ახალი ამბები

მეუფე დიმიტრი: დეკანოზი გარკვეულწილად დამნაშავეა, მაგრამ ციანიდზე ბევრი შეკითხვაა

5 სექტემბერი, 2017 • 4090
მეუფე დიმიტრი: დეკანოზი გარკვეულწილად დამნაშავეა, მაგრამ ციანიდზე ბევრი შეკითხვაა

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი მიიჩნევს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე გარკვეულწილად დამნაშავეა, მაგრამ ციანიდის შეძენასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი შეკითხვა არსებობს პროკურატურის მიმართ. ამის შესახებ მიტროპოლიტმა ბათუმში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

“ბევრი კითხვაა, რომელსაც პროკურატურამ პასუხები ვერ გასცა. “ციანიდის საქმე” არის აბსოლუტურად ბურუსით მოცული და აბსოლუტურად გაუგებარი. მართალი გითხრათ, გამიმყარდა ეჭვები იმის თაობაზე, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს საერთოდ ციანიდი არც ჰქონდა ნაყიდი. რატომ გამიმყარდა? პროკურატურას რომ ეს ფაქტები ჰქონოდა, ამას არ დამალავდა. მეც რამდენჯერმე შევახსენე პროკურორებს, რომ უნდა აჩვენოთ საზოგადოებას, თუ ყიდულობს ციანიდს იმიტომ, რომ უამრავი დეტალი გაქვთ გადაღებული; ათეულობით საათია ჩაწერილი იმ ირაკლი მამალაძისგან, თავიდან მოყვარულის, ხოლო შემდეგ პროფესიულ დონეზე, როცა უკვე პროკურატურა ჩაერთო. ეს ფაქტები ვერ წარმოაჩინა პროკურატურამ,” – აცხადებს მიტროპოლიტი დიმიტრი.

მისი თქმით, სასამართლომ გადაწყვეტილება მეტად მნიშვნელოვანი ფაქტის გარეშე მიიღო. როგორც მიტროპოლიტი აღნიშნავს, პროკურატურა ძალიან ელემენტარულ დეტალებს ასაჯაროებდა და მას რომ ციანიდის ყიდვის ფაქტი ჰქონოდა, ამას ნამდვილად გამოიტანდა სააშკარაოზე.

“მართალი გითხრათ, ჯერ კიდევ გერმანიაში მივიღე სულ სხვა ვერსია, თუ როგორ ჰქონდა შენახული დეკანოზ გიორგი მამალაძეს ციანიდი. პირველი ვერსია იყო, რომ ფეხსაცმელების საწმენდში ჰქონდა, მეორე იყო ჰიგიენურ ჭურჭელში, რაც უკვე საბოლოოდ გამყარდა. სულ პირველი ვერსია, რაც შევიტყვე პირველივე დღეს, იყო ის, რომ ქარხნულად ჰქონდა ციანიდი ჩაკერებული ჩანთაში,” – ამბობს მიტროპოლიტი.

მიტროპოლიტ დიმიტრის თქმით, ბრალდების მხარის მიმართ მისი კითხვები არ ნიშნავს იმას, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე უცოდველია:

“ამას ვერ ვიტყვი. გარდა იმ ლექსიკისა, რასაც ვისმენდი ფარულ ჩანაწერში, ვუყურებდი ადამიანს, რომელიც ძალიან სამარცხვინოდ მეტყველებს. გარდა ამისა, ის საუბრობს რაღაც დოზაზე, რაღაც განეიტრალებაზე – ტკბილი ანეიტრალებს თუ არ ანეიტრალებს. მართალი გითხრათ, ის, რომ არ აქვს პროკურატურას ციანიდის ყიდვის ფაქტები, ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, როგორც მღვდელმთავრისათვის. დეკანოზი გიორგი მამალაძე გარკვეულწილად დამნაშავეა, მაგრამ ციანიდთან დაკავშირებით, როგორც გითხარით, ძალიან ბევრი შეკითხვა არსებობს.”

დღეს, 5 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ე.წ. ციანიდის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა და დეკანოზ გიორგი მამალაძეს ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე საქართველოს პროკურატურამ 10 თებერვალს დააკავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, როდესაც ის ბერლინში მიემგზავრებოდა, სადაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, ილია მეორეს ოპერაცია უტარდებოდა. პროკურატურის ცნობით, დეკანოზის ბარგის ჩხრეკისას ამოიღეს ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება -„ნატრიუმის ციანიდი“.

პორკურატურის ცნობით, ამ საქმეზე გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს დაიწყო ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მიმართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.

მოგვიანებით პროკურატურამ განმარტა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე აპირებდა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას.

2017 წლის 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

მამალაძე თავდაპირველად ბრალდებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე (მკვლელობის მომზადება) და 236-ე მუხლებით (ცეცხლასასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე. მოგვიანებით, პროკურატურამ მამალაძეს ბრალი დაუმძიმა, კერძოდ, სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინა ბრალდება (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

საბოლოოდ სასამართლომ ისევ გადააკვალიფიცირა მუხლი 18-108-ზე და სწორედ მკვლელობის მომზადებაში ცნო დეკანოზი დამნაშავედ.

თავად დეკანოზი მამალაძე ბრალს არ აღიარებს, მისი თქმით, ციანიდის ყიდვა თავად შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა.

დეკანოზ მამალაძის საქმის სასამართლო განხილვა დახურული იყო, ასევე, ადვოკატებს გაუთქმელობის ხელწერილზე აქვთ ხელი მოწერილი, რის გამოც საზოგადოებისთვის უცნობია საქმის მასალები.

დღევანდელ სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა თავად დეკანოზი გიორგი მამალაძე, მან თავად განაცხადა პროცესზე დასწრებაზე უარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი