქართველოს გულწრფელი მადლიერება ნატოსადმი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის. საქართველო ალიანსის უერთგულესი, ურთიერთთავსებადი პარტნიორია. ჩემი პირველი ვიზიტი ბრიუსელში საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის რანგში იმის ნათელი დადასტურებაა, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს მიმართულება.

ნატომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში, ალიანსთან ჩვენი თავსებადობის გაზრდაში. არც ჩვენ დაგვიკლია ძალისხმევა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ღირებულებები გაგვეთავისებინა, განგვეხორციელებინა ყოვლისმომცველი რეფორმების დღის წესრიგი და წინ წაგვეწია ჩვენი ინტეგრაციის პროცესი, მიუხედავად, შიდა თუ გარე უსაფრთხოების გამოწვევებისა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ახლა ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში რთული პერიოდი და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას.

„საფრთხის ქვეშაა პრინციპი, მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპა. საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია. ამ რთულ დროს მოკავშირეებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა განაგრძოს უპრეცედენტო ერთობისა და მტკიცე ერთგულების დემონსტრირება, წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის და საერთაშორისო სამართლის პრინციპების მიმართ.

კიდევ ერთხელ მომეცით უფლება, რომ გავიმეორო ჩვენი მტკიცე ვალდებულება ნატო-საქართველოს პარტნიორობის მიმართ და გამოვხატო მადლიერება თქვენი მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი