ახალი ამბები

„იშვიათი პოლიტიკური კრიზისი“ ორბანის ხელისუფლებაში — გადადგნენ პრეზიდენტი და იუსტიციის მინისტრი

14 თებერვალი, 2024 • 845
„იშვიათი პოლიტიკური კრიზისი“ ორბანის ხელისუფლებაში — გადადგნენ პრეზიდენტი და იუსტიციის მინისტრი

უნგრეთის პრეზიდენტი კატალინ ნოვაკი და იუსტიციის მინისტრი, იუდიტ ვარგა თანამდებობებიდან გადადგნენ.

„ბი-ბი-სის“ შეფასებით, მათი გადადგომა და მომხდარით გამოწვეული პროტესტები გახდა „ყველაზე დიდი საფრთხე ვიქტორ ორბანის მმართველობისთვის“ მას შემდეგ, რაც 2010 წელს მეორედ დაიკავა პრემიერ-მინისტრის პოსტი. Associated Press აღნიშნავს, რომ ორბანი „იშვიათი პოლიტიკური კრიზისის“ წინაშე დგას.

რა მოხდა?

პრეზიდენტმა და იუსტიციის მინისტრმა გადადგომა სკანდალური შეწყალების გამო გადაწყვიტეს. წინა წელს, რომის პაპის, ფრანცისკეს უნგრეთში ვიზიტის დროს, პრეზიდენტმა ნოვაკმა 25 ადამიანი შეიწყალა, თუმცა ერთ-ერთი მათგანის, ენდე კ.-ს შეწყალება საჯაროდ ცნობილი მხოლოდ 2 თებერვალს გახდა.

ენდე კ. ბავშვთა სახლის დირექტორის ყოფილი მოადგილე იყო. ბრალდების მხარის განცხადებით, მან დაარწმუნა ბავშვები, უკან წაეღოთ თავიანთი ჩვენებები ბავშვთა სახლის დირექტორის მიერ მათ მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის შესახებ. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო.

მოქალაქეთა უკმაყოფილების შემდეგ პრეზიდენტმა ნოვაკმა, — რომელიც პრეზიდენტობამდე ოჯახის საქმეთა მინისტრი იყო და საჯარო იმიჯი სწორედ ტრადიციულ, ოჯახზე ორიენტირებულ პოლიტიკოსობაზე ჰქონდა აგებული, – განაცხადა, რომ „შეცდომა დაუშვა“ და პოსტიც დატოვა.

იუსტიციის მინისტრმა იუდიტ ვარგამ, რომელიც ამ წლის ევროპარლამენტის არჩევნებზე ორბანის პარტიის, „ფიდესის“ პირველი ნომერი უნდა ყოფილიყო, აგრეთვე დატოვა თანამდებობა, ვინაიდან ენდე კ.-ს შეწყალებას მანაც აუნთო მწვანე შუქი.

„ეს საკითხი გახდა საკმაოდ პრობლემური მთავრობისთვის, რომელმაც ბავშთა და ტრადიციული ოჯახური ღირებულებების დაცვა თავისი პოლიტიკის ქვაკუთხედად აქცია“, – აღნიშნავს „ბი-ბი-სი“.

„ორბანის პოლიტიკური თავის ტკივილი“

ენდე კ.-ს შეწყალებით საზოგადოებრივი უკმაყოფილება ნოვაკისა და ვარგას გადადგომას არ დაუსრულებია. უფრო მეტიც, ამას დაემატა უკვე ყოფილი იუსტიციის მინისტრის ყოფილი მეუღლის, პეტერ მაგიარის განცხადებები. მიმდინარე მოვლენებს „გარდიანი“ ორბანისთვის „პოლიტიკურ თავის ტკივილად“ აფასებს.

მედია მას ასახელებს „ფიდესში“ საკმაო კავშირების მქონე პირად. მაგიარმა დაწერა, რომ ტოვებდა სახელმწიფო კომპანიებში დატოვებულ თანამდებობებს: „ერთი წუთითაც აღარ მინდა ვიყო იმ სისტემის ნაწილი, სადაც რეალური დამნაშაავები ქალთა ქვედა ბოლოს უკან იმალებიან“. მეორე დღეს მან ოპოზიციურ იუთუბ-არხს ინტერვიუც მისცა და ორბანისა და მისი გარემოცვის კრიტიკა დაიწყო.

უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, „დემოკრატიული კოალიციის“ ლიდერი და ყოფილი პრემიერი მიიჩნევს, რომ ნოვაკისა და ვარგას გადადგომა საკმარისი არაა.

ოპოზიციური პარტიები ითხოვენ გამოძიებას, თუ როგორ მოხდა შეწყალება, აგრეთვე, როგორ იმართება სახელმწიფო. მათივე მოთხოვნაა, ამიერიდან პრეზიდენტი არა პარლამენტმა, არამედ ხალხმა აირჩიოს. ასევე, პარასკევს, 16 თებერვალს, ბუდაპეშტში ორბანის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. თავად პრემიერი ამ ეტაპზე დუმს.

დანიელ ჰეგედუსი, გერმანიის მარშალის ფონდის ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ნოვაკისა და ვარგას გადადგომამ გაყო ორბანის მხარდამჭერები, რომელთა ნაწილიც ფიქრობს, რომ ისინი მსხვერპლად შეწირეს ორბანის სკანდალისგან დისტანცირებისთვის.

„[გადადგომები] ეწინააღმდეგება ორბანის რეჟიმში ჩაშენებულ ერთგულების პოლიტიკას. მათ დაყოფა შეაქვთ “ფიდესის” ბირთვულ ელექტორატის რიგებში, თუ რამდენად მართებული იყო მათი შეწირვა“, – ეუბნება იგი AP-ს.

მასალების გადაბეჭდვის წესი