ახალი ამბები

კიევის ცნობით, ჩაძირეს რუსული სამხედრო გემი, რომელიც 2008 წლის ომშიც მონაწილეობდა

14 თებერვალი, 2024 • 1391
კიევის ცნობით, ჩაძირეს რუსული სამხედრო გემი, რომელიც 2008 წლის ომშიც მონაწილეობდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ რუსული სადესანტო გემი “ცეზარ კუნიკოვი” 14 თებერვლის დილას ჩაიძირა.

გენერალური შტაბის განცხადებით, ეს იყო უკრაინის სამხედრო დაზვერვისა და შეიარაღებული ძალების ერთობლივი ოპერაცია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს  ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია ამ ცნობების შესახებ, თუმცა 14 თებერვლის დილას განაცხადეს, რომ ღამით უკრაინის ცხრა დრონი ჩამოაგდეს, მათ შორის ოთხი – შავი ზღვის თავზე. შემდეგ ადგილობრივმა ტელეგრამ არხებმა გაავრცელეს ვიდეო, სადაც ჩანს ვერტმფრენი, რომლითაც წყალთან, სავარაუდოდ, რაღაცას ეძებდნენ.

უკრაინული მხარის თანახმად, შეტევა განხორციელდა ყირიმის ქალაქ ალუპკაში და გემის ჩასაძირად გამოიყენეს Magura V5 ზღვის დრონები.

ცეზარ კუნიკოვი 2015 წელს სტამბულში © EPA/SEDAT SUNA

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ეს არის რიგით მეოთხე რუსული სადესანტო ხომალდი შავი ზღვის ფლოტიდან, რომელიც ჩაიძირა 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ. მათ შორის იყო რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი, კრეისერი “მოსკვა” და სარაკეტო თავდასხმა ოკუპირებული ყირიმის ფლოტის შტაბ-ბინაზე, რომლის შედეგადაც 30 ოფიცერი დაიღუპა.

“ცეზარ კუნიკოვი” 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ ომშიც მონაწილეობდა.


იმ ფონზე, რომ უკრაინის მიერ ზაფხულში დაწყებულმა კონტრიერიშმა დასახულ სახმელეთო ამოცანებს ვერ მიაღწია,  ექსპერტები საუბრობენ კიევის წარმატების შესახებ სხვა ფრონტზე, რომელსაც შედარებით ნაკლები ყურადღება ექცევა.

იელის უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი ტიმოთი სნაიდერი ამბობს, რომ ეს ფრონტი შავი ზღვაა, სადაც უკრაინამ, „ყველას გასაკვირად“, შეაკავა რუსეთის შავი ზღვის ფლოტი და უფრო მეტიც – მოსკოვის თანხმობის გარეშე მაინც განაგრძო „მარცვლეულის შეთანხმება“ და ხორბლის ექსპორტი.

ამ კუთხით უკრაინის წარმატებაზე საუბრობენ როგორც ქართველი, ისევე უცხოელი ანალიტიკოსები.

როგორ მოახერხა უკრაინამ, – ქვეყანამ, ფაქტობრივად, სამხედრო ფლოტის გარეშე, – რუსული ფლოტისთვის, სულ მცირე, მოქმედების არეალის შეზღუდვა – წაიკითხეთ „ნეტგაზეთის“ სტატიაში.

უკრაინის წარმატება რუსეთთან მოულოდნელ ფრონტზე

მასალების გადაბეჭდვის წესი