ახალი ამბები

კობახიძის და ბორელის პასუხები „მეორე ფრონტთან“ დაკავშირებულ კითხვებზე

20 თებერვალი, 2024 • 940
კობახიძის და ბორელის პასუხები „მეორე ფრონტთან“ დაკავშირებულ კითხვებზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინისადმი საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერა ძალიან ძლიერია.

ამის შესახებ მან საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით.  კობახიძეს ჰკითხეს, არის თუ არა საქართველო მზად რუსეთის მიმართ ევროკავშირის პოლიტიკა გაიზიაროს, მათ შორის სანქციების დაწესების კუთხით.

„სამწუხაროდ, რამდენიმე განცხადება იყო მეორე ფრონტის შესახებ, რომელიც გაკეთდა უკრაინელი სამთავრობო ოფიციალური პირების მიერ – უსაფრთხოების საბჭოს მდივნისა და პრეზიდენტის მრჩევლის მიერ. ძალიან სამწუხარო იყო, თუმცა ჩვენ უკრაინას მტკიცედ ვუჭერთ მხარს პოლიტიკურად და ძლიერი ჰუმანიტარული დახმარება გვაქვს გაწეული უკრაინისთვის. ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული მეგობრული ურთიერთობები უკრაინელ ხალხთან.

რაც შეეხება სანქციებთან დაკავშირებით ჩვენს პოლიტიკას, ამასთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან მკაფიო პოზიცია გვაქვს. ჩვენ არ ვაწესებთ სანქციებს და ამასთან დაკავშირებით ძალიან ძლიერი არგუმენტები გვაქვს. ამავდროულად, საქართველო არ გამოიყენება სანქციების გვერდის ავლის მიზნით. ეს არის ჩვენი მტკიცე პოლიტიკა, რომელსაც კიდევ უფრო გავაძლიერებთ. ჩვენი პოზიცია ძალიან მტკიცეა და პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინისადმი ძალიან ძლიერია იმ განსაკუთრებული მეგობრობის გამო, რაც საქართველოსა და უკრაინას შორის, ქართველ და უკრაინელ ხალხს შორის არსებობს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეორე ფრონტთან დაკავშირებით ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელსაც. მან ბორელს ჰკითხა, გადასცეს თუ არა მათ ქართველმა პარტნიორებმა ინფორმაცია უკრაინიდან მომავალ საფრთხეზე.

„ჩვენ გვინდა, რომ საქართველოსა და უკრაინას საუკეთესო ურთიერთობები ჰქონდეთ. სხვა შემთხვევაში, ამით მხოლოდ რუსეთი სარგებლობს. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ მივაწოდო ეს გზავნილი უკრაინულ მხარესაც, რომ ჰქონდეთ საუკეთესო ურთიერთობები. რაც შეეხება მეორე ფრონტს, მე ვფიქრობ, ეს გრძელი ამბავია და ამას სერიოზულად არავინ განიხილავს, მე ვერ ვხედავ, რომ ეს მოსალოდნელია უკრაინისგან ან სხვისგან“, – განაცხადა ბორელმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი