ალექსეი ნავალნის მეუღლე, იულია ნავალნაიამ ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა. იგი ამბობს, რომ ქმრის საქმეს გააგრძელებს.
ვიდეომიმართვაში იულია ნავალნაიამ განაცხადა, რომ „განაგრძობს ქვეყნისთვის ბრძოლას“ და მოუწოდა თანამოქალაქეებს, ამ ბრძოლას შეუერთდნენ.
„მთავარია, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, – ალექსეი ნავალნისთვის და ჩვენი თავებისთვის, – ბრძოლის გაგრძელებაა. უფრო მეტი თავდადებით, მეტი სიბრაზით. ვიცი, ისე ჩანს, რომ მეტი შეუძლებელია, მაგრამ საჭიროა. უნდა შევიკრიბოთ, ვიქცეთ ერთ ძლიერ მუშტად და დავარტყათ ამ გაგიჟებულ რეჟიმს. პუტინს, მის მეგობრებს, სამხრეებიან ბანდიტებს, მკვლელებსა და ქურდებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა დაასახიჩრეს
მოგიწოდებთ, გავიზიაროთ არა მარტო უსასრულო ტკივილი და ტანჯვა, რომელმაც მოგვიცვა და არ გვიშვებს. გთხოვთ, გავიზიაროთ ბრაზი. ბრაზი მათ მიმართ, ვინც გაბედა და ჩვენი მომავალი მოკლა“, – ციტირებს მის სიტყვებს „მედუზა“.
იულია ნავალნაიამ აგრეთვე თქვა, რომ იცის, „კონკრეტულად რისთვის მოკლა ალექსეი ვლადიმერ პუტინმა“ და დაამატა, რომ უახლოეს მომავალში მისი გუნდი გაასაჯაროებს ამ მიზეზს.
რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის განცხადებით, ციხეში ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს დაიღუპა.
უწყების ცნობით, „სეირნობისას მან თავი ცუდად იგრძნო და პრაქტიკულად, იმ წამსვე გონება დაკარგა. სასწრაფოს ექიმებმა დაადგინეს მსჯავრდადებულის გარდაცვალება“. მათივე ცნობით, დგინდება ნავალნის გარდაცვალების მიზეზები. მისი ცხედარი ოჯახისთვის ჯერაც არ გადაუციათ.
ალექსეი ნავალნი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იყო. იგი 2000-იანი წლების ბოლოდან მონაწილეობდა პოლიტიკურ ცხოვრებაში და ჰქონდა სხვადასხვა ანტიკორუფციული პროექტი. იყო ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორი და მონაწილეც.
ნავალნისა და მის გუნდს გამოქვეყნებული აქვთ არაერთი გამოძიება რუსი ჩინოვნიკების კორუფციაზე, მათ შორის – ვლადიმერ პუტინისა და დიმიტრი მედვედევის შესახებ.
2018 წელს ნავალნის საპრეზიდენტო არჩევნებში სურდა მონაწილეობა, თუმცა რუსეთის ცესკომ კანდიდატად არ დაარეგისტრირა.
2020 წელს მისი მოწამვლა სცადეს, რის შემდეგაც ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა. მასზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეების მიუხედავად, ნავალნი რუსეთში დაბრუნდა, რის შემდეგაც ციხეში აღმოჩნდა. მალევე, ნავალნის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ და მასთან დაკავშირებული სტრუქტურები ხელისუფლებამ კანონგარეშედ გამოაცხადა.
ციხეში ყოფნისას ნავალნი მუდმივად გადაჰყავდათ „შიზოში“ – საჯარიმო იზოლატორში. 2023 წლის ბოლოს კი რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში არსებულ კოლონიაში გადაიყვანეს.