დეკანოზი გიორგი მამალაძე ციანიდის საქმის არსებითად შემსწავლელი კომისიის შექმნას მოითხოვს.
მისი თქმით, სიბინძურის დამკვეთები, რომელთა ნაწილიც, სამწუხაროდ, დღემდე რჩება საპატრიარქოს ადმინისტრაციაში, კომისიის შექმნას აფერხებენ. თუმცა, როგორც დეკანოზი მამალაძე აცხადებს, კომისია უნდა შეიქმნას და მისი თითოეული სხდომა ღია უნდა იყოს.
„დღეს, როცა სარკეში მიწევს ჩახედვა, ეტლში მჯდომ პარალიზებულ, აღარცთუ ისე ახალგაზრდა მამაკაცს ვუყურებ, რომელიც პრინციპში აღარც ჰგავს ჩემს თავს.
ბევრი ბუნდოვანებაა დღეს ჩემს თვალსაწიერში, უამრავი კითხვის ნიშანი, და “მაგრამ”, თუმცა ,როგორც ჩანს, დიდი განსაცდელი პიროვნების ღირებულებათა სისტემაში აყალიბებს რკინა-ბეტონივით მყარ პოზიციებს, ამიტომ დღეს, ე.წ. “ციანიდის საქმის” 8 წლის თავზე, უკვე საპყრობილის მიღმა მყოფი ღიად მოვითხოვ 2017 წლის 11 ოქტომბრის სინოდის გადაწყვეტილების აღსრულებას – შეიქმას ე.წ. „ციანიდის საქმის“ არსებითად შემსწავლელი კომისია (უმჯობესი კი საეკლესიო სასამართლოს აღდგენაა), თუმცა ამ სიბინძურის დამკვეთები, რომელთა ნაწილიც, სამწუხაროდ, დღემდე რჩება საპატრიარქოს ადმინისტრაციაში, ყველაფერს აკეთებენ, რათა ამ კომისიამ (მიუხედავად იმისა, რომ არც არაფერს შეისწავლის) არ დაიწყოს ფუნქციონირება, რაც უკიდეგანო შიშის ფაქტორიდანაა გამოწვეული, რადგან მიმაჩნია, რომ თითოეული სხდომა ღია უნდა იყოს“, – წერს დეკანოზი Facebook-ზე.
მოგვიანებით პროკურატურამ განმარტა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე აპირებდა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას.
2017 წლის 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.
მამალაძე თავდაპირველად ბრალდებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე (მკვლელობის მომზადება) და 236-ე მუხლებით (ცეცხლასასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე. მოგვიანებით, პროკურატურამ მამალაძეს ბრალი დაუმძიმა, კერძოდ, სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინა ბრალდება (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
საბოლოოდ სასამართლომ ისევ გადააკვალიფიცირა მუხლი 18-108-ზე და სწორედ მკვლელობის მომზადებაში ცნო დეკანოზი დამნაშავედ.
თავად დეკანოზი მამალაძე ბრალს არ აღიარებს, მისი თქმით, ციანიდის ყიდვა თავად შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა.
დეკანოზ მამალაძის საქმის სასამართლო განხილვა დახურული იყო, ასევე, ადვოკატებს გაუთქმელობის ხელწერილზე აქვთ ხელი მოწერილი, რის გამოც საზოგადოებისთვის უცნობია საქმის მასალები.