რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ცნობით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ციხეში დაიღუპა. ამ ფაქტს უკვე ეხმაურებიან სხვადასხვა ქვეყანაში.
ლატვიის პრეზიდენტის, ედგარ რინკევიჩის განცხადებით, ნავალნი რუსეთის ხელისუფლებამ მოკლა.
„რასაც არ უნდა ფიქრობდეთ ალექსეი ნავალნიზე, როგორც პოლიტიკოსზე, იგი სასტიკად მოკლა კრემლმა. ეს ფაქტია და ეს უნდა ვიცოდეთ არსებული რუსული რეჟიმის ჭეშმარიტ ბუნებაზე. ვუსამძიმრებ ოჯახსა და მეგობრებს“, – ციტირებს მის განცხადებას „ბი-ბი-სი“-ს რუსული სამსახური.
ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უნდა დადგინდეს ყველა ფაქტი ნავალნის დაღუპვის ირგვლივ, რუსეთმა კი „სერიოზულ კითხვებს უპასუხოს“. მას „რია ნოვოსტი“ ციტირებს.
ნობელის პრემიის ლაურეატმა, დიმიტრი მურატოვმა განაცხადა, რომ ნავალნი მოკლეს და აღნიშნა, რომ ნავალნის გარდაცვალება ციხის არასათანადო პირობების შედეგია.
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა თქვა, რომ ნავალნიმ რუსეთში დაბრუნების სიმამაცის საფასური თავისი სიცოცხლით გადაიხადა.
ბრიტანეთის პრემიერმა, რიში სუნაკმა განაცხადა, რომ მომხდარი „დიდი ტრაგედიაა“ და სამძიმარი გამოუცხადა ნავალნის მეუღლესა და რუს ხალხს.
შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირი ნავალნის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას რუსეთის ხელისუფლებას აკისრებს.
- „ტრაგედიაა, ვუსამძიმრებ მის ოჯახს“ – ზურაბიშვილი ნავალნის სიკვდილზე
- „ცხადია, რომ ნავალნი პუტინმა მოკლა“ – ზელენსკი
მასალა განახლდება
ალექსეი ნავალნი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსია. იგი 2000-იანი წლების ბოლოდან მონაწილეობდა პოლიტიკურ ცხოვრებაში და ჰქონდა სხვადასხვა ანტიკორუფციული პროექტი. იყო ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორი და მონაწილეც.
ნავალნისა და მის გუნდს გამოქვეყნებული აქვთ არაერთი გამოძიება რუსი ჩინოვნიკების კორუფციაზე, მათ შორის – ვლადიმერ პუტინისა და დიმიტრი მედვედევის შესახებ.
2018 წელს ნავალნის საპრეზიდენტო არჩევნებში სურდა მონაწილეობა, თუმცა რუსეთის ცესკომ კანდიდატად არ დაარეგისტრირა.
2020 წელს მისი მოწამვლა სცადეს, რის შემდეგაც ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა. მასზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეების მიუხედავად, ნავალნი რუსეთში დაბრუნდა, რის შემდეგაც ციხეში აღმოჩნდა. მალევე, ნავალნის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ და მასთან დაკავშირებული სტრუქტურები ხელისუფლებამ კანონგარეშედ გამოაცხადა.
ციხეში ყოფნისას ნავალნი მუდმივად გადაჰყავთად „შიზო“-ში – საჯარიმო იზოლატორში. 2023 წლის ბოლოს კი რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში არსებულ კოლონიაში გადაიყვანეს.