ახალი ამბები

„ტრაგედიაა, ვუსამძიმრებ მის ოჯახს“ – ზურაბიშვილი ნავალნის სიკვდილზე

16 თებერვალი, 2024 •
„ტრაგედიაა, ვუსამძიმრებ მის ოჯახს“ – ზურაბიშვილი ნავალნის სიკვდილზე

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.

X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“) გამოქვეყნებულ განცხადებაში ზურაბიშვილი წერს:

„ალექსეი ნავალნის გარდაცვალება ტრაგედიაა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა მცველთათვის. ვუსამძიმრებ ოჯახს და რუსეთში მყოფ იმ ადამიანებს, ვინც აგრძელებს მის ბრძოლას დემოკრატიისთვის“.


რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის („ფსინ“)  განცხადებით, ციხეში ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დაიღუპა.

უწყების ცნობით: „სეირნობისას მან თავი ცუდად იგრძნო და პრაქტიკულად იმწამსვე გონება დაკარგა. სასწრაფოს ექიმებმა დაადგინეს მსჯავრდებულის გარდაცვალება“. უწყების ცნობით, დგინდება ნავალნის გარდაცვალების მიზეზები.

ალექსეი ნავალნი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსია. იგი 2000-იანი წლების ბოლოდან მონაწილეობდა პოლიტიკურ ცხოვრებაში და ჰქონდა სხვადასხვა ანტიკორუფციული პროექტი. იყო ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორი და მონაწილეც.

ნავალნისა და მის გუნდს გამოქვეყნებული აქვთ არაერთი გამოძიება რუსი ჩინოვნიკების კორუფციაზე, მათ შორის – ვლადიმერ პუტინისა და დიმიტრი მედვედევის შესახებ.

2018 წელს ნავალნის საპრეზიდენტო არჩევნებში სურდა მონაწილეობა, თუმცა რუსეთის ცესკომ კანდიდატად არ დაარეგისტრირა.

2020 წელს მისი მოწამვლა სცადეს, რის შემდეგაც ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა. მასზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეების მიუხედავად, ნავალნი რუსეთში დაბრუნდა, რის შემდეგაც ციხეში აღმოჩნდა. მალევე, ნავალნის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ და მასთან დაკავშირებული სტრუქტურები ხელისუფლებამ კანონგარეშედ გამოაცხადა.

ციხეში ყოფნისას ნავალნი მუდმივად გადაჰყავთად „შიზო“-ში – საჯარიმო იზოლატორში. 2023 წლის ბოლოს კი რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში არსებულ კოლონიაში გადაიყვანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი